Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მაისი 2020 18:37

ექიმი, რომელიც პანდემიის დროს პაციენტებს სახლში აკითხავდა და ყოველდღე 3 კმ-ს გადიოდა

Written by
Rate this item
(0 votes)

36 წლის ნინო თვაური 3 წელია ნიქოზის ამბულატორიაში მუშაობს, თავად კი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხვითში ცხოვრობს. საგანგებო მდგომარეობის დროს, ის სამედიცინო მომსახურებას ამბულატორიაში მისულ პაციენტებსაც უწევდა. მათ, ვისაც იქ მისვლა არ შეეძლო, ნინო სახლში აკითხავდა. ამბობს, რომ სახლიდან ამბულატორიამდე 3 კმ მანძილს ყოველდღიურად ფეხით გადიოდა.

 

„გახსოვთ ალბათ ამ თვითიზოლაციის პერიოდში როგორი ცუდი ამინდი იყო, მიუხედავად ამისა, პაციენტებს სახლში ვაკითხავდი, ყველა საჭირო წესის დაცვით და ვუტოვებდი ჩემი მობილურის ნომერს, რომ დაერეკათ ნებისმიერ დროს, როცა დახმარება დაჭირდებოდათ. ვუცვლიდი, წნევას და სიცხეს ვუზომავდი. საჭირო მედიკამენტებს ვაწვდიდი", - ამბობს ნინო თვაური.

 

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც გორის მუნიციპალტეტში და ნიქოზთან ახლოს მდებარე სოფელ თერგვისში მცხოვრებ, გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას covid19 დაუდასტურდა მოსახლეობა უფრო დაიძაბა. ნინო თვაური ამბობს, რომ ხშირად საკუთარ განცდებზე ვეღარ ფიქრობდა და აღელვებული ადამიანების დამშვიდებას რეკომენდაციების დაცვისკენ მითითებით ამშვიდებდა.

 

„მახსოვს ერთ დღეს ახალგაზრდა ქალთან ვიყავი, რომელიც ძალიან გაჭირვებული იყო და თანაც მძიმე მდგომარეობაში. ახალი ნამშობიარები იყო და ბავშვს ძუძუს ვერ აჭმევდა, მკერდის პრობლემა ჰქონდა, გარეთ ვერ გადიოდა რადგან კომენდანტის საათი იყო, გვაცნობეს მის შესახებ და მივედი. რაც შემეძლო დახმარება აღმოვუჩინე და ლაქტაციისთვის დამახასიათებელი შესაბამისი რჩევებიც მივეცი“, - ამბობს ნინო თვაური.

 

ნინო თვაური ახლა ნიქოზის ამბულატორიაში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამბობს, რომ კრიზისული პერიოდები ყველა პროფესიის ადამიანს საკუთარი როლის შესახებ აფიქრებს და იმის გაცნობიერებისკენ უბიძგებს, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამა თუ იმ სფეროში მუშაობა გადაწყვიტა.

 

პანდემიის შედეგად არსებულმა გამოწვევებმა ხვითელი ექიმს უფრო მეტი გამოცდილება და პასუხსისმგებლობა შესძინა.

Read 598 times Last modified on ორშაბათი, 25 მაისი 2020 18:57