Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 15 ივნისი 2020 15:07

მოხალისეები, რომლებიც პანდემიის დროს მოსახლეობას ცხელ სადილს ურიგებდნენ

Written by
Rate this item
(0 votes)

პანდემიის დროს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და მუნიციპალური ა(ა)იპ - ების თანამშრომლებმა შექმნეს მოხალისეთა ჯგუფი და ოჯახებში პროდუქტის და ცხელი სადილის მიტანა დაიწყეს.

 

მოხალისეებს საკვები იმ ოჯახებში მიჰქონდათ, რომლებიც პანდემიამდე ეპარქიის სასადილოთი სარგებლობდნენ.

მოხალისეთა ჯგუფს ორგანიზებას კულტურის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი უწევდა. როგორც თავად ამბობს, პირველ დღეს უფასო სადილი სახლში ორმოცამდე ოჯახს მიუტანა.

 

 

“პანდემიის პერიოდში, როდესაც ტრანსპორტით გადაადგილება შეწყდა, მერიის თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ იმ ადამიანებს დავხმარებოდით, ვინც ეკლესიის სასადილოდან ცხელი სადილით სარგებლობდა. საკუთარი მანქანებით და მერიის თანამშრომლების დახმარებით დავიწყეთ საკვების დარიგება. პირველ ეტაპზე იყო 40 ოჯახი და სადღაც ერთ კვირაში გახდა 140 ოჯახი. პირველად ერთი მანქანით დავდიოდით, მერე ორით, სამით და ასე იზრდებოდა მოხალისეთა რიცხვი. შემდეგ შემოვიდა შემოწირულობები და ბუნებრივია, ამის გადანაწილებასაც ჩვენ ვახდენდით. პანდემიამ ყველა გაგვათანაბრა, გაგვაერთიანა, დაგვაფიქრა ურთიერთობებზე“, - ამბობს რამაზ შიოშვილი

 

ერთ-ერთი, ვინც მოხალისეთა ჯგუფს პირველ ეტაპზევე შეუერთდა, მაიკო გოგიძეა. როგორც მაიკო ამბობს, მან ამ საქციელით საკუთარ შვილებს მაგალითი მისცა და აჩვენა, რომ კეთილი საქმე, საკუთარი დისკომფორტის შექმნის ხარჯზეც, უნდა აკეთონ.

 

 

 

“სახლში როდესაც გყავს ორი პატარა ბავშვი და შენ ამ დროს გამოდიხარ, გარკვეულწილად რისკს წევ. ეს მომენტი იყო, მაგრამ როდესაც დავფიქრდი, მივხვდი, რომ მე თუ ახლა შემეშინდა და ვერ მივეცი ჩემ შვილებს მაგალითი, ხვალ რითი შეიძლება დავუმტკიცო, რომ მოხალისეობრივად უნდა აკეთონ რაღაც და კარგი საქმისათვის გარკვეული დისკომფორტიც უნდა შეუქმნან საკუთარ თავს. კმაყოფილი ვარ, რომ ვმონაწილეობდი, რადგან ჩვენი ჩართულობა ამ ოჯახებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, - თქვა მაიკო გოგიძემ

 

საკვების განაწილების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელი დიმა გოგიაშვილი. მისი თქმით მოხალისეები ახლაც აქტიურად არიან ჩართულები და ოჯახებს, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, სადილი კვლავ სახლში აწვდიან.

 

 

 

“როდესაც გყავს შვილები და იცი, რომ შეიძლება, შენი შვილის ტოლს ან უფრო პატარას შია, ყველანაირი შიში იხევს უკან. ამ დროს გაქვს მხოლოდ ერთი სურვილი, რომ დაეხმარო, როგორც შეგიძლია, გამოიყენო ყველა რესურსი."

 

თავდაპირველად, მოხალისეები ოჯახებს ეპარქიის სასადილოდან წამოღებულ სადილს ურიგებდნენ. შემდეგ დაიწყეს კომპანიების შემოწირულობების დარიგებაც.

 

გარდა შემოწირულობებისა, პანდემიის პერიოდში გორის მერიამ 150 000 ლარის საკვები პროდუქტი შეიძინა და გაჭირვებულ ოჯახებზე გადაანაწილა. აღნიშნულ აქციაში 120 მოხალისე იყო ჩართული.

Read 358 times Last modified on ორშაბათი, 15 ივნისი 2020 15:55