Back to Top
შაბათი, 05 სექტემბერი 2020 12:31

შოუმენი გორიდან - გიორგი ბერიკაშვილის წარმატების ისტორია

Written by
Rate this item
(3 votes)

22 წლის გიორგი ბერიკაშვილმა ბავშვობის გატაცება წარმატებულ კარიერად აქცია. იგი დღესდღეობით, შოუმენია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იწვევენ.

 

მიტოვებული შენობის ტერიტორიიდან დაწყებული ამბავი მალე მისი ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ ენერგიად იქცა. მისი პირველი შეხება სპორტთან ჭიდაობას უკავშირდება, რომელსაც ცხოვრების 7 წელი დაუთმო, თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო.

 


"რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვხვდებოდი, რომ არ მომწონდა, თუმცა მამას ხათრს ვერ ვუტეხდი. საბოლოოდ, გადავწყვიტე სხვა სპორტში მეცადა ბედი. დავდიოდი ბევრ რამეზე, მაგრამ ვერაფერს დავუდე გული, შემდეგ მეგობარმა მთხოვა გაყოლა სავარჯიშოდ".


მეგობართან ერთად მიტოვებული შენობის ტერიტორიაზე მივიდა. იქ ნახა რამდენიმე ბიჭი, რომლებიც სხვადასხვა ტრიუკებს და "სალტოებს" ასრულებდნენ. პირველი შთაბეჭდილება მასზე ამ ყველაფრის ნახვამ მოახდინა. ძალიან მოიხიბლა და გადაწყვიტა თავადაც ეცადა.


"ვვარჯიშობდი გარეთ წვიმაში, თოვლში, ქარში და ნებისმიერ ადგილას, სადაც შეიძლებოდა. პირობების არქონის გამო, მიმიღია ბევრი ტრავმა და ყოფილა ბევრი სირთულე. ამ დროის მანძილზე გავიცანი ბევრი, დავუმეგობრდი ბევრი ადამიანს, ვინც იგივე სპორტში იყო ჩართული და ვეხმარებოდით ერთმანეთს განვითარებაში".

 

 

მისი მეგობრების და ოჯახის წევრების დამოკიდებულება გიორგის ინტერესის მიმართ არ იყო დადებითი. ხშირად ეხუმრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს სპორტი მას არაფერში გამოადგებოდა. მაშინ, თავადაც ვერ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ამ გატაცებას შემოსავლის წყაროდ აქცევდა.


"გავიდა რამდენიმე წელი. იყო დრო, როცა ვმუშაობდი სხვადასხვა სამსახურში - მზარეულად, ბარმენად, ასევე სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოც ყოფილა. ვერ ვახერხებდი ვარჯიშს და ვფიქრობდი, ეს ყველაფერი ბავშვობის გატაცებად დარჩებოდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ შემომთავაზეს სამსახური თურქეთში, სადაც აკრობატულ შოუში მივიღებდი მონაწილეობას, რისთვისაც მექნებოდა ანაზღაურება. ძალიან გამიხარდა და დავთანხმდი".

 

 

პირველი შოუდან თითქმის არაფერი ახსოვს, რადგან ძალიან ნერვიულობდა. გამოცდილების ზრდასთან ერთად იზრდებოდა შემოთავაზებების რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.


"იყო შემოთავაზება ეგვიპტიდან. ვმუშაობდი ასევე ესპანეთში და პორტუგალიაში, სადაც ცირკმა მიმიწვია. ეს იყო დიდი წინსვლა და გამოცდილება ჩემს კარიერაში და ასევე გასაკვირიც, რადგან მე ცირკში მუშაობის გამოცდილება არ მქონია".


გიორგი ახლა თურქეთში მუშაობს და ამბობს, რომ ვარჯიშს აუცილებლად გააგრძელებს. აპირებს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში.

Read 488 times