Print this page

ტკბილი მომავალი მწარე წარსულის შემდეგ

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო აბუაშვილი

10 წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმ პირობების შემდეგ, რაც ღრმა ბავშვობაში გადავიტანე, ოდესღაც სრულფასოვნების განცდა მექნებოდა.

ალბათ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რაიმე წარმატების მიღწევას მეც შევძლებდი და დილით გაღვიძებულს აღარ მექნებოდა ის შემაწუხებელი შეგრძნებები, რაც სხვა ბავშვებისგან გამომარჩევდა. ეს ყველფერი კი სითამამეს და ბავშვურ სილაღეს მაკარგვინებდა.

მე დღეს 16 წლის ვარ. რთული დღეებისა და დაბრკოლებების გადალახვის შემდე,გ უკვე შემდგარი პიროვნება ვარ. ის ყველაფერი დავძლიე და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მომწონს. სტაჟირების გავლის შემდეგ მუშაობა დავიწყე ევროკავშირის მხარდაჭერით გახსნილ საწარმოში ,,ტკბილი მომავალი.

ჩემთან ერთად კიდევ ორი სოციალურად დაუცველი მოზარდი დასაქმდა. პროექტს კი, რომლის ფარგლელბშიც აქ მოვხვდით  მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ჰქვია და ის საზოგადოება "ბილიკსა" და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზეთს“ ეკუთვნის. ამ პროექტის მიზანი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა. ვფიქრობპირველ სამსახურს ალღო კარგად ავუღე და თვის ბოლოს პირველ ხელფასსაც ველოდები.

 

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად გასავლელი არ იყო. მინდა ჩემი ბავშვობის მაგალითზე გაგიზიაროთ, თუ როგორ გვასწავლის ცხოვრება ბრძოლას ადრეული ასაკიდანვე, იმ უთანასწორო გარმოში, რაც დღემდე არსებობს. ასევე მინდა ჩემი აზრი გაგაცნოთ, როგორ მოქმედებს გარიყულობა ბავშვის ფსიქოლოგიაზე.

2010 წლიდან 25 მაისს ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო, თუმცა იმ პრიოდში ვერ ვაცნობიერებდი, რა ხებოდა ჩემს თავს. რთული პირობების გამო, სოციალურმა სააგენტომ ჩემ დასთან ერთად სხვაგან გადამიყვანა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს იყო მიმღები ოჯახი, სადაც ვიცხოვრებდი დედობილთან ერთად. მანამდე გადატანილი საშინელი დღეების შედეგ, ვერ ვხვდებოდი უნდა მწყენოდა თუ გამხარებოდა ახალ გარემოში გადასვლა. ვფიქრობდი, რომ ყველა ჩემზე დაიწყებდა ლაპარაკს, სხვაგან იზრდება მშობლების გარეშეო, ყველას შევეცოდებოდი ან დამცინებდნენ... ან რვიცი ყველაფერს ვფიქრობდი და თავიდან არავის დანახვა არ მინდოდა. მივედი სკოლაშიც, სადაც არაერთხელ მტკენია გული ჩემი ზოგიერთი სკოლელისგან სხვადასხვაგვარი წამოძახილების გამო. არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ მართლა ასე იყო, მაგრამ ვხედავდი, რომ ჩემთან სიახლოევს ერიდებოდნენ, მხოლოდ რამდენიმე ბავშვი მეგობრობდა ჩემთან... ამ ყველაფერს გულში ვიტოვებდი და არავის არაფერს ვეუბნებოდი.

ასე გადიოდა დღეები, თვეები და წლები და დროთა განმავლობაში, საკუთარი თავი ახალი ხედვით აღმოვაჩინე. ეს ყველაფერი კი ჩემი დედობილის და მამობილის დამსახურებაა, რომლებმაც ცხოვრება მასწავლეს. ჩემი ყოველი დღე საინტერესო გახადეს და სულ სხვა სამყაროში აღმომაჩინეს. მასწავლეს, რა ძალა აქვს სიმართლეს, სიყვარულს, სიკეთის კეთებას, მიზანდასახულობას, ადამიანის მორალურ სიძლიერეს. რაც მთავარია, მასწავლეს ჩემი, როგორც სრულფასოვანი ადამიანის უფლებები და მასწავლეს ბრძოლა იმ გარემოში, სადაც ადამიანებს ჩაგრავენ, არ აღიქვამენ თანასწორად და უდიერად ეპყრობიან. ამ ყველაფერზე დედობილთან და მამობილთან ერთად მხოლოდ კონკრეტული შემთხვევების დროს კი არა, მთელი დღისა და საღამოს განმავლობაშიც გვიმსჯელია. ასე ჩამოვყალიბდი თანდათანობით ადამიანად, რომელმაც უკვე საკუთარი მომავალი დაინახა, რომელსაც აღარ სცხვენია გარეთ თანატოლებთან ურთიერთობის, რომელსაც აქვს მიზანი, პრინციპები და ჩამოყალიებული აზრი სხვადასხვა საკითის შესახებ.

ამ 8 წლის განმავლობაში ცნობიერების დონე არაერთ საინტერესო შეხვედრაზე ავიმაღლე. დავესწარი სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებს ბავშვთა უფლებებზე, თანასწორობაზე, სტერეოტიპების აღმოფხვრაზე და ა.შ. ვისწავლე მედიასკოლაში და ჟურნალისტობის არსი ბავშვობიდანვე გავიაზრე. შეიძლება, ჟურნალისობა არც გადავწყვიტო მომავალში, მაგრამ დღეს რომ მე ამ ყველაფრის თქვენამდე მოტანა და გაზიარება შემიძლია, ესეც იმ პროგრამის შედეგია.

ვიცი ჯანსაღი წესით ცხოვრების მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ დავიწყე სპორტზე სიარული. რამდენიმეთვიანი ვარჯიშის შემდეგ ,,Taekwando”-ს წარმატებული სპორტსმენიც გავხდი. საპრიზო ადგილებზე გასვლით ჩემი დედობილის გახარება უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, უფრო ბევრი გავაკეთო მისი ამაგის დასაფასებლად. სწორედ მან მასწავლა, რომ მთავარია მონდომება და დაუზარელი შრომა წარმატების მისაღწევად.

პარალელურად ჩავერთე სხვადასხვა პროექტში და ერთ მშვენიერ დღესაც მითხრეს, რომ პირველად ჩემ ცხოვრებაში საკუთარი შრომის შედეგად, ანაზღაურებას მივიღებდი. დღეს მე დასაქმებული ვარ. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ იმ რთული წარსულის შემდეგ აღმოვჩნდი საწარმოში, რომელსაც ,,ტკბილი მომავალი“ჰქვია.

ყველა უსიამოვნო შეგრძნება, არასასურველი ვითარება და ყველა ცუდი მოგონება ღრმა ბავშვობაში დავტოვე. მე ვიბრძოლე, ვიშრომე და ასე თანდათანობით, მიმღები ოჯახის ხელშეწყობით, გამართულად დავდივარ ცხოვრების რთულ გზაზე.

ბავშვი, რომელმაც ბევრი გაჭირვება, იმედგაცრუება, წყენა, გადაიტანა, გოგო, რომელმაც 8 წელი მშობლების გარეშე სხვის ოჯახში იცხოვრა, მზადაა თუ მოინდომებს ,,მთებიც კი გადადგას“. რომ არა ის მძიმე წარსული, ალბათ არ მექნებოდა ცხოვრებაში ასეთი შემართება. დღეს კი უფრო მეტი მოტივაცია მაქვს კიდევ ბევრი ვიშრომო და გავხდე უფრო წარმატებული.  

Read 3919 times Last modified on კვირა, 15 ივლისი 2018 11:23