Back to Top
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 12:22

დიდი, ერთობის, მეფის, ლენინის ქუჩა - როგორია გორის სამეფო ქუჩის ისტორია

გორში, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის ისტორია ცოტამ თუ იცის და მისი დაარსების შესახებაც მცირე ცნობებია შემორჩენილი.

 

სამეფო ქუჩა გორის ისტორიულ უბან "ვარდისუბანში" მდებარეობს. ისტორიული ცნობების მიხედვით, ქუჩამ ამჟამინდელი სახელი 1871 წლის 25 სექტემბერს მიიღო, როცა გორში სტუმრად რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე იმყოფებოდა.

 

ქუჩას სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. თავდაპირველად მას ,,დიდ“ ქუჩას ეძახდნენ, შემდეგ - "სამეფოს", საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს "ერთობის" ქუჩა უწოდეს, საბჭოთა ხელისუფლების დროს პროლეტარიატის ბელადის - ლენინის სახელი ერგო, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, XX ს. 90-იან წლებში "ერთობის" სახელი დაუბრუნეს, ბოლოს ისევ "სამეფო" ქუჩა დაერქვა.

 

1801 წელს გორი სამაზრო ცენტრად იქცა, მას შემდეგ რაც, აღმოსავლეთ საქართველოში რუსული ხელისუფლება დამყარდა.

 

გორის პირველი გეგმა შექმნა პოლკოვნიკმა დრენიაკინმა 1802 წელს, რომლის მიხედვით, ქალაქი ასევე გორის ციხის გარშემოა ამფითეატრის მსგავსად ნახევარ რკალურად განფენილი მაგრამ "სამეფო" ქუჩა მასზე ჯერ კიდევ არ ჩანს.

 

სამეფო ქუჩის ერთ-ერთი პირველი აღწერა ნამყოფ ერთ-ერთი მოგზაურს ეკუთვნის, რომელიც გაზეთ "კავკაზში“ წერდა:

 

"პირველი ქუჩა, რომელზეც მივდიოდი, საკმაოდ კარგია და ეწოდება "მეფის ქუჩა“. იგი პროსპექტს წააგავს ამ ქუჩას საკმაოდ მოხდენილი სახე აქვს, განიერი და სწორია. მას ამშვენებს ორსართულიანი სახლები, მაღაზიები, მცენარეები, ტროტუარები, ფარნები. ქუჩის ორივე მხარეს გაყვანილია არხები, სადაც წყალი მოედინება. ამ ქუჩაზე ერთი აივნიანი სახლია, რომელსაც ერეკლეს სასახლეს უწოდებენ“, - წერდა მოგზაური.

 

 

სამეფო ქუჩას დეტალურად აღწერს მე -20 საუკუნის დასაწყისში, იმ დროისთვის გორში მცხოვრები ილია პაპისმედოვი.

 

"მეფის ქუჩაზე, სხვა შესანიშნავ ნაგებობებთან ერთად მდებარეობდა ი. თავზარაშვილის ორსართულიანი გრძელი შენობა, რომლის ზედა სართულზე კინოთეატრი იყო, ქვემოთ კი მაღაზიები. ამ შენობის მოპირდაპირე მხარეს, მოთავსებული იყო კვალიაშვილის აფთიაქი. მას მარჯვნივ მიჰყვებოდა კ. დიასამიძის ერთსართულიანი გრძელი ნაგებობა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულიყვნენ: ევროპელი ებრაელი თერძის შიოს სახელოსნო, საკონდიტრო მაღაზია, მესაათე ბროცკის სახელოსნო, ი. შტეიმანის სამღებრო-სახელოსნო, აისორების პურის საცხობი-მაღაზია, ოქრუაშვილის ფეხსაცმელების შესაკერი სახელოსნო, ჩემი ძმის საფართლეულო მაღაზია, ს. მაისურაძის წიგნების მაღაზია და დასასრულ, წიკლაურის სადურგლო-სახელოსნო. მაღაზია-სახელოსნოების პატრონები, წიკლაურის გარდა, თავიანთი ოჯახებითურთ ცხოვრობდნენ ამათვე მაღაზია-სახელოსნოების უკან გადატიხრულ ბინებში".

 

მისივე ცნობებით, ამ ქუჩაზე განლაგებული იყო ქალაქის ძირითადი ადმინისტრაციულ - საზოგადოებრივი დაწესებულებები. მაზრის უფროსის სამმართველო და პოლიციის უბანი, კინოთეატრი, ქალ-ვაჟთა გიმნაზია, სასულიერო სემინარია, კლუბი, კაფე ,,მანდილოსანი“ და სხვ.

 

სამეფოს ქუჩაზე რამდენიმე ისტორიული შენობაა. მათგან თავისი სიძველით გამოირჩევა XIX ს. 20-იან წლებში კავკასიის პოლკისათვის აგებული ლაზარეთი (იხ: ფოტო 3, 4, 5), რომელიც ამჟამადაც დგას (#76). 1834 წელს შენობა შეუსყიდია სინოდალურ კანტორას და აქ გადმოუტანია სასულიერო სასწავლებელი, ვიდრე 1888 წელს მისთვის ახალი ორსართულიანი შენობა[11] არ ააგეს. შენობა მდებარეობდა სამეფო ქუჩის ბოლოში, მდ. მტკვრის სიახლოვეს, სადაც ახლა წმ. გიორგი მთაწმინდელის სკოლა - გიმნაზიაა განთავსებული.

 

სასულიერო გიმნაზიის სიახლოვეს, დღევანდელი მუსიკალური სკოლის შენობაში 1911 წელს თბილისიდან ჩამოსულ ვინმე ამატუნს გაუხსნია პირველი კინოთეატრი, რომელსაც ,,ილუზიონი“ ეწოდებოდა და ხდებოდა მუნჯი ფილმების დემონსტრირება. ფილმების ჩვენების დროს პიანისტი ქალი უკრავდა როიალზე. ამატუნის კინომ გორში 1913 წლამდე იარსება.

 

 

 

მასალა მომზადებულია გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, იოსებ ალიმბარაშვილის ნაშრომის მიხედვით.