Back to Top
ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020 15:32

ნათელა ქელეხსაევა - დევნილი ქალი, რომელიც პირბადეებს კერავდა და უფასოდ არიგებდა

Written by
Rate this item
(0 votes)

​დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი ნათელა-გალინა ქელეხსაევა პანდემიის პერიოდში, პირბადეებს კერავდა და მოქალაქეებს უფასოდ ურიგებდა. 

 

დევნილმა ქალმა პირბადეების შეკერვა საკუთარ სამკერვალოში დაიწყო. ნათელას საჭირო მასალით ორგანიზაცია "თანხმობა" დაეხმარა. 

 

“პანდემიის პერიოდში, როდესაც დეფიციტი გაჩნდა პირბადეების, ასოციაცია“თანხმობამ“ შემომთავაზა, რომ ისინი მომცემდნენ ყველა საჭირო მასალას და მე ჩვენი დევნილთა დასახლებისთვის უფასოდ შემეკერა პირბადეები. ჩვენს მოსახლეობას ისედაც უჭირს და ისეთი ფასი ღირდა ერთი პირბადე, მათთვის ეს საჩუქარი ნამდვილად დიდი შეღავათი იყო“, - ამბობს ნათელა გალინა ქელეხსაევა.

 

ნათელას სამკერვალომ პირბადეები ყველა წესის და რეკომენდაციის გათვალისწინებით შეკერა. 


“ჩვენმა სამკერვალომ 600 პირბადე შეკერა და ძირითადად იმ ოჯახებზე გადავანაწილე, რომლებიც ვერ გადაადგილდებოდნენ ანდა ეკონომიკური პრობლემები ჰქონდათ. პირბადეები შევკერეთ ყველა წესის დაცვით და იმ რეკომენდაციებით რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემდა. ჩვენი პირბადეები იყო მრავალჯერადი, ბამბის ნაჭრის. ჩვენ სამომავლოდაც ვაპირებთ ისევ შევკეროთ მსგავსი პირბადეები მოსახლეობისთვის, მაგრამ უკვე ამაში მოსახლეობა ფულს გადაიხდის, მაგრამ თანხა მცირედი იქნება“, - თქვა ქელეხსაევამ.

 

გალინა ქელეხსაევა, პანდემიის დროს, მოსახლეობას ტრანსპორტირებაშიც ეხმარებოდა. 


“ტრანსპორტის არარსებობის გამო, როდესაც გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, მოსახლეობას სამკერვალოს მანქანით ვეხმარებოდი გადაადგილებაში, ქალაქში მივდიოდი და მათთვის მედიკამენტები და საკვები პროდუქტი მომქონდა“, - აღნიშნა ნათელამ.

 

ქელეხსაევას სამკერვალო სამომავლოდ მაისურებზე ბეჭვდას აპირებს, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია covid19-ის შესახებ.


“ჩვენ გვიწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება. ადამიანები ძალიან უნდა გავფრთხილდეთ. ჩვენმა სამკერვალომ გადაწყვიტა, მაისურებზე ბეჭვდა დაიწყოს, სადაც დატანილი იქნება კორონავირუსის შესახებ პატარ-პატარა ინფორმაციები და რეკომენდაციები, რომლითაც მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. ამას უფასოდ ვერ დავარიგებთ, ბუნებრივია, მაგრამ ხელსაყრელ ფასად გავყიდით“, - ამბობს ნათელა ქელეხსაევა.

 

გალინა- ნათელა ქელეხსაევა დიდი ლიახვის ხეობის, სოფელ ქემერტიდან არის და 2008 წლიდან ცხოვრობს შავშვების დევნილთა დასახლებაში. 2013 წლიდან აქვს საკუთარი სამკერვალო. სადაც ძირითადად თეთრეული იკერება. სამკერვალოში სამი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. სამკერვალო სალონი, რომელიც ქელეხსაევას საკუთარ კოტეჯში აქვს მოწყობილი, ძირითადად მცირე გრანტებით არსებობს.

Read 662 times Last modified on ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020 15:44