Back to Top
კვირა, 08 ნოემბერი 2020 11:45

„არა ონლაინ სწავლებას, სკოლაში წასვლა მირჩევნია!“ - ანანო კახნიშვილის წერილი 

Written by
Rate this item
(0 votes)

პანდემიის გამო ჩვეულ ცხოვრების რიტმზე უარის თქმა განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს გაუჭირდათ, რადგან თანაკლასელებთან და პედაგოგებთან ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობა მათი განვითარებისა და პიროვნული ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

სწავლების დისტანციური რეჟიმი მოსწავლეთა ნაწილისთვის მიუღებელია. წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა ანანო კახნიშვილმა თავისი განცდები წერილში გადმოსცა, რომელსაც რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ:

 

გაზაფხულის პანდემიის გამო შეშინებული მთელი ზაფხული ვნატრობდი, ნეტა სკოლა სექტემბერში მაინც დაიწყოს მეთქი.

 

ღმერთმა ვედრება ამისრულა და 15 სექტემბერს სკოლა დაიწყო. მონატრებულმა თანაკლასელებმა გაიხარეს, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ძველ რეჟიმს დაუბრუნდნენ, ოღონდ - განსხვავებულად. ბავშვებს აღარც ერთმანეთთან ჩახუტება შეგვეძლო და აღარც მასწავლებლებთან. ამ განსხვავებაში იგულისხმება ასევე: პირბადეები, ნახევარსაათიანი გაკვეთილები, ხუთი და ათწუთიანი დასვენებები, თერმოსკრინინგი და რაც მთავარია, ანტიბაქტერიული ხსნარის ხშირად გამოყენება.

 

გაზაფხულზე, რამდენჯერაც სკოლის წინ გავიარე,  აღარც ზარის ხმა მომესმა, აღარც ბავშვების ჟივილ-ხივილი, აღარც მასწავლებლების ძახილი, აღარც ბურთის ტყორცნის ხმა, ვეღარც ჩანთააკიდებული ბავშვები დავინახე. ერთ დროს, ჩვენი მქუხარე და ხმაურიანი  სკოლა, სადღაც შორს, მიყრუებულ მთაში არსებულ ნაგებობას ჰგავდა. გეგონებოდათ, იქ არასდროს არავინ ყოფილა და ამ შენობის შესახებ არავინ არაფერი იცისო.

 

თითქოს ტიროდა ჩვენი ძვირფასი სკოლა, ნეტა რატომ მიმატოვეს იმ გოგო-ბიჭებმა, ჩემთან რომ იზრდებოდნენო?! გაზაფხულზე  სკოლა მართლაც ისე დავტოვეთ, არც კი გამოვემშვიდობეთ, ერთკვირიანი დასვენება ისე გვიხაროდა, რომ ჩვენი საუკეთესო მეგობარი არც კი გაგვხსენებია.

 

არდადეგები დიდხანს გაგრძელდა, რაც თავიდან გვიხაროდა ბავშვებსაც და ალბათ მასწავლებლებსაც, მერე კი - სახლში ჩაკეტილობა მოგვბეზრდა და სწავლის დაწყებას ვნატრობდით. სკოლასაც თავპირი ჩამოსტიროდა, რომ აღარ მივაკითხეთ. მერე კი, ონლაინ სწავლა დაიწყო და ასე ულამაზოდ გაგრძელდა ზაფხულის არდადეგებამდე.

 

პანდემია ზაფხულში დაცხრა, ბავშვებს კი, სკოლა ძალიან მოგვენატრა. და აი, 15 სექტემბერს სკოლამ ისევ ყველა ერთად გვიხილა. დაგვინახა თუ არა, სიხარულით ზარი დარეკა, ყველას კარი გაგვიღო.

 

გავიდა ხანი და ვირუსმა არც ახლა დაგვინდო, - ის წეროვანშიც დაფიქსირდა. სკოლამ ისევ გაზაფხულის ბედი გაიზიარა. ჩვენ უკვე ვიცოდით, რას ნიშნავს, „ონლაინ“, ამიტომ ძველებურად აღარ გაგვხარებია. ჯერ მხოლოდ ერთი კვირა იქნებაო, - ასე გვითხრეს, მაგრამ ამ დრომდე გრძელდება.

 

არა, ისევ სკოლაში სიარული მირჩევნია, მასწავლებლების თუნდაც საყვედური, კლასელების მხრიდან პატარ-პატარა წყენა და დამლაგებლების წუწუნი, -აქ სად გაიარე, ნაფეხურები დააჩნდაო.

 

არა, ასე დიდხანს ძილსა და ჩაკეტილობას ისევ დილით წამოხტომა მირჩევნია, თუნდაც გამთენიისას და წვიმაშიც, ქარშიც და ქარბუქშიც სკოლის გზაზე ყოველდღიურად სიარული. ვერა, ვერ ვიტან ონლაინ სწავლებასა და დამუნჯებულ სკოლას, რომელსაც ჩვენი უბნიდან გავცქერი და ფრთებჩამოყრილს, დამუნჯებულსა და ნამტირალევს ვხედავ.

 

ანანო კახნიაშვილი, მე-5 კლასის მოსწავლე.

 

წეროვნის დევნილთა დასახლება.    

Read 673 times Last modified on კვირა, 08 ნოემბერი 2020 12:03