Back to Top
კვირა, 06 სექტემბერი 2020 12:13

წარმატების მიღწევა უდიპლომოდაც შეიძლება - ნინო უმეკაშვილის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

მეჯვრისხევში ცხოვრებს ქალი, რომელმაც დამოუკიდებლად შეისწავლა ხატვა, კერვა, ძერწვა, თექაზე და ქვაზე მუშაობა. ნინოს დღეს უკვე საკუთარი სახელოსნო აქვს, სადაც მოსწავლეებს ხელსაქმეს ასწავლის.

 

"სკოლიდანვე აქტიური ბავშვი ვიყავი. მაშინაც მიყვარდა ხატვა. მინდოდა ცნობილი მხატვარი გამოვსულიყავი, მაგრამ ეს არ გამოვიდა, თუმცა ჩემი ცხოვრება მაინც ხელოვნებას მივუძღვენი. ჩემი ნამუშევრები ყველას მოწონდა, ვინც ნახულობდა. ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა ჩემი სახელოსნო და ავიყვანე მოსწავლეები. მე და ჩემი მოსწავლეები ერთად ვიღებთ ხოლმე გამოფენებში და ტურისტულ ბაზრობებზე მონაწილეობას", - ამბობს ნინო უმეკაშვილი.

 

 

ნინომ ორი წლის წინ გრანტი მოიპოვა და სამკერვალო გახსნა, სადაც თავისი მოსწავლეები დაასაქმა.

 

"​სახელოსნოში ბავშვებს ვასწავლი ხატვას, ჭრა-კერვას, თექაზე მუშაობას. 2018 წელს "აწარმოე საქართველოს ფარგლებში" მოვიპოვე გრანტი და გავხსენი ჩემი სამკერვალო, სადაც მინდა ჩემივე გაზრდილი მოსწავლეები დასაქმდნენ. ჩემმა სამკერვალომ პანდემიის პერიოდში სრულიად უსასყიდლოდ შეკერა მოსახლეობისთვის პირბადეები, მასალა ადგილობრივებს მოჰქონდათ. ჩემს საქმეს, რომ კარგად ვასრულებ, მივიღე სერთიფიკატიც. ეს ჩემთვის დიდი სტიმული და წინგადადგმული ნაბიჯია", - თქვა უმეკაშვილმა.

 

 

ნინო უმეკაშვილი ფიქრობს, რომ მისი ამბავი მოტივატორად უნდა იქცეს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც დასახული მიზნის მიღწევა სურს. 

 

"ჩემი შრომით მოვახერხე საკუთარი თავის რეალიზება. დავამსხვრიე სტერეოტიპი, რომ თუ უმაღლესი განათლება არ გაქვს და ვერ შეძლებ თავის დამკვიდრებას. უწყვეტი შრომით ყველაფერს მიაღწევ ადამიანი, მე უკვე მაქვს საკუთარი საქმე და მოვუწოდებ ყველას: თუ გაქვს მიზანი აუცილებლად მიაღწევ, მთავარია არ დანებდე".

 

ნინო მონაწილეობს გამოფენებში, თავისი ნამუშევრები გააქვს ტურისტულ ბაზრობებზე და ცდილობს, რომ საკუთარი შემოქმედება მეტ ადამიანს გააცნოს. 

Read 370 times