როდესაც ლიდერები მშვიდობაზე საუბარს იწყებენ ...

წერილები Written by  შაბათი, 05 მაისი 2018 10:03 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თაკო გაგლოევა

9 მაისს გორში რუსული მარშის "უკვდავი პოლკის" ჩატარება იგეგმება. 

 

“როდესაც ლიდერები მშვიდობაზე საუბარს იწყებენ, უბრალო ხალხი უმალ ხვდება, რომ მალე ომი დაიწყება;
როდესაც ისინი ომში ერთვებიან, მათ უკვე დიდი ხნის წინ აქვთ მობილიზაციის ბრძანება გაცემული.
ყოველდღე, მთელი დღის სამყოფი ფურის საყიდლად მივდივარ მაღაზიაში, სადაც ტყუილებს ყიდულობენ.
საბედნიეროდ, მე ადგილს გამყიდველებს შორის ვიკავებ.”
-  ბ. ბრეხტი


მე და პუტინი ერთ ომში ვიყავით

13 წლის ვიყავი, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი გაჩაღდა, პუტინმა დარეკა და მითხრა: “ჩვენ დაგიცავთ, ოღონდ აქეთ წამოდი, შენი დების და ძმების გვერდით",  და მე არ დავთანხმდი, რადგან ჩემი დებიც და ძმებიც გორში მეგულებოდნენ, ბებოსთან ერთად - ბებოსთან, რომელსაც მე ვამშვიდებდი ჭურვების ხმაურისგან შეშლილს. პუტინი გაბრაზდა, თანაც ძალიან. მან ყველაფერი გაანადგურა - ჩემი ცხინვალელი დების და ძმების სახლები, მიწები, გზები, სკოლები, ბაღები და თქვა, რომ ყველაფერს იზამდა, იმ ხალხზე შურის საძიებლად, ვინც დიდებულ რუსეთს პატივს არ სცემს.

მაშ შემდეგ 10 წელი გავიდა. ის დაბერდა, მე- გავიზარდე და ვამჩნევ, რომ ბევრ ადამიანს ისევ ეშინია პუტინის “დიდებული რუსეთის”. მისი სული კვლავ ვოლანდემორტის სულივით გახლეჩილი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია გადამალული. ერთ-ერთი კი, სრულიად დარწმუნებით გეუბნებით, რომ საქართველოშია, იმ ხალხის გონებაში ჩამარხული, რომლებმაც ვერ დაახწიეს მარწუხებს თავი, ვერ გაიაზრეს იმპერიალიზმის ბინძური, ყოვლად დამანგრეველი და ბოროტი პოლიტიკა. ის დღესაც ტყვეობაში ამყოფებს ახალგორის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, კვლავ იტაცებს და კლავს ადამიანებს, თავისი შხამიანი კლანჭებით; “საზღვარს” იქით მყოფებს კი უსპობს კულტურას, იდენტობას, ენას, ისტორიას, მეგობრობას და სიკეთის ცნებას.

რამდენიმე დღეში 9 მაისი მოვა და გორის მოსახლეობის მცირე ნაწილი, კვლავ გამოვა რუსული დროშების ფრიალით ქალაქის მთავარ მოედანზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იმ ადამიანის სახელი ჰქვია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, თავის წინამორბედებთან ერთად, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მონაპოვარის დასანგრევად და ხალხის მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი გონებიდან ყოველგვარი სიკეთის ამოსარეცხად. მათი მიზნები ყველასთვის ცხადია და საბედნიეროდ, უმრავლესობისთვის დღითიდღე უფრო და უფრო მიუღებელი ხდება.

გაუგონარი ამბავია, იმ ქვეყნის დროშის ფრიალი იმ ადგილზე, რომლის გვერდითაც გორის ციხე-სიმაგრე დგას, სადაც ადამიანები იმის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ, რაც დღეს გაგვაჩნია და რის წართმევასაც ოდითგანვე ცდილობდა იმპერიალისტური რუსეთი. ის მსოფლიოში მშვიდობას ქადაგებს, ჩვენ კი კვლავ ვდგავართ ტყუილების შესაჭმელ რიგში და ჩვენს წილ ულუფას ველით. მას ჩვენი ქვეყნის მესამედი ოკუპირებული აქვს, აწარმოებს კავკასიის ერების იდენტობის მოსპობის პოლიტიკას. აჩაღებს ომს უახლოეს მეზობელ უკრაინასთან და ახლო აღმოსავლეთში შუღლს აღვივებს. პარალელურად, კი ზუსტად ამ ქვეყნის დროშის ფრიალის მომსწრენი გავხდებით სულ ცოტა ხანში, 9 მაისს - დღეს, როდესაც ხალხთა ერთობამ და სოლიდარობამ ფაშიზმი დაამარცხა. ის მითი კი, თითქოს და ეს “დიდებული რუსეთის” დამსახურება იყო, სამუდამოდ უნდა დაინგრეს, რადგან ყველა ჩვენგანს გვაკისრია ამის გააზრების ვალდებულება, რადგან ეს იყო თავდადებული გმირების, ჩვენი მამების და პაპების, დედების და ბებიების გამარჯვება.

დიდება გმირებს!


არა რუსეთის იმპერიალისტურ და დამპყრობელ პოლიტიკას!

 

შენიშვნა: ტექსტი შეიცავს სატირულ ელემენტებს.

 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1609 times Last modified on კვირა, 15 ივლისი 2018 11:26

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი