Back to Top
ორშაბათი, 29 ივნისი 2020 13:31

პანდემია და წითელი ჯვრის მოხალისეები გორიდან

Written by
Rate this item
(0 votes)

წითელი ჯვრის მოხალისეები პანდემიის პერიოდში მოსახლეობას პროდუქტის და ჰიგიენის საშუალებებით ეხმარებოდნენ.

 

ახალგაზრდები ასევე ჩართულები იყვნენ საინფორმაციო კამპანიაში, მოქალაქეებს ურიგებდნენ ფლაერებს, სადაც კორონავრუსის შესახებ იყო ინფორმაცია დატანილი, ასევე ატარებდნენ ტრენინგებს და დაინტერესებულ პირებს ასწავლიდნენ წესებს, როგორ გამოეყენებინათ პირბადე, ხელთათმანი სადეზინფექციო საშუალება და ასე შემდეგ.

 

გიორგი გორგაძე პანდემიის დაწყებასთან ერად ჩაერთო ორგანიზაციის აქტივობებში. ის საინფორმაციო შეხვედრებს მართავდა მოსახლეობასთან კოვიდის შესახებ.


“როდესც დაიწყო პანდემია საქართველო წითელი ჯვრის 39-ვე ფილიალი აქტიურად ჩაერთო, რაღა თქმა უნდა, გორის ოფისიც. წითელმა ჯვარმა მოხალისეებს ტრენინგები ჩაგვიტარა. გაგვაცნეს, რა ვირუსი იყო, რასთან გვქონდა საქმე და როგორ უნდა გვემოქმედა ისე, რომ არც ჩვენი თავები ჩაგვეგდო საფრთხეში და არც სხვა. ჩვენ გორში ჩავატარეთ საინფორმაციო ტრენინგები და სხვადასხვა ჯგუფებს ვასწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე, ხელთათმანი, ხსნარი", - ამბობს გიორგი გორგაძე.

 

 

კიდევ ერთი მოხალისე, რომლიც საინფორმაციო კამპანიაში იღებდა მონაწილეობას, თამარ ხადურია. ის მოსახლეობაში ფლაერებს არიგებდა და ესაუბრებოდა, თუ როგორ დაეცვათ თავი ვირუსისგან.


“როგორც მოხალისე ჩართული ვიყავი საინფორმაციო კამპანიაში, რადგან ასეთ დროს მოსახლეობის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, რომ შეძლონ თავის დაცვა და იყვნენ უსაფრთხოდ. დავარიგე სხვა მოხალისეებთან ერთად საინფორმაციო ფლაერები, სადაც იყო დატანილი ყველა ის ინფორმაცია კოვიდის შესახებ, რაც უნდა სცოდნოდათ მოქალაქეებს“, - ამბობს თამარ ხადური.

 

 

წითელი ჯვარი ქალაქის მასშტაბით სუპერმარკეტებში დებდა კალათებს, სადაც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა ერთით მეტი პროდუქტი ეყიდა და ამ კალათში მოეთავსებინა, გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად. ამ აქციაში გიორგი რუსიშვილი სხვა მოხალისეებთან ერად იყო ჩართული, შეგროვებულ პროდუქტს ახარისხებდა და ოჯახებში მიჰქონდა.

 

“სხვადასხვა სუპერმარკეტებში დაიდგა კალათები. მოხალისეები მომხმარებლებს ვთხოვდით ეყიდათ ერთით მეტი პროდუქტი და ამით გაჭირვებულ ხანდაზმულ ოჯახებს დახმარებოდნენ, პროდუქტებს ვახარისხებდით და 70 წელს გადაცილებულ მოხუცებთან მიგვქონდა, საერთო ჯამში, წითელი ჯვრის გორის ფილიალი 500-მდე ოჯახს დაეხმარა“, - თქვა გიორგი რუსიშვილმა.

 

 

თიკო თანდიაშვილი პანდემიის დროს ერთ-ერთ დაწესებულებას ნაკადის მოწესრიგებაში ეხმარებოდა, მოქალაქეებს მოუწოდებდა დაეცვათ დისტანცია და ყველა ის წესი, რაც რეკომენდირებული იყო.

 

“ერთ-ერთმა ბანკმა მოგვმართა, რომ დავხმარებოდით და ხალხის ნაკადი მოგვეწესრიგებინა. ჩვენი მოხალისეები მივდიოდით, ვაწესრიგებდით რიგებს, მომხმარებლებს მოვუწოდებდით რომ დაეცვათ დისტანცია, ასევე კეთებოდათ პირბადე და ხელთათმანი, ასევე ვუტარებდით დეზინფექციას“, - გვითხრა თიკო თანდიაშვილმა.

 

წითელი ჯვარის ფილიალი, 30 წელზე მეტია რაც გორში არსებობს, ორგანიზაცია სხვადასხვა დროს ეხმარება მოსახლეობას.

 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ბოლო აქტივობა რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, პარტნიორი ორგანიზაციის დახმარებით, გორში ჩამოვიდა ამანათები, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა იმ პირობით, რომ მათ გაჭირვებულ ოჯახებს გადაუნაწილებს.

Read 293 times