Back to Top
ორშაბათი, 24 აგვისტო 2020 11:46

სიყვარულით ვეძახით „დელფინას“ - ცხოველზე ზრუნვის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

ოჯახის წევრებმა მას დელფინა დაარქვეს. უკვე 22 წლის არის და ოჯახის ყველა წევრის მსგავსად, მასაც თავისი ისტორია აქვს. ალბათ ამას ყურადღებას არავინ მიაქცევდა, მისი პატრონისთვის ასეთი მნიშვნელოვანი რომ არ იყოს.

 

 

 

დელფინას თამარ მეტრეველის ოჯახი ინახავს. ძროხა სახლში 2 წლის მიიყვანეს. მაშინ ორი წლის იყო.


"ძროხას დელფინას ვეძახით. დედა ჭრელი ჰყავდა. მისი პატარა ხბო ალბათ ბებიას დაემგვანა. შავია. ძალიან გონიერია. რამდენჯერმე გაყიდვა დავაპირეთ, მაგრამ მეხორცეების მოსვლისთანავე, ალბათ სისხლის სუნს გრძნობს და ეგრევე ტირილს იწყებს. ამიტომაც ვერასოდეს გავყიდე“, - ამბობს თამარი.


ოჯახს და დელფინას საერთო ისტორიებიც აქვთ. როგორც თამარი ამბობს, ერთ-ერთი ასეთი ომის ისტორიაა, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა ერთნაირად მტკივნეულად გადაიტანა.

 


"2008 წლის აგვისტოს, ჩემი მეუღლე ომში იყო და მე ამხელა სახლში 3 შვილით მარტო დავრჩი. დედამ მანქანა გამომიგზავნა, რომ წავსულიყავით სოფლიდან. ჩემებმა ძღოხას თოკი მოაბეს და ლიანდაგების გავლით, ფხვენისში ჩაიყვანეს. ომის დროს დედაჩემთან იყო. როცა ნიქოზის შემდეგ ფხვენისის დაბომბვაც დაიწყეს, დედამაც დატოვა სოფელი, ეს ჩემი ძროხა დააბა კაკალზე თოკით, თავისი საქონელი კი გაუშვა, სადაც უნდა წასულიყვნენ უკვე აღარაფერზე ფიქრობდა. დედას ერთი კვირის შემდეგ შევხვდი და რომ მითხრა დაბმული დავტოვეო დავიწყე ტირილი, იქ ხომ მშიერი მომკვდარიყო, შეიძლებოდა რამე დასცემოდა. როცა უკვე სოფლებში რუსის ჯარი ჩადგა, დედამ შეძლო ფხვენისში დაბრუნება დამირეკა და მითხრა, რომ შენი ძროხა ცოცხალიაო. ისეთი ემოციები მქონდა, ისე გამეხარდა, იქ თბილისში სადაც ვიყავით შეხიზნულები მეუბნებოდნენ ისე გიხარია, თითქოს ჯიპი იპოვეო და ჩემი ძროხა ჩემთვის ჯიპზე ძვირფასია”, - იხსენებს თამარი.


დედის და მეზობლების ზრუნვით, ომის დროს დელფინა გადარჩა, თუმცა რამდენიმე ტვია მოხვდა.


“დელფინას ჯიქანი რომ ნახოთ, ნატყვიარებისგან ისეა დაზიანებული, 3 ძუძუდან იწველება, მეოთხე უფუნქციო აქვს. ფრჩხილი ჰქონდა ერთი მტკაველი მაინც გაზრდილი და რამდენჯერმე სიარულს რომ უშლიდა მოსტყდა. ისე მიყვარს, ოჯახის წევრივით გვყავს, არ დავკლავთ, თავისით თუ რამე მოუვა, თორემ ჩვენ არაფერს ვუზამთ. პირიქით, ყველაფერს ვაკეთებ, რომ კიდევ დიდიხანს იცოცლოს”.


„დელფინა“ ოჯახს არსებობაში ეხმარება. როგორც თამარი გვეუბნება, ბევრი რთული სიტუაცია ყოფილა, როცა თავის სწორედ დელფინას რძის და შვილების გაყიდვით გაუტანიათ.

 

"მის ხბოებს ვყიდი ხოლმე, რომ რაღაც სარჩენად რომ მქონდეს შემოსავალი და ნეტა ამ დროს ნახოთ რა დღეშია. როგორც ძაღლი ყმუის, ისე ბღავის მთელი 3 დღე და ღამე ესეც. ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებ, რა თქმა უნდა, მეც ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ, მაგრამ რა ვქნა, აღარ ვიცი", - ამბობს თამარ მეტრეველი.


„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ადამიანები ძალიან ცუდები ვართ“, - ამ სიტყვებით ასრულებს თამარ მეტრეველი დელფინაზე საუბარს და მისი ფოტოების გამოგზავნას გვპირდება.

 

 

 

Read 248 times Last modified on ორშაბათი, 24 აგვისტო 2020 14:36