ნინო წიკლაური - გორის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელის ისტორია

Rate this item
(0 votes)

გორის გოგონათა გუნდთან ერთად, მთელი საქართველო მის ხელმძღვანელ ნინო წიკლაურსაც იცნობს. 

მისი მუსიკალური ნიჭი ბავშვობაში დედას აღმოუჩენია და სამუსიკო სკოლაში შეუყვანია. ჩვენთან საუბარში ნინო იხსენებს, რომ 3 წლის ასაკში უკვე სცენაზე იდგა და მღეროდა. 

"როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, სამი წლიდან უკვე სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი. ძალიან ღრმა ბავშვობიდან შეუმჩნევია დედას, რომ მქონდა მუსიკალური ნიჭი. ჩავაბარე სამუსიკო სკოლაში, იქაც მქონდა პატარა მიღწევები. შემდგომ სამუსიკო სასწავლებელში გავაგრძელე სწავლა, ფორტეპიანოს განხრით და ჩემი პროფესიული განვითარება დაგვირგვინდა კონსერვატორიით.

"

ნინომ გორის გოგონათა გუნდი 2006 წელს ჩამოაყალიბა. მაშინ თავად გორის ქალთა კამერულ გუნდში მღეროდა.  

"შალვა მოსიძე სულ ამბობდა, რომ გორში ბავშვთა გუნდი აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებულიყო, იმ მიზნით, რომ ქალთა გუნდს ჰყოლოდა თაობათა ცვლა, გაზრდილიყო გუნდისთვის თაობები. მე ბედნიერი ვიყავი, რომ ეს საპასუხისმგებლო საქმე მომანდო. გავიდა პერიოდი, ჩვენი სასწავლებელი იქცა კოლეჯად და ბავშვებიც გადავიდნენ კოლეჯის დაქვემდებარებაში", - გვიყვება ნინო და იქვე გორის გოგონათა გუნდის პირველ წარმატებებსაც იხსენებს. 

ნინო წიკლაური - გორის გოგონათ გუნდის ხელმძღვანელის

"ერთ წელიწადში ბავშვებმა კონცერტი გამართეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში და მართლაც დიდი ანშლაგით ჩაიარა. ძალიან მალე მიიღეს კონკურსში მონაწილეობა სომხეთში და მიიღეს პირველი ადგილი და ოქროს მედალი. გორის საგუნდო საზოგადოების მიერ ჩატარებულ საგუნდო ეროვნულ კონკურსებში ერთხელ პირველი ადგილი აიღეს, ერთხელ გრამპრი. ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო ბოლო წარმატებებიდან როდესაც, ბატონმა გია ყანჩელმა გორის გოგონათა/ბავშვთა გუნდს მიუძღვნა ბოლო ნაწარმოები „დედაენა“ და პარტიტურაზეც მიაწერა, „ვუძღვნი ჩემს შვილიშვილებს და გორის ბავშვთა გუნდს."

გორის გოგონათა გუნდისა და მისი ხელმძღვანელისთვის ერთ-ერთი ბოლო წარმატება "X ფაქტორის" ფინალში მოხვედრა იყო. 

"მიუხედავად იმისა, რომ პატარებიც მყავს გუნდში, მათ ჰქონდათ გამოცდილება სცენაზე დგომის. ყველაზე პატარა 7წლის ელენეა და სცენის შიში მასაც გადალახული ჰქონდა. კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, დავეკითხე მათ და ყველამ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კი მასწავლებელო, აუცილებლად უნდა გავიდეთ. იქვე ვთქვი, რომ ეს არის შოუ და საბოლოოდ შეტყობინებები გადაწყვეტს კონკურსის ბედს. ფსიქოლოგიურად მოვამზადე ბავშვები. ეს იყო საუკეთესო საშუალება, ჩვენი პოპულარიზაციისათვის."

ნინო კონკურსი პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ ბავშვებთან ერთად საკონკურსო ნამუშევრების მომზადებისთვის ბევრი დრო და ენერგია დახარჯა. თავადაც გაოცებულია საკუთარი გუნდის წევრების მონდომებით და ამბობს, რომ გუნდის ყველაზე უმცროსი წევრებიც კი ბოლომდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქმეს. 

"ძალიან დიდი შრომა დასჭირდათ ბავშვბს, ურთულესი სამი თვე იყო. თავიდან ყველა ვუდგებოდით ისე, რომ არ იყო მთავარი რა ეტაპამდე მოვიდოდით, მთავარი იყო, რა ხარისხში ვიმღერებდით.მადლობა ყველას, ვინც ერთი ზარი განახორციელა ჩვენს ნომერზე, მადლობა ჩემს ქალაქს... ყველა გულშემატკივარს ვუხდი დიდ მადლობას.
"

ნინოს მთავარი გულშემატკივარი მისი ოჯახია. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ფიქრობს, რომ გუნდის ხელმძღვანელის გარდა, კარგი მეუღლე და დედაც არის. 

"ჩემი მძიმე, დატვირთული რეჟიმის გამო, მგონია, რომ სულ ვაკლებ ჩემს ოჯახის წევრებს ყურადღებას. ეს შინაგანი მოთხოვნილება სულ მაქვს, რომ მეუღლეს მოვუმზადო კერძი, შვილებს გავუმზადო და გავუშვა, რის ნაკლებობასაც სულ განვიცდი, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ ვარ ქალი, დედა და მეუღლე. სულ ვამბობ ხოლმე, რომ ასეთი რეჟიმით რომ არ მიწევდეს ცხოვრება, ალბათ ცხრა შვილსაც ვიყოლიებდი."

ნინოს სჯერა, რომ საკუთარ გოგონებთან ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. მას მუდამ ახსოვს ერთი ოქროს წესი - აკეთე შენი საქმე გულით, არასოდეს დაელოდო არაფერს და ყველაფერი თავისით მოვა.



Read 9658 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი