Back to Top
კვირა, 26 ივლისი 2020 14:37

სამხედრო სამსახურიდან საკრებულოს დეპუტატობამდე - ზვიად საბანაძის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

​ზვიად საბანაძე 2017 წლიდან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, თუმცა მისი კარიერა თავიდანვე პოლიტიკას არ უკავშირდებოდა, როგორც ის ამბობს, ცხოვრების დიდი ნაწილი სამხედრო სამსახურს მიუძღვნა.

 

მისი თქმით, ჯარისკაცის ცხოვრება ბავშვობიდან მოსწონდა.


“ბავშვობიდან მომწონდა სამხედრო სამსახური. ისეთ პერიოდში მომიწია ცხოვრება, პატარა ბიჭი ვიყავი, პატრიოტული სულისკვეთება მქონდა და მინდოდა, რომ სამშობლოსთვის რაღაც გამეკეთებინა. ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც აფხაზეთის ომიც დაიწყო და სწორედ ამ დროს შევედი სამხედრო სამსახურში, მოხალისეთა ბატალიონში ვიყავი და ჩემი პირველი გამოცდილება ამ კუთხით იყო აფხაზეთის ომი. ამის შემდეგ შინაგან ჯარებში ვმსახურობდი და მას მერე სულ ფორმა მეცვა 2015 წლამდე“, - ამბობს ზვიად საბანაძე

 

 

 

საბანაძე იმ წლებს იხსენებს, როდესაც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის. მას მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც აფხაზეთის ასევე აგვისტოს ომში.

 

“24 წლის ბიჭი ვიყავი, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო და ძალიან რთულად მახსენდება ის პერიოდები, მიუხედავად იმისა, რომ იყო შიში სიკვდილის, ვის არ ეშინია ამის, მაინც მინდოდა წინა ხაზზე ვყოფილიყავი, მოვლენების ეპიცენტრში და ასეც მოვიქეცი. იგივე მოხდა 2008 წელსაც, დაწყებიდან დასრულებამდე ვმონაწილეობდი აგვისტოს ომში. ომი სხვანაირ დაღს გასვამს, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერს. მე ხელზე და ხერხემალზე მაქვს ომის შედეგად მიღებული დაზიანებები და მას შემდეგ მაქვს კანტუზია. ბევრი ჩემი მეგობარი შეიწირა ომმა, რთულია ამის გახსენება ჩემთვის“, - გვიყვება ზვიად საბანაძე.

 

2013 წელს იმყოფებოდა ავღანეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით სამხედრო პოლიციის ჯგუფის უფროსად.

 

“სამხედრო ჯარისკაცის ცხოვრება საინტერესოა, მაგრამ რთული. ჩემი კარიერის განმავლობაში, შემიძლია გავიხსენო ავღანეთის მისია 2013 წელს, სადაც 7 თვის განმავლობაში ვიყავი სამშვიდობო მისიით სამხედრო პოლიციის ჯგუფის უფროსად. იქ ყოფნისას, ფაქტობრივად სულ ნაღმზე გიდგას ფეხი. იმ პერიოდში დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები, რამაც ძალიან იმოქმედა ყველა ჩვენგანზე. იშვიათად გვქონდა ხოლმე თავისუფალი დრო, როდესაც შეგვეძლო უსაფრთხოდ გვეგრძნო თავი და მაგალითად სხვადახვა ჯგუფებთან ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ ეს ხშირად არ ხდებოდა“, - თქვა ზვიად საბანაძემ.

 

 

ზვიად საბანაძემ სამხედრო კარიერა 2015 წელს დაასრულა, როგორც თავად ამბობს დღემდე უჭირს სხვა სფეროში მუშაობა და წარსულის ნოსტალგია აქვს.

 

“21 წელზე მეტი ვატარე ფორმა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას და თანამდებობაზე მიმუშავია, მერე ისე მოხდა, რომ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მომიწია ამ სფეროს დატოვება და წამოსვლა. ახლა იცით რომ საკრებულოს დეპუტატი ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მიჭირს. რთულია, როდესაც აბსოლუტურად სხვა სფეროში გიწევს ცხოვრების გაგრძელება, ვერაფერი ვერ შეცვლის სამხედრო ცხოვრებას, სულ მექნება სიყვარული, ნოსტალგია და მონატრება წარსული წლებისა“.

 

ზვიად საბანაძე დაიბადა 1969 წლის 15 ივნისს სოფელ შინდისში. სწავლობდა შსს-ს ოფიცრის უმაღლეს სკოლაში, შემდეგ კი თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიაში. მიღებული აქვს მედლები, სამშობლოსათვის თავდადებულის, ქართულ -ამერიკული სამშვიდობო მისიის და უმწიკლო სამსახურისთვის.

Read 446 times Last modified on კვირა, 26 ივლისი 2020 17:49