Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 27 მაისი 2020 12:37

მანანა არაბაშვილი - პედაგოგი, რომელმაც პანდემიის დროს ოჯახებს საკვები დაურიგა

Written by
Rate this item
(0 votes)

შინდისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი მანანა არაბაშვილის ოჯახი, სააღდგომოდ, სოფელში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტით დაეხმარა.

 

მანანამ მოქალაქეების დახმარების სურვილი პირველად საკუთარ მეუღლეს გაუზიარა. 


“სახლში ოჯახურ გარემოში ვსაუბრობდით, ვამბობდი რომ აღდგომა მოდის და ალბათ რამდენი ოჯახია გაჭირვებული მეთქი, ჩემი მეუღლე პერიოდულად ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს და ამ საუბრის დროსაც გამოთქვა სურვილი, რომ შეეძლო დამატებით კიდევ 10-15 ოჯახის დახმარება“, - თქვა მანანა არაბაშვილმა.

 

პედაგოგმა შეჭირვებულ ოჯახებზე ინფორმაცია სკოლის დირექტორს სთხოვა. ამის შემდეგ სააღდგომო ნობათი გაამზადა და ოჯახებში დირექტორთან ერთად დაარიგა.


“კლასებში კი შევდივარ, მაგრამ ყველა ბავშვის მდგომარეობა არ ვიცი. ამიტომ დირექტორს მივმართე, რომ დამხმარებოდა შეჭირვებული ოჯახების მოძიებაში. დირექტორი გვერდში დამიდგა ამ წამოწყებაში. გავამზადე სააღდგომო ნობათი და სკოლის დირექტორთან ერთად, დავარიგე პროდუქტი. ძალიან გამაბედნიერა ამ ბავშვების აღფრთოვანებულმა თვალებმა, ეს ემოცია ძალიან დიდხანს გამყვება“, - ამბობს მასწავლებელი.

 

 

არაბაშვილი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ერთიანობა და ერთმანეთზე ზრუნვა ასწავლა ხალხს.


“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდში დგომას. ჩვენმა სოფელმა უფრო მძაფრად იგრძნო 2008 წლის ომის სიმძიმე, ახლა რომ ვიქრობ, ომის დროს ყველა ვიყავით თვითგადარჩენის ინსტინქტით შეპყრობილი. ამ პანდემიამ კი სხვანაირად გაგვაერთიანა, ვფიქრობთ ერთმანეთზე, ვინმეს ხომ არ უჭირს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ დავუდგეთ გვერდში. პანდემიამ დაგვანახა ჩვენი როლი სხვის ცხოვრებაში - როგორ შეგვიძლია გავყოთ ლუკმა და გავუნაწილოთ სხვას. მე იმხელა ემოცია მივიღე ამ ქველმოქმედებით, რომ შემდეგშიც აუცილებლად გავაგრძელებ ქველმოქმედებას, თუნდაც წელიწადში ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე“.

 

პედაგოგი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმარონ სხვებს. 


“სულ არ მინდოდა ამაზე დაწერილიყო და ამხელა გამოხმაურება მოჰყოლოდა. ჩემი მიზანი ეს არ ყოფილა, მაგრამ თუკი ჩემ მიერ გაკეთებულ საქმეს მიმბაძველი გამოუჩნდება, ეს მხოლოდ გამახარებს. სიკეთე გადამდებია. მე ვთხოვ ადამიანებს, მოვუწოდებ საზოგადოებას დამიდგნენ გვერდში, და ვაკეთოთ კეთილი საქმე. ამ ქველმოქმედებამ მიიღოს პერმანენტული ხასიათი და არ იყოს ერთჯერადი. მე ახლოდან ვნახე ოჯახები, რომლებსაც ჩვენი მზრუნველობა და დახმარება მუდმივად სჭირდებათ“, - ამბობს მანანა არაბაშვილი.

 

მანანა არაბაშვილი სოფელ შინდისში დაიბადა და გაიზარდა, 1988 წლიდან კი საკუთარ სოფელში ბიოლოგიის მასწავლებელია.

Read 641 times Last modified on ოთხშაბათი, 27 მაისი 2020 13:19