Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 02 ივნისი 2020 16:25

ნიკა გაბლიშვილი - ჟურნალისტი, რომლის იდეით გორში 80-მდე ოჯახს დაეხმარნენ

Written by
Rate this item
(0 votes)

კორონავირუსის პანდემიის დროს, გორში ახალგაზრდებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და გაჭირვებული ოჯახების დახმარება დაიწყეს. 

 

"გავერთიანდეთ მოხუცების დასახმარებლად" - ახალგაზრდებმა ასე დაარქვეს ჯგუფს სოციალურ ქსელში, სადაც დასახმარებელი ოჯახების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ და ამ გზით, მსურველების შემოწირულობებს აგროვებდნენ. 

 

იდეის ავტორი ჟურნალისტი ნიკა გაბლიშვილი იყო, რომელმაც სოციალურ ქსელში აღნიშნული ჯგუფი შექმნა, მოიწვია მეგობრები, განათავსა პოსტი და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.

 

“სამიზნე ჯგუფად მოხუცები ავირჩიეთ, რადგან მათ აეკრძალათ სახლიდან გასვლა. წარმოვიდგინეთ, რომ მოხუცებს, რომლებიც მარტო არიან და დამხმარე არ ჰყავთ, რა ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ამიტომ მათ გასაძლიერებლად აუცილებლად უნდა გავერთიანებულიყავით. თავდაპირველად შევქმენით ჯგუფი ,,გავერთიანდეთ მოხუცების დასახმარებლად“ და აქ დავდეთ პირველი პოსტი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველად 600-ლარზე მეტი შევაგროვეთ, რომელიც რამდენიმე ოჯახს გავუნაწილეთ“, - იხსენებს ნიკა გაბლიშვილი.

 

 

ხანდაზმულების დახმარების მიზნით, ახალგაზრდების ჯგუფს თანხას გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც უგზავნიდნენ. 


“ნელ-ნელა იზრდებოდა დახმარების მსურველთა რაოდენობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოხუცებთან ერთად, სხვა გაჭირვებულ მოქალაქეებსაც დავხმარებოდით. ამ პროცესში ძალიან დიდი იყო მიგრანტების წვლილი. სწორედ მათ მიერ გადმორიცხული თახნით ვიყიდეთ საკვები პროდუქტები, ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები რამდენიმე ოჯახისთვის". 

 

 

სამი თვის განმავლობაში, ახალგაზრდები 80-მდე ოჯახს დაეხმარნენ. 


“სამწუხაროა, რომ კომპანიები არ ჩაერთვნენ აღნიშნულ საქმეში. ჩვენ თანხების მობილიზებას ვახდენთ მხოლოდ ჯგუფის წევრებისაგან, რომლებსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში ნდობისთვის და შემდეგ, იმ სიკეთისთვის, რასაც ისინი უანგაროდ გასცემენ. მხოლოდ ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა საცხობმა მოგვაწოდა პური და ძალიან გაგვახარა“, - ამბობს გაბლიშვილი.

 

ნიკა და მისი მეგობრები გაჭირვებული ოჯახების დახმარებას კვლავაც განაგრძობენ. ახლა მათ ჯგუფს "გავერთიანდეთ გაჭირვებულების დასახმარებლად“ ჰქვია და ახალგაზრდები კვლავ ცდილობენ თანხების მოძიებას მოქალაქეების დასახმარებლად. 

Read 389 times Last modified on სამშაბათი, 02 ივნისი 2020 16:49