ნიკო ცხვედაძე - ცხინვალელი პედაგოგის ცხოვრება და მოღვაწეობა

Rate this item
(0 votes)

ნიკოლოზ ცხვედაძე 1845 წელს ცხინვალის რაიონის, სოფელ სოჭინში დაიბადა.

ნიკოლოზი იყო პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

მან ბავშვობა სოფელ კავთისხევში გაატარა, დაწყებითი განათლება კი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. მოგვიანებით ნიკოლოზმა სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 

პედაგოგიურ მოღვაწეობას 1869 წლიდან შეუდგა და თბილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლა დაიწყო მუშაობა, სადაც ამავე პერიოდში მოღვაწეობდა იაკობ გოგებაშვილი. მათი მტკიცე მეგობრობა და თანამშრომლობა სწორედ აქედან იწყება. ცხვედაძემ არც მაშინ უღალატა მეგობარს, როცა სემინარიაში რევიზიის შემდეგ იაკობ გოგებაშვილი გაათავისუფლეს, მასთან ერთად სემინარიიდან წამოვიდა ნიკოლოზ ცხვედაძეც. 

სასულიერო სემინარიიდან წამოსვლის შემდეგ, ცხვედაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. 1874 წლიდან კი, თბილისის ქალთა ინსტიტუტში ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა. პარალელურად, ასწავლიდა წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელშიც. 

ცხვედაძემ 1877 წელს დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა და შთაბეჭდილებები სტატიაში “მოკლე შენიშვნები საზღვარგარეთიდან“ აღწერა. 

ნიკო ცხვედაძის მოღვაწეობა მხოლოდ პედაგოგიკით არ ამოიწურებოდა. 1870-1880 წლებში იგი პრესის აქტიური თანამშრომელი იყო. მან რამდენიმე საყურადღებო სტატია-ნარკვევი გამოაქვეყნა : “ მისვლა-მოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 1492-1664 წლეში“,  "დასავლეთ ევროპის გონებითი და ეკონომიური მოძრაობა თავის მიზეზებით მე–16 საუკუნეში", "ჩვენი ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა" და სხვა     

ნიკოლოზ ცხვედაძე იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. აღსანიშნავია, რომ მის გარეშე არც ერთი საზოგადო ხასიათის საქმე არ კეთდებოდა. 

1898 წელს ნიკო ცხვედაძის ინიციატივით დაიწყო სათავადაზნაურო სკოლის მშენებლობა, რომელსაც შემდგომში თავად თბილისის უნივერსიტეტის შენობად მოიაზრებდა. შენობის ასაშენებლად თანხა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეგროვდა. მაშინდელი საზოგადოების ნაწილი მის ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ცხვედაძემ თავისი ცხოვრების უკანასკნელი 12-13 წელი ამ საქმის განხსორციელებას მოანდომა.      

ნიკოლოზ ცხვედაძე გარდაიცვალა 1911 წლის 30 ოქტომბერს თბილისში და დაკრძალული იყო ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 2008 წლის 26 ნოემბერს მისი ნეშტი უნივერსიტეტის ბაღში გადაასვენეს.

Read 216 times Last modified on კვირა, 22 ივლისი 2018 09:26
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი