Back to Top
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020 15:35

უკეთესი ცხოვრებისთვის მთავარი სურვილი და მუდმივი შრომაა - ნინი აბუაშვილის ისტორია

Written by
Rate this item
(1 Vote)

18 წლის ნინი აბუაშვილი, რომელიც 10 წელია გორში, მინდობით აღზრდის პროგრამით ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობს, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან ფსიქოლოგობა გადაწყვიტა და ამ ფაკულტეტზე ჩაირიცხა კიდეც.

 

ამბობს, რომ პროფესიის არჩევა მისმა გამოცდილებამ განაპირობა და გადაწყვიტა უკვე ზრდასრულ ასაკში მიღებული ცოდნის საფუძველზე ამ კუთხით სხვა ბავშვებს დაეხმაროს.

 

"ჩავაბარე საქართვლოს უნივერსიტეტში. ფსიქოლოგობა მინდა, ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნებაა. ამ პროფესიის არჩევა წარსულ ცხოვრებაში მიღებულმა არაერთმა ტრავმამ განაპირობა. ზუსტად ამიტომ ვარჩიე ფსიქოლოგობა, რომ მომავალში სხვა, საკუთარ თავში ჩაკეტილ და დასტრესილი ადამიანის მოტოვაციის მიზეზი გავხდე", - ამბობს ნინი აბუაშვილი.

 

ნინი ამბობს, რომ სკოლის პრიოდში არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი, როგორც თანატოლებისგან, ისე უფროსებისგან. მისი აზრით, ამ მხრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბევრი სამუშაოა. ამ საჭიროებების აუცილებლობას პირადი მაგალითის საფუძველზე ხედავს და ამბობს, რომ თითქმის ობლობაში გატარებული წლების პერიოდში გული არაერთხელ ატკინეს.

 

"მინდა ყველა იმ ადამიანს, რომელთა დამამცირებელი სიტყვებიც დღემდე მახსოვს, მადლობა გადავუხადო - რომ არა ისინი, ასეთი მოტივირებული არ ვიქნებოდი და დღეს სტუდენტი არ მერქმეოდა. არასდროს მჯეროდა სასწაულების. არც იმის მწამდა, რომ განვლილი ტკივილის მერე მივაღწევდი რაიმეს და გავხდებოდი სრულფასოვანი ადამიანი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოვახერხე. ეს, პირველ რიგში, ჩემი დედობილ-მამობილის დამსახურებაა. ისინი ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, რომ ჩამებარებინა", - ამბობს ნინი აბუაშვილი.

 

ნინის სურს, რომ წარმატებული ფსიქოლოგი გახდეს და მისი დახმარებით ბევრმა ახალგაზრდამ შეძლოს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ამისთვის კი იცის, რომ ბევრი შრომა და ბარიერების გადალახვა მოუწევს. 

 

"კარგად მაქვს გააზრებული, რომ ბრძოლისა და შრომის გარეშე რთულია წარმატებულოი იყო. ახლა ისეთი დროა, რომ ყველას სჭირდება ფსიქოლოგი, განსაკუთრებით კი მათ, ვინც გაჭირვებაში ცხოვრობს და ამით ფსიქიკა ორმაგად ერყევათ; ასევე მათ, ვინც ბულინგნის მსხვერპლია. ვფიქრობ, ყველაზე მეტად ასეთი კატეგორიის ადამიანებს უნდა გამოვადგე ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით".

 

საუბრის დასასრულს, ნინი ამბობს, რომ გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სტუდენტობა მისთვის მოულოდნელი იყო. ნინი ალტენრატიულ რისკებზე ფიქრობდა და არ გამორიცხავდა, რომ შესაძლოა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა აღარ მიეღო, რაც ოფიციალურად ღია ცის ქვეშ დარჩენას და მომავლის ხელახალ დაგეგმვას გულისხმობდა.

 

ახლა კი, როცა უკვე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ჰქვია, ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთგვარი გამოწვევა და გამართლებაა, რაც მას მეტად განვითარების მოტივაციას აძლევს. 

Read 784 times Last modified on ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020 16:00