რუსული პროპაგანდა სოციალურ ქსელში - მიზნები და შედეგები

წერილები Written by  კვირა, 15 ივლისი 2018 11:12 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

“რუსეთი ჩვენი მოძმე ერია. ეს ევროპაა, რომ გაგვრყვნა და გაგვათახსირა"; “თუკი რუსეთი ოკუპანტია, თურქეთს და ირანს რატომ არ ვეძახით ოკუპანტებს?“; “პოლიტიკა და კულტურა/სპორტი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ“; “ჩვენი მოქალაქეების გატაცება ჩვენივე დაგეგმილი პროპაგანდაა რუსეთის წინააღმდეგ" ... 


ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზები ქართველებს ეკუთვნით და სწორედ ახლა წერენ სოციალურ ქსელში!

ამას ადრე სხვა უფრო მეტად გავრცელებული ფრაზა ანაცვლებდა: “რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო, მისი პროვოცირება მოახდინა.“  საერთაშორისო საზოგადოებაშიც კი არ ერიდებოდნენ ამ აზრის დაფიქსირებას და საბოლოო ჯამში, შედეგს მიაღწიეს. ახლა უფრო მეტი ადამიანი, უფრო ხშირად ცდილობს, მსგავსი მოსაზრებები დაუფარავად გაავრცელოს. რამ მოიტანა ეს შედეგი, ვფქრობ, ადვილი მისახვედრია.

როცა ხელისუფლება დუმს, ზის, არ ფიქრობს და არ მოქმედებს, ხდება ის, რაც ხდება და არამგონია ამას სხვა შედეგი ჰქონოდა.

არ ვიცი, რამდენი ხანია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილმა ადამიანებმა მოახერხეს და აქამდე მიძინებული “რუსეთუმე“ ინდივიდები გამოაფხიზლეს, გასაქანი და დრო მისცეს, რუსული ფულის გემო გაახსენეს და ამათაც არ დააყოვნეს- აქტიურად დაიწყეს საზოგადოებისთვის მტრის „მოყვრად“ გადაქცევა.

ძნელია, ბრაზმა არ დაგახრჩოს, როცა კომენტარებს კითხულობ, თითქოს რუსი ტურისტი უბრალოდ ტურისტია და მერე რა, რომ რუსეთის დროშა მისი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ საქართველოში ააფრიალა; მერე რა, რომ ბათუმის ბულვარი დროშითა და “რასიას“ ძახილით ჩაიარა; მერე რა, რომ “გეორგეევსკის“ ლენტით გაფორმებული მოტოციკლეტებით ყოველ 9 მაიასს რუსი ბაიკერები თავისუფლად დათარეშობენ; მერე რა, რომ ყოველდღე ახორციელებენ მცოცავ ანექსიას; მერე რა, რომ ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს საკუთარი სოფლებიდან; მერე რა, რომ...

ხელისუფლებას დიდი ხანია “სირაქლემას პოზა” აქვს და სრულებით არ აწუხებს ის, რაც ხდება. მეტიც, ეს შედეგი აწყობს კიდეც. პირდაპირ ვიტყვი - ჩვენს ხელისუფლებას რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარების მაგივრად ურჩევნია საკუთარი შეცდომების გადასაფარად დაუსრულებლად ლანძღოს ოპოზიცია. დაუსრულებლად ახსენოს ყბადაღებული “სისხლიანი 9 წელი“ და თავად სულ არ თვლიდეს, რომ მათი ხელისუფლებაც არანაკლებ სისხლიანი გამოდგა, ერთი უმნიშვნელო განსხავავებით, თუ მათი წინამორბედი ძალადობრივი გზებით ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის დაცვას, ამათ ინერტული პოლიტიკითა და დაუსჯელობის სინდრომის ჩამოყალიბებით, სრული გასაქანი მისცეს უწესრიგობას, დანაშაულს და “შესანიშნავ კრიმინალურ მდგომარეობას“.

თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის პირველი საკითხი ოკუპაციაა და არ უნდა გვჭირდებოდეს ყოველდღიურად ვიღაცებისთვის იმის მტკიცება, რომ კართან მომდგარი მტერი უფრო სანერვიულოა, ვიდრე წარსულში დაშვებული შეცდომები, რომელთა გამოსწორება ჩვენი თაობის მოვალეობაა და არა წინამორბედის.

 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 674 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი