ნინო გიორგაძის წარმატების ფორმულა

Rate this item
(0 votes)

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ერთ-ერთი კოორდინატორი ნინო გიორგაძეა, თუმცა ამ საქმის გარდა, ნინოს სამუშაო გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანია. 

ნინო გიორგაძე 16 წლიდან მუშაობს, ამბობს, 8 წლის წინ, პირველი ჰონორარი ჟურნალისტური საქმიანობისთვის აიღო - დამამთავრებელ კლასში იყო გაზეთში მუშაობა რომ დაიწყო.

„როდესაც ვიყავი ბოლო კლასში. დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ გაზეთში, სადაც ვიყავი მხოლოდ ჰონორარზე. ვმუშაობდი ძალიან ბევრს და ანაზღაურება მქონდა თვეში 8 ლარი. მუშაობის დაწყების მთავარი მოტივაცია იყო ფინანსური კეთილდღეობა, ფინანსური წინსვლა“.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ნინომ გორი დატოვა და სწავლა თბილისში განაგრძო. იხსენებს, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება მისი მუდმივი სურველი იყო, რაც არაერთი წარმატების წინაპირობა გახდა.

„2007 წელს დავიწყე მუშაობა საჯარო სამსახურში, გორში და აქედან შეიძლება ავთვალოთ პირველი ჩემი სერიოზული სამსახური, სადაც თანამდებობა მქონდა და უფრო მეტი ანაზღაურება, ვიდრე სხვა სამსახურში. ვიყავი კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე. ეს ნამდვილად იყო ჩემთვის სერიოზული და ნამდვილად იყო ჩემი მომავალი კარიერის დასაწყისი“.

ნინო ამჟამად საკუთარ შესაძლებლობებს ბიზნეს სექტორში ცდის. წიგნის მაღაზიასთან ერთად, აქვს საგანმანათლებლო ცენტრი და სამკერვალო წარმოება. ამბობს, რომ დროის ძირითად ნაწილს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ატარებს, რადგან ცენტრის კოორდინატორობა მისი მთავარი საქმეა. მუდმივი საქმეების პარალელურად, ნინო ცდილობს საჭირო დრო და ყურადღება ოჯახსაც დაუთმოს.

ნინო გიორგაძე - წარმატების ისტორია 2

 

„დროის სწორად გადანაწილება მნიშვნელოვანია. ოჯახი არის დამატებითი საქმე, ოჯახის დრო არის ძირითადად საღამოს საათები. რაღაც მხრივ, ძალიან რთულია, რადგან არიან მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც უნდათ უფრო მეტი ყურადღება, ვიდრე ზრდასრულს.“

ნინოს ცხოვრებაში საკუთარი ოქრის წესი აქვს. ფიქრობს, რომ არმატება არ არის მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა. წარმატება არის დასახული მიზნის მიღევა სასურველ დროში, რაც ყოველთვის ბევრ შრომას და დიდ მონდომებას მოითხოვს.

„ბევრ სამსახურში მიმუშავია, მერე ისე მოხდა სხვადასხვა გარემოებების გამო ვეღარ გავაგრძელე მუშაობა და ვიდრე სამსახურს ვიშოვიდი, ვმუშაობდი გუვერნიორად - ალბათ ბევრი ჩემი ახლობელი სწორედ აქედან შეიტყობს ამ ამბავს - სკოლის ბავშვს ვაქცევდი ყურადღებას, ვამზადებინებდი გაკვეთილებს და ასე შემდეგ. ჩემი ოქროსწესი ეს არის, რომ ყოველთვის უნდა ვიყო მოძრაობაში. შეიძლება ეს არ პასუხობდეს ჩემს მოთხოვნებს, ჩემს მიზნებს, ჩემს შესაძლებლობებს, მაგრამ ვარ მოძრაობაში.“

Read 1475 times Last modified on შაბათი, 21 ივლისი 2018 20:29

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი