Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 14 ივნისი 2020 12:56

სკოლა გორში, რომლის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის

გორის #9 სკოლის შენობის ისტორია 145 წელს ითვლის. 1875 წლის 8 იანვარს ამიერკავკასიაში სამასწავლებლო სემინარიის გახსნა გადაწყდა. შესაფერის ადგილად კი გორი შეირჩა. კერძოდ, ის ტერიტორია, სადაც ახლა მე - 9 საჯარო სკოლაა.

 

თავდაპირველად შენობა, სადაც სემინარია იყო განთავსებული ქვის ორსართულიანი სახლის 11 ოთახისგან, ქვის ორსართულიანი ფლიგელის 4 ოთახისგან და აშენების პროცესში მყოფი ერთსართულიანი სახლის 8 ოთახისგან შედგებოდა.

 

პირველი გაკვეთილი სემინარიაში ჩატარდა 1876 წლის 12 სექტემბერს. ამ დროს, მხოლოდ ორი ქართველი მასწავლებელი მუშაობდა. სემინარიის პირველ დირექტორად კი დაინიშნა სპირიდონ დიმიტრის ძე დივარი.

 

სემინარიის მიზანი იყო ამიერკავკასიის სკოლებისთვის კვალიფიციურ მასწავლებელთა მომზადება.

 

დაარსების პირველ წლებში სემინარიაში არ ისწავლებოდა ქართული ენა და ლიტერატურა.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძემ დაწერა წერილი "ვიცინოთ თუ ვიტიროთ?".

 

"გორში არსებობს შარშანდელს აქეთ საოსტატო სემინარია, ესე იგი იმისთანა სასწავლებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს ოსტატები, მასწავლებელნი ჩვენის სახალხო სასწავლებლისათვის. რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ, რომ აქ ქართულს ენას პირველი ადგილი ენიჭება სხვათა შორის, მაგრამ ეგ ეგრე არ არის. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას გადაუწყვეტია, რომ ქართველთა ბავშვების ოსტატს ქართულის ცოდნა გულს აუჩუყებსო. ამის გამო იმ სემინარიაში ქართულს ენას არ ასწავლიან, ასე რომ ქართულის სახსენებელიც გაუქრიათ. როგორ მოგწონთ? შუაგულს ქართლში მთავრობამ სემინარია გახსნა, მერე იმისთვის, რომ ქართულის სოფლის ბავშვებისათვის ოსტატები გამოსწურთნოს და მაინც კიდევ ქართულს არ ასწავლიან. ვიცინოთ ამაზედ თუ ვიტიროთ?”, - წერდა ილია ჭავჭავაძე.

 

სემინარიაში ქართული ენის სწავლება მხოლოდ, 1979 წლიდან დაიწყო, როცა სასწავლებელში ახალი დირექტორი დაინიშნა. დიმიტრი სემინოვის ხელმძღვანელობის დროს, სასწავლებელმა საზოგადოებაში ავტორიტეტი მოიპოვა. როგორც ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, ქართულ ენასთან ერთად, სემინარიაში აზერბაიჯანული, სომხური და თათრული ენაც ისწავლებოდა.

 

გაიხსნა ქართული, სომხური, და თათრული დაწყებითი სასწავლებლები. შესაბამისად არსებობდა ორი საცხოვრებელი პანსიონი - ქრისტიანი და მუსლიმანი მოსწავლეებისათვის.

 

ქართულმა დაწყებითმა სასწავლებელმა, მხოლოდ 27 წელი იარსება.

 

დროთა განმავლობაში გორის სამასწავლებლო სემინარიაში შემოიღეს ქართული ენის, როგორც დამოუკიდებელი საგნის სწავლებაც.

 

გორის საოსტატო სემინარიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ: ვაჟა - ფშაველა, ლადო აღნიაშვილი, ალქესანდრე ნათაძე, ვანო ავალიშვილი, ნიკო რაზიკაშვილი, თედო რაზიკაშვილი, ვანო გიუნაშვილი, ტარასი მამალაძე, ნიკო ჯანაშია, თეოფილე ხუსკივაძე და სხვები.

 

გასაბჭოების შემდეგ. გორის სამასწავლებლო სემინარიის ბაზაზე შეიქმნა გორის პედაგოგიური სასწავლებელი, რომელშიც გრძელდებოდა სემინარაიაში არსებული ტრადიციები, ხოლო 1958 წლიდან გაუქმდა პედაგოგიური სასწავლებელი და მის ბაზაზე მუშაობა დაიწყო გორის მე-9 საშუალო სკოლამ, რომლის პირველი დირექტორი იყო გიორგი თავაძე.

 

სკოლაში თანდათან გაიზარდა კონტიგენტიც. ძველი სემინარიის დროინდელი შენობა ვეღარ იტევდა მოსწავლეებს, ამიტომ მის ადგილას აიგო ახალი 3 სართულიანი შენობა და 1968 წლიდან სკოლამ ახალ შენობაში დაიწყო მუშაობა.

 

გორის სამასწავლებლო სემინარიამ 42 წელი იარსება და ის 700 - ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა.