ვასილისა ჯაბახიძე - გორის საკრებულოს ყველაზე უმცროსი დეპუტატის ისტორია

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველაზე უმცროსი წევრი ვასილისა ჯაბახიძეა. ის 22 წლის არის და საკრებულოს დეპუტატობის პარალელურად, უნივერსიტეტშიც სწავლობს.

ვასილისა ამბობს, რომ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობები გააზრებული აქვს და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

„22 წელი ისეთი ასაკია, როცა ადამინები სხვა რაღაცებით არიან დაკავებულები - ფიქრობენ გართობაზე. ჩემს შემთხვევაში, ისე მოხდა, რომ ბევრი ვალდებულებები დამეკისრა. სწავლა - უნივერსიტეტში და დეპუტატობა - საკრებულოში. თუმცა ის პასუხისმგებლობა, რომელიც როგორც საკრებულოს დეპუტატს მაკისრია,  აბსოლუტურად მაქვს გათავისებული და ვცდილობ, რომ მართალი ვიყო იმ ხალხთან, ვინც ნდობა გამოგვიცხადა. მთავარია, პასუხისმგებლობის აღება და გათავისება. აქედან გამომდინარე, შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დგება.“

ვასილი ამბობს, რომ მუშაობა 14 წლის ასაკში დაიწყო. შესაბამისად, მისი ახლობლები თავიდანვე შეეგუვნენ მის სურვილს, ყოფილიყო დამოუკიდებელი ადამიანი.

„თოთხმეტი წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. ოჯახში არ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ მე არ მემუშავა. დამოუკიდებელი გავხდი თოთხმეტი წლიდან, მქონდა ჩემი ბიუჯეტი განსაზღვრული, ჩემი ოჯახის წევრები, დედა, მიეჩვია, იმას რომ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ“.

ვასილისა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. გვეუბნება, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რაც შეეხებათ მეგობრებს, ამბობს, რომ საკრებულოს წევრად არჩევას ურთიერთობებზე გავლენა არ მოუხდენია.

„ურთიერთობებშიც ახლაც ის ვარ, ვინც ადრე ვიყავი. მისწრაფებები და ინტერესებიც არ შემცვლია. სოფელ კარალეთში მაქვს სახლი, ახლა მაქვს შესაძლებლობა იქ ვიყო და სოფლის მეურნეობაში მივეხმარო ჩემს ოჯახის წევრებს და შესაბამისად ჩემი ცხოვრება არის სხვადასხვანაირი, ხან არის წიგნი, ხან არის ფიზიკური შრომა და ვუთავსებ ყველაფერს. თუმცა წიგნები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში.“

ვასილისა ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. მისი სამომავლო გეგმები ჯერჯერობით სწავლის გაგრძელებას უკავშირდება.

„საქართველოდან წასვლას არ ვგეგმავ არანაირად, სწავლის მხრივაც ვფირობ, რომ საქართველოში დავრჩები, გავაგრძელებ ხარისხების დაცვას, ვინაიდან მე ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი რაიონი და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს.“

საკრებულოს დეპუტატს სჯერა, რომ წლების მატებასთან ერთად, ბევრ რამეს ისწავლის და თუ მოინდომებს, დამოუკიდებელთან ერთად, სასარგებლო ადამიანიც ბევრისთვის გახდება. 

Read 1681 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი