Back to Top
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020 16:33

ღვთისმშობლობა აჩაბეთში - დიდი ლიახვის ხეობაში 21 სექტემბერს თირის მონასტერში იკრიბებოდნენ

დიდი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბეთში 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას თირის მონასტერში აღნიშნავდნენ.

 

27 წლის ლელა მაზმიშვილი დიდი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბეთიდანაა. 12 წელია გორში ცხოვრობს და მშობლიური მხარე აღარ უნახავს. თუ არ ჩავთვლით იმ ფოტოსურათებს, რომლებსაც ცხინვალელი ნათესავები უგზავნიან.

 

ფოტო მასალას შორისაა ეკლესია-მონასტრები, რომელთა უმრავლესობა ამჟამად დანგრევის პირასაა. ლელასთვის ყველაზე საყურადღებო თირის მონასტერია, რადგან ის სოფლის ტრადიციებს ახსენებს.

 

"დღეს 21 სექტემბერია, ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღე, რადგან ყოველ წელს აჩაბეთში ამ დღეს ჩემი სოფელი განსაკუთრებულად ზეიმობდა. ჩემი აივანი და სახლის ფანჯრები გადაჰყურებდა აჩაბეთის ციხეს. 21 სექტემბერს კი ღვთისმშობლის დღესასწაულზე ჩემი ოჯახის წევრები თანასოფლელებთან ერთად, თირის მონასტერში იკრიბებოდნენ.  ცხინვალიდანაც გადმოდიოდნენ და ერთად აღვნიშნავდით. მაშინ პატარა ვიყავი, თუმცა მახსოვს ის ეკლესია-მონასტრები და ისტორიული ადგილები, რაც ჩემი სოფლის სიახლოვეს იყო. მე დეიდა მყავს ცხინვალში, დეიდაშვილებს სოციალური ქსელით ვეკონტაქტები. ვთხოვე რომ გადაეღოთ და გამოეგზავნათ ფოტოები ჩემი სახლის და იმ ადგილების, სადაც ბავშვობა მაქვს გატარებული, მათ შორის ისტორიული ტერიტორიების", - ამბობს ლელა მაზმიშვილი.