Back to Top
სამშაბათი, 26 მაისი 2020 14:04

ანა სოლოღაშვილი - პირველი გორელი ქალი, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტზე იმუშავა

ანა (ოლა ) სოლოღაშვილი 1882 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა.

 

ის იყო საქართველოს დამფუძვნებელი კრების წევრი და მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წელს, რომლითაც საქართველო გახდა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ ფორმად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

 

აქტის მიხედვით, საქართველო საერთაშორისო ომიანობაში აცხადებდა ნეიტრალიტეტს. მას სურდა საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილების დამყარება, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა. იგი განვითარების თავისუფალ ასპარეზს უხსნიდა მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს გაუძღვებოდა ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნებოდა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელი იქნებოდა საბჭოს წინაშე.

 

ანა 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო. 1919 წელს ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, სოციალ-დემოკრატების სიით. ანა ასევე საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი იყო.

 

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ის ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება. 1925 წლიდან კი პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო.

 

1937 წელს, შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ ანა დააპატიმრა. ამავე წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და „შოვინისტური“ განწყობების, ასევე „მენშევიკთა“ ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს უმაღლესი სასჯელი - დახვრეტა - მიუსაჯა.

ანა (ოლა) სოლოღაშვილი 1937 წელს დახვრიტეს.