აბლაბუდა - ჩანთების ქსოვა, როგორც ბიზნესი და განტვირთვა

Rate this item
(0 votes)

მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ რთულია, საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციო, თუმცა ჩვენს ქალაქში ვიღაცები ამას ნამდვილად ახერხებენ. მარიამ ხუბულური და ნინო სამადალაშვილიც სწორედ ასეთები არიან.

- მოგვიყევით თქვენს შესახებ?

- ჩვენ მეგობრები ვართ და ჩანთებს ვქსოვთ. "აბლაბუდა" - ადამიანები ჩვენს ჩანთებს ამ სახელით იცნობენ.

მარიამი და ნინო დიდი ხნის მეგობრები არიან. ქსოვა მარიამს - დედამ, ნინოს კი ბებიამ ასწავლა. მარიამი იხსენებს, რომ ბავშვობაშიც კი  პირველი, რაც მოქსოვა, მწვანე ჩანთა იყო, რომელსაც დედამ ამ ფერივე ატლასი სარჩულად გამოუკერა და ფერადი ბისერებით მორთო. თუ მარიამს დავუჯერებთ, ეს ჩანთა დღემდე შენახული აქვს და ძველი ნივთების შესანახად იყენებს.

ablabuda 3

"ბავშვობაში, როცა ერთი თვალის ამოყვანას რამდენიმე წუთს ვანდომებდით, ალბათ ვერც ვიფიქრდებდით, რომ ათობით წლის მერე, ამ საქმის კეთებაში ღამეებს გავათევდით", - გვეუბნებიან გოგოები.

ჩანთების შექმნის იდეა მარიამს წლების წინ გაუჩნდა, თუმცა მეგობარს მხოლოდ ერთი წლის წინ გაუმხილა.

"იდეა ძალიან მომეწონა. მერე დავსხედით და ინეტრნეტში მსგავსი ჩანთები მოვძებნეთ. YOUTUBE-ის დახმარებით ხომ ყველაფრის სწავლა შეიძლება. ქსოვა ჩვენ ვიდეობით ვისწავლეთ და საქმეს შევუდექით. ყველაფერი გართობის მიზნით დავიწყეთ", - ამბობს ნინო. 

გოგონებმა პირველი ჩანთა მალევე გაყიდეს. დღეს მათ ანგარიშზე რვა გაყიდული ჩანთა და ათასობით მოწონებაა.

"უცნაური პროცესია. ქსოვას იწყებ თუ არა, ერთი სული გაქვს დაამთავრო და შედეგი დაინახო. პირველი ჩანთა რომ გავყიდეთ, მოტივაცია ერთიანად გაგვიათმაგდა. ხანდახან, მთელი ღამე ვქსოვთ. თან რაც დრო გადის, ჩვენც ახალ-ახალ რაღაცებს ვსწავლობთ და ჩვენი პროდუქციაც უფრო იხვეწება და მრავალფეროვნდება. თან ხალხს რომ მოსწონს, განწყობაზე ესეც მოქმედებს", - გვიმხელს მარიამი.

ABLABUDA 2

ჩანთების ფოტოებს მარიამი და ნინო სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. მათ ფეისბუქ გვერდს "აბლაბუდა" ჰქვია.

- რატომ აირჩიეთ ეს სახელი?

- სახელის მოფიქრება რთული ამბავი იყო.  მინდოდა "ქსოვის" შესატყვისი ძველი ქართული სიტყვა მომეძებნა. იყო რაღაცები, რაც დიდად არ მომწონდა. ძებნის პროცესში მივაგენი ამ სიტყვას და ნინოს ხუმრობით მივწერე, "აბლაბუდა" დავარქვათ-მეთქი. ხუმრობით იმიტომ, რომ ნინო ობობებს ვერ იტანს. ალბათ ბევრ ადამიანს რომ არ მოსწონებოდა, ნინოს ვერც დავითანხმებდი.   

სახელის შერჩევიდან მალევე, "აბლაბუდა" ცნობილი ბევრი ადამიანისთვის გახდა. როგორც გოგონები ამბობენ, მათ მიერ მოქსოვილი ყველა ჩანთა ინდივიდუალურია - ფორმები და ფერები ერთმანეთს არ იმეორებენ.

"ზოგი ჩანთა ჩვენც ისე მოგვწონს, რომ ხელის კანკალით ვატანთ მყიდველს. გვგონია, რაც დრო გავა, ასეთი მომენტები უფრო ხშირად გვექნება".

მარიამი და ნინო მომავალში გამოფენა-გაყიდვის მოწყობასაც გეგმავენ.  სჯერათ, რომ კიდევ დიდხანს ჩანთების ქსოვა მათთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება იქნება.

ablabuda 1

Read 5921 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი