ცოტა რამ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მდებარე მუზეუმების შესახებ

მაისი 18 2018

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში არაერთი მუზეუმია. მათგან ნაწილი მერიის ბალანსზე ირიცხება, ნაწილი კულტურის სამინისტროს ეკუთვნის, ნაწილს კი კერძო მესაკუთრე ჰყავს. 

გორში მდებარე მუზეუმები

• სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1935 წელს. დაცულია 48 100-ზე მეტი ექსპონანტი. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ასეთია: მიწათმოქმედების (ხორბლეულისა და მევენახეობის კულტურები), მესაქონლეობის, ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალა, რომლებიც წარმოდგენას გვაძლევენ წინა აზიისა და ქართველ ტომთა უძველესი კულტურის მჭიდრო კავშირზე. ასევე უნიკალურია ვერცხლის კოლხური დიდრაქმა, დრაქმები, თამარისა და დავით ნარინის მონეტები, გორის განძი, ძვ. აღმოსავლეთისა და ანტიკური ქვეყნების მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე. მნიშვნელოვანია ქართულ ხელნაწერების, ნივთიერი მასალების კოლექციები და მდიდარი ფოტოარქივი.

• საბრძოლო დიდების მუზეუმი

მუზეუმში გამოფენილი და დაცულია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ფოტოები და ომის დროინდელი მასალები, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მასალები. 

• იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დაარსდა 1937 წელს. არის ისტორიული კლასიფიკაციის. ინახება 60 000-მდე ექსპონატი. მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები

• ოკუპაციის მუზეუმი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი 2018 წლის 25 თებერვალს გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილი მასალები 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების ეპიზოდებს ქრონოლოგიურად ასახავს. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ჯარისკაცების ფოტომასალა.

 

გორის მუნიციპალიტეტში მდებარე მუზეუმები

• უფლისციხის ნაკრძალ-მუზეუმი

მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნდა 1988 წელს. მუზეუმში დაცულია 3 300 ექსპონანტი. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს: კლდეში ნაკვეთ ქუჩებს და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს, სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორირებულ კლდოვან დარბაზებს, პურის საცხობებს, საიდუმლო გვირაბს. აგრეთვე, უძველესი სამნავიანი ბაზილიკის ფრაგმენტებს, ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, წარმართული ტაძრის ადგილას აღმართულ უფლისწულის ეკლესიას, შუა საუკუნეების სახლებს და დარბაზებს. მუზეუმში წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო და სამეურნეოიარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები.

• იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში. დაარსდა 1958 წელს. 2010 წლის 1 იანვრისთვის ფონდში იყო 1 500-ზე მეტი ექსპონატი. მათ შორის იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები (24 ერთეული), ფოტომასალა, დოკუმენტები, წარმოდგენილია აგრეთვე საბჭოთა პერიოდის ფერწერა, ქანდაკება, ჭედურობა, კერამიკა. თავმოყრილია მასალა გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის ლაურეატებზე. სახლ-მუზეუმში ტარდება სამეცნიერო სესიები, ლექციები. მუზეუმი ყოველწლიურად უძღვება სახალხო დღესასწაულს „იაკობობას“. გამოცემულია სახლ-მუზეუმის მეგზური.

• ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1986 წელს. მუზეუმში დაცულია აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის და მისი შვილის აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები, სამეცნიერო მასალები და სხვა.

• ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი

ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში. ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ერთ ოთახში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, მემორიალური ნივთები, მეორეში სოფლის ბიბლიოთეკაა.

• ომის მუზეუმი

2008 წლის აგვისტოს მუზეუმი 2017 წელს გაიხსნა სოფელ ერგნეთში. მუზეუმში, რომელიც ომს გადარჩენილი სახლის სარდაფში მდებარეობს, ომის ამსახველი ფოტომასალა და ოკუპირებული სოფლებიდან წამოღებული ნივთებია გამოფენილი. მუზეუმის გახსნის იდეა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ლია ჩლაჩიძეს ეკუთვნის.

• დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალი დაფუძნდდა 2005 წელს. გორში, ვერხვების დასახლებაში, ფუნქციონირებს დიდი ლიახვის ხეობის ოკუპირებული მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შექმნილი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მასალების მოძიება - სისტემატიზაციას.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი