Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 26 ივნისი 2020 15:08

მარინე ტაბატაძე - მასწავლებელი ბავშვებს ზაფხულში უფასოდ ასწავლის

Written by
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე ტაბატაძე მოხალისე მასწავლებლის სტატუსით იმუშავებს.

 

მასწავლებელი სკოლის მოსწავლეებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში, მათემატიკის შესწავლაში დაეხმარება. სურვილის შემთხვევაში, მასწავლებელი მოსწავლეებთან დისტანციურადაც იმუშავებს.

 

საზაფხულო გაკვეთილები იქნება განსხვავებული, რათა არ იყოს მოსაწყენი.


“სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი "მოხალისე მასწავლებელი", სადაც მსურველებს გვაქვს საშუალება, დავრეგისტრირდეთ და მივიღოთ მონაწილეობა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამიყვანეს მოხალისე მასწავლებლად, რადგან აქ ჩართულები არიან ძალიან ძლიერი და კვალიფიციური პედაგოგები, ეს ჩემთვის გამოწვევაა, რომლისგანაც დიდ გამოცდილებას ველი".

 

მარინა ტაბატაძე რადიო "მოზაიკას" სწავლების საკუთარ მეთოდებზეც ესაუბრა.

 

"მე ჩემი მეთოდები მაქვს, იმის გამო, რომ ბავშვი არ გადაიტვირთოს თამაშით ვუხსნი მათემატიკურ ამოცანებს, განტოლებებს და წილადებს. ჩემი პრეზენტაციები იქნება ყოველდღიურ მაგალითებზე დაფუძნებული. მაგალითად, ნამცხვრის ან ვაშლის ნაჭრებით წილადის გამოყვანა, კუპიურების მიმატება გამოკლებით ამოცანის ამოხსნა, პროცენტის გაგება და ასე შემდეგ“, - ამბობს მარინე ტაბატაძე.

 

პროგრამაში ჩართვის მსურველემა მოსწავლეებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ.


“მოსწავლეებს აქვთ არჩევანის თავისუფლება, თუ უნდათ ჩაერთვებიან ამ აქტივობაში. აქტიურობა მაღალია, ყველას მოწონს ეს მეთოდი და მეც ვფიქრობ, რომ საინტერესო და საპასუხისმგებლოა“, - გვითხრა მარინე ტაბატაძემ.

 

პედაგოგი ფიქრობს, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც განათლების სისტემა გამოწვევის წინაშე დგას, ასეთი აქტივობები აუცილებელია.


"პანდემიის პერიოდმა საგანმანათლებლო სფერო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა და სწორედ ამის გააზრებით ჩავთვალე, რომ ჩემი წვლილი შემეტანა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში. როდესაც საკუთარი საქმე გიყვარს, ანაზღაურება მთავარი არაა. ფულადი დაინტერესების გარეშეც შესაძლებელია, შესაბამისი უნარების გამოყენებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულო მომავალი თაობის მხარდასაჭერაში“, - თქვა პედაგოგმა.

 

მარინე ტაბატაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ინჟინრად, გორის ტექნიკურ ინსტიტუტში პატენტთმცოდნეობის უფროს მასწავლებლად, გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა’’ წრის პედაგოგად, გორის ახალგაზრდულ ცენტრში“ტექნიკური სექტორის" პედაგოგად და სპეციალისტად.


ამჟამად კი, ყელქცეულის საშუალო სკოლის ფიზიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მათემატიკის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგია.

Read 434 times Last modified on პარასკევი, 26 ივნისი 2020 15:22