Back to Top
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020 12:34

50 წლის ექთანი, რომელიც თანასოფლელებზე მოხალისეობრივად ზრუნავს

Written by
Rate this item
(0 votes)

ზარდიაანთაკრში მცხოვრები ციცინო ელიკაშვილი ადგილობრივებს სამედიცინო დახმარებას მოხალისეობრივად უწევს

 

 

ციცინო ელიკაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობს. ის პროფესიით ექთანია, თუმცა სპეციალობით არ მუშაობს და ოჯახის მეურნეობით არის დაკავებული.

 

ელიკაშვილი გვიყვება, რომ სოფელში ძირითადად მოხუცებიღა ცხოვრობენ. იქიდან გამომდინარე, რომ სოფელს არ აქვს ამბულატორია, ადგილობრივები ციცინოს აკითხავენ და როგორც ექთანს, დახმარებას სთხოვენ. უკვე წლებია, ელიკაშვილი ასეთ ადამიანებს დახმარებას საკუთარ სახლში უწევს.

 

"მე ექთანი ვარ და სხვაგან წასასვლელი რომ არ აქვთ, მოდიან ჩემთან. ვისურვებდი პატარა ფართის გამოყოფას, რომ ამ ადამიანებს მივხედო, ამაში არც ფულს ვითხოვ და არც არაფერს. უბრალოდ მინდა, რომ მოხუცებს პატრონი ჰყავდეთ და ცუდად რომ გახდებიან, ვინმემ მიხედოს. სახლში მოდიან ხოლმე ჩემთან, წნევას ვუსინჯავ, წამლებს ვასმევ, ვისაც რა ჩივილი აქვს, ვისმენ და ვეხმარები, ჩემი გამოცდილებით, რაც და როგორც შემიძლია", - ამბობს ციცინო ელიკაშვილი.

 

ციცინო გვეუბნება, რომ სოფელში ჯანმრთელობის პრობლემა ბევრს აწუხებს. განსაკუთრებით კი ქალებს, რადგან მათ საკუთარ თავზე ზრუნვის დრო პრაქტიკულად არ რჩებათ. 

 

"ჩვენ სოფელს ძალიან უჭირს ეკონომიურად, ჯერ ომის დროს ძალიან გაგვიჭირდა და კორონავირუსმა ხომ კიდევ უკან დაგვხია. სულ მოხუცები მყავს უბანში, წნევიანები, მოციმციმე არითმიით. ქალებს საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩებათ, გადართულები არიან მეურნეობაზე. დიასახლისის საქმეს რა გამოლევს, ბაღები, საქონელი. არადა, ამდენი პრობლემა და სტრესი თავისთავად აისახება ხოლმე მათ ჯანმრთელობაზე", - აღნიშნა ელიკაშვილმა.

 

ციცინო ფიქრობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ყველა სოფელში აუცილებელია ამბულატორიის არსებობა, რათა ადგილობრივებს ზედმეტი დანახარჯების გარეშე, შეეძლოთ მედიკოსთან მისვლა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

 

Read 231 times