Back to Top
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020 12:33

„ცვილი“ - სოფი ბუნტურის წარმატების ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

სოფი ბუნტური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. ცვილისგან სხვადასხვა დეკორატიულ ნივთებს ამზადებს. ცოტა ხნის წინ, საყვარელი ხელსაქმე ბრენდად აქცია.

 

12 წელია ცვილზე მუშაობს. მასზე მუშაობის ტექნოლოგია მონასტერში ყოფნის დროს შეისწავლა. ამბობს, რომ დროთა განმავლობაში ეს საქმე მისთვის, ყოველდღიურობად იქცა. თავდაპირველად ცვილის საეკლესიო სანთლებს უსასყიდლოდ ქმნიდა, მოგვიანებით კი ამ საქმის შემოქმედებითად განვრცობა და დახვეწა გადაწყვიტა.

 

 


"ცვილზე მუშაობა თავდაპირველად ჩემთვის მხოლოდ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, რადგან დიდ დროს ვატარებდი დირბის დედათა მონასტერში, ვეცნობოდი სასულიერო ცხოვრებას და სწორედ აქ შევისწავლე ცვილზე მუშაობის ტექნოლოგია. დროთა განმავლობაში სანთლის კეთების ხელობა კარგად შევისწავლე და დავიწყე რელიგიური დღესასწაულებისთვის და საეკლესიო მოხმარებისთვის აუცილებელი სანთლების უსასყიდლოდ დამზადება. თუმცა მოგვიანებით უფრო შემოქმედებითად მივუდექი სანთლის კეთების ტექნოლოგიას და დავიწყე დეკორატიული აქსესუარების შექმნა", - ამბობს სოფი.


სოფი ამბობს, რომ ხელსაქმე მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილია და ცვილის გარდა, პოლიმერულ თიხაზეც მუშაობს.


"ვკერავ, ვქსოვ, ვქარგავ, პოლიმერულ თიხაზეც ვმუშაობ. კონკრეტულად სანთელზე მუშაობა დაახლოებით 12 წლის უკან დავიწყე, თუმცა ბრენდი "ცვილი" ჩამოვაყალიბე 2020 წელს EDEC (Education Development and Employment Center) - ის პროგრამის დახმარებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ამ არაჩვეულებრივ გუნდს. ცვილზე მუშაობა ძალიან სპეციფიკური და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რადგან მას სჭირდება სპეციალური კურთხევა, რომელიც მაქვს ეპარქიის წინამძღვრისგან და ასევე პირადი მოძღვრისგან."

 

 


ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანი თემატიკის ნამუშევრებს სოფი სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე აქვეყნებს და როგორც ამბობს, საზოგადოების მხრიდან მოწონებას იმსახურებს. მისი თქმით, ერთი დეკორაციის დამზადების დრო ნამუშევრის სირთულეზე და თემატიკაზეა დამოკიდედებული.


"ცვილისაგან ვქმნი საეკლესიო თემატიკაზე შექმნილ სუვენირებს, ნეფე-დედოფლის სანთლებს, მოთხოვნიდან გამომდინარე, ქართულ ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ სიუჟეტებს. ჩემი ყველა პროდუქტი არის ერთმანეთისაგან განსხვავებული ორნამენტებისა და თემატიკის მატარებელი. მოსახლეობაში დიდ მოწონებასა და ინტერესს იწვევს ჩემი ნამუშევრები, რეალიზაციას ვუწევ როგორც საეკლესიო მაღაზიებში, ასევე ინტერნეტ სივრცის მეშვეობითაც. მარტო ვმუშაობ და არის ნამუშევარი, რომელიც პირობითად რომ ვთქვათ, შემიძლია შევქმნა 500 ცალი თვის განმავლობაში და არის ნამუშევარი რომელსაც ფიზიკურად 100 ცალზე მეტს ვერ შექმნი 1 თვის მანძილზე", - ამბობს ის.

 

 


სოფის სურვილია, რომ მისმა საქმიანობამ წარმატება მოუტანოს და სხვა ქალებისთვის მაგალითის მიმცემი გახდეს. ამბობს რომ მისთვის, შთაგონება და სტიმული შვილთან ურთიერთობაა.


"რამოდენიმე გამოფენაში მივიღე მონაწილეობა და წარმატების სიგელიც გადმომცეს, თუმცა გამოფენებისთვის დრო ნაკლებად მაქვს, რადგან ვარ მარტოხელა დედა და მარტოს მიწევს უამრავი სირთულის გადალახვა, თუმცა ჩემი ეს მდგომარეობა მოტივაციას მაძლევს და ყველაფერს ვაკეთებ, იმისთვის, რომ ვიყო ძლიერი შემდგარი ქალი და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი", - ამბობს სოფი.

Read 836 times Last modified on ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020 12:56