Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 31 მაისი 2020 14:25

გორელი მასწავლებლები, ყოველთვიურად, ხელფასის ნაწილით გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებიან

Written by
Rate this item
(0 votes)

გორის #8 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნეს მცირე ფონდი, რომლითაც გაჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტით ეხმარებიან. პედაგოგები ფონდში თანხას ყოველთვიურად ხელფასიდან რიცხავენ. 

 

"სიკეთის ნობათი" - ასე ჰქვია ქველმოქმედებას, რომელსაც სკოლის პედაგოგებმა კარანტინის პერიოდში დაიწყეს. მასწავლებლებს მოქალაქეთა დახმარების იდეა ონლაინ შეხვედრის დროს გაუჩნდათ.


“მარტის ბოლო კვირა იყო და ონლაინ ჩართვა გავაკეთეთ სკოლის თანამშრომლებთან. ძალიან ბევრმა თქვა, რომ რაღაც ფორმით უნდოდათ დახმარებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეების ოჯახებს, რომლებიც მოუმზადებლები შეხვდნენ ამ კრიზისულ მდგომარეობას. ჩვენ ხელფასი მაინც გვაქვს და რამდენი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშეო, გამოხატავდნენ გულისტკივილს. ამ საუბარში გაჩნდა სწორედ იდეა, რომ სანამ საგანგებო მდგომარეობა იქნებოდა, ყოველი თვის ანაზღაურებიდან შეგვეგროვებინა მცირე ფონდი და საკვები პროდუქტებით დავხმარებოდით ჩვენი მოსწავლეების ოჯახებს“, - ამბობს ნანა ედიშერაშვილი.

 

  

სკოლის დირექტორის თქმით, ისინი ძირითადად მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ.  


“ჩვენ დავეხმარეთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მათ ოჯახებს. პრიორიტეტი მივანიჭეთ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე იმ ოჯახები, რომლის წევრებიც უმუშევრები დარჩნენ ამ პერიოდში. კლასის ხელმძღვანელებმა გააკეთეს მოკვლევა, თუ რომელი ოჯახები აღმოჩდნენ განსაკუთრებით პრობლემურ მდგომარეობაში. შემდეგ სკოლის ონლაინ ჩართვებზე ერთად განვიხილავდით, თუ რომელ ოჯახებს დავხმარებოდით. ძალიან ბევრი ოჯახი, მიუხედავად კრიზისისა, მაინც არ გვიმხელდა თავის პრობლემებს, მასწავლებლებთან აღიარება ერიდებოდათ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავიცავით კონფიდენციალობა“, - თქვა ნანა ედიშერაშვილმა. 

 

სკოლაში შექმნილი ფონდი ორი თვის განმავლობაში 23 ოჯახს დაეხმარა.


"სკოლის ყველა მასწავლებელი ერთხმად ჩაერთო. ფონდისთვის შექმნილ ანგარიშზე რიცხავდნენ შემოწირულობებს. ხუთ დღეში შეგროვდა იმდენი, რომ შევძელით 10 ოჯახს დავხმარებოდით. აპრილის ბოლოს კიდევ შევაგროვეთ ჩვენი შემოწირულობა და 13 ოჯახს დავეხმარეთ. მაისის შემოწირულობა შეგროვების პროცესშია და კიდევ შევძლებთ დახმარებას. საგანგებო მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოვდივართ და თუ სრულად ამუშავდება კომერციული დაწესებულებები, ბაზრობები, სახელობო მომსახურებები, ჩვენც სადღაც გავჩერდებით", - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

 

ნანა ედიშერაშვილი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მოქალაქეებს ერთმანეთზე რუნვა ასწავლა. 


“კორონავირუსის პანდემიამ ბევრ პრობლემასთან ერთად, ბევრი კარგიც მოიტანა. ადამიანებს ასწავლა ერთმანეთზე ზრუნვა, პასუხისმგებლობა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თქვენთან ვაზიარებთ ამ ყველაფერს არის ის, რომ ჩვენი მცირე წვლილი შეიძლება სხვა ადამიანებისთვის გაცილებით დიდი შთაგონების წყაროდ იქცეს და კიდევ მეტი ადამიანი ჩაერთოს ქველმოქმედებაში“, - ამბობს ედიშერაშვილი.

 

გორის მერვე საჯარო სკოლა, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პანდემიის დროს მსგავსი საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო.

Read 551 times Last modified on კვირა, 31 მაისი 2020 14:46