რას წერდა ეკატერინე გაბაშვილი განათლებაზე - ნაწყვეტი მწერლის წერილიდან

მაისი 17 2018

ერთ-ერთი, ვისი შემოქმედებიდანაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, გორში დაბადებული ეკატერინე გაბაშვილია. გორელი მწერალი 1851 წლის 16 ივნისს დაიბადა.

1870 წელს  გაზეთში „დროება“  (N1) გამოჩნდა წერილი „გლეხკაცის აზრი სასოფლო სკოლაზე“, სადაც ეკატერინემ აღწერა განათლებისადმი/სწავლისადმი თანასოფლელების დამოკიდებულება, გაუცნობიერებელი შიში ახალი,  მათთვის უცხო საჭიროებების მიმართ. ამ პუბლიკაციაში პირველად გაისმა ხალხოსნური, განმანათლებლური შეგონება უბრალო ადამიანების მიმართ:

„განა ვერა ხედავ, როგორ ყველაში გჯობიათ სწავლულნი ხალხი: როგორც გონივრობაში, ისე ცხოვრებაში, თუ ჭამით, თუ სმით და ჩაცმით? აქედან ჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, განა დღიური ლუკმა მარტო ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს კარგი ცხოვრება ვერ უპოვნია და ვერც თქვენ იპოვნით, იმიტომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა. მეორეც ესა, რომ არიან კიდევ სხვა ბევრი გზები ცხოვრებისა, მაგალითად: ვაჭრობა, ხელოსნობა, ოსტატობა, მხატვრობა, მწერლობა, ხელმწიფის სამსახური და სხვა. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს შვილებს არ შეეძლოთ ასრულება ყველაფრისა, რაც მე ჩამოვთვალე. სწავლას ბევრი რამ შეუძლიან, შენიშნულია, რომ წარჩინებულნი კაცნი ხშირად უფრო თქვენისთანა ხალხიდგან გამოდიან. ასე, ჩემო ნინო, სიხარულით მიეცით თქვენი შვილები სკოლაში, სწავლა დიდი სამკაულია კაცისათვის და მარტო სწავლას შეუძლიან გამოიყვანოს ხალხი იმ უმეცარი მდგომარეობიდგან, რომელშიაც აქამდისინ ყელამდინ არის ჩაფლული...“

ეს პუბლიკაცია აღმოჩნდა დასაწყისი მწერალი ქალის საზოგადოებრივი მოღვაწეობისა.  1882 წლიდან ეკატერინე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრია, 1897-1922 წლებში ქალთა პროფესიული სკოლის ხელმძღვანელი, 1872-1905 - ქალთა წრის დაარსების და მისი რეგიონული ფილიალების შექმნის ინიციატორი. თავისი შემოქმედებით და ცხოვრებით ცდილობდა დაერწმუნებინა მისი თანამედროვენი თანასწორობის  იდეის საჭიროებასა და აუცილებლობაში. ამიტომაც იყო, რომ თანამედროვეთაგან უამრავ ქალს აუხილა თვალი და მისცა თვითგამორკვევისა და განვითარების ბიძგი.

ეკატერინე გაბაშვილი 1938 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი