Print this page

ცხოვრება უცხო ქვეყანაში - გამოწვევები და შესაძლებლობების გადაფასება

წერილები Written by  კვირა, 22 ივლისი 2018 11:40 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

 ავტორი: ნინო საძაგლიშვილი

 

საერთოდ, საკუთარ თავზე საუბარი, დიდად არ მიყვარს. ვსაუბრობ იმაზე, რაც მაინტერესებს, რაც ჩემს ყოველდღიურობას ავსებს და დანარჩენს, უკვე სხვას მივანდობ ხოლმე. ადამიანზე ხომ მისმა საქმეებმა უნდა ისაუბრონ.

ჩემი ინტერესების ძირითადი ღერძი - მხატვრული ლიტერატურა, თეოლოგია, ხატვა, გუნდში სიმღერაა. ეს ღერძი, ჩემი პიროვნების უმთავრესი ჩამომყალიბებელია. იცვლება მხოლოდ გარემოებები.

37578808 2056630204408771 7000580827423703040 n

ბევრი საინტერესო რამ გავიარე, ვიდრე ათენის ისტორიულ უნივერსიტეტამდე მივიდოდი, სადაც დღესდღეობით ვსწავლობ. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ეტაპია, რომელმაც პროფესიულად ჩამოყალიბების გარდა, პიროვნულადაც გამზარდა.

თბილისის სასულიერო სემინარიის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ორი წელი ეკლესიის ისტორიის კათედრაზე, მამა მაქსიმე ჭანტურიასთან ასისტენტი ვიყავი. შემდეგ, როგორც წარჩინებული სტუდენტი, სემინარიის ადმინისტრაციამ და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ (გვაზავა) რეკომენდაცია გამიწიეს, რომ საბერძნეთში გამეგრძელებინა სწავლა. ბერძნულ ენას საქართველოშივე ვსწავლობდი, რადგან წყაროების დედანში კითხვით ვიყავი დაინტერესებული. მოგეხსენებათ, ეკლესიის წერილობითი მემკვიდრეობა ძირითადად,სწორედ ბერძნულ ენაზეა დაწერილი.

უნივერსიტეტი 1837 წელს დაარსდა ოტოს ოთონას მიერ, რომელიც ბავარიის პრინცი და საბერძნეთის სამეფოს პირველი მეფე გახლდათ. უნივერსიტეტმა 1862 წლამდე ატარა ოტოს სახელი, ვიდრე მეფე იძულებული გახდებოდა, ელადა დაეტოვებინა, შემდეგ, ამავე წლის ოქტომბერში, სასწავლებელმა ეროვნული უნივერსიტეტის სახელი მიიღო. 1911 წელს ათენის უნივერსიტეტი ორ ნაწილად გაიყო: კაპოდისტრიასის უნივერსიტეტად და ეროვნულ უნივერსიტეტად. ეს ორი განყოფილება, 1932 წელს კვლავ შეერთდა და მას იოანის კაპოდისტრიასის (1776-1831), ბერძენი დიპლომატის, პოლიტიკური მოღვაწისა და ელადის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის სახელი ეწოდა. იგი დღემდე კაპოდისტრიასის სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტად მოიხსენიება.

ათენი მოძრავი, საინტერესო, მრავალშრიანი, მაგრამ დამღლელი ქალაქია.

ჩემი დღე, დატვირთული სასწავლო პროგრამის გამო, ხშირად დილის რვიდან საღამოს რვა საათამდე გრძელდება და შინ დაბრუნებული, სოციალურ ქსელში ახლობლების მოკითხვით, ხატვით, რაიმის თარგმნით ან წერით განვიტვირთები ხოლმე. სტუდენტური ცხოვრების რუტინას, დროდადრო, არდადეგებსა და დღესასწაულებზე რამდენიმე  მონასტრის სტუმრობით ვიფერადებ, სადაც იქაურ მდიდარ ბიბლიოთეკაში, ახალ გამოცემებს ვეცნობი. თვალს ვადევნებ, ბერძნულ საღვთისმსახურო ტრადიციას და იქაურ  მასპინძლებთან საუბრებიც ერთი სიამოვნებაა.

37643385 2056630197742105 8377386706449465344 n

ამ ყველაფერზე, რამდენიმე წლის წინ, რადიო “თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც ვისაუბრე. რომელსაც ბატონი ოქროპირ რუხაძე უძღვებოდა. მაშინ, ღია ეთერში ბერძნული პოეზიის, ჩემეული თარგმანების წაკითხვის საშუალებაც მომეცა. პერიოდულად, ვცდილობ, როგორც პატარა და ისტორიული ერის წარმომადგენელმა, ჩემი სათქმელი ვთქვა. ამის ერთგვარი მცდელობა იყო ლექცია ბერძნულ - ქართულ ურთიერთობებზე, რომელშიც სხვა რამდენიმე ქართველ სტუდენტთან ერთად, მონაწილეობა მეც მივიღე. მაშინ, ორი ერის საუკუნოვანი ურთიერთობა - კოლხეთის პერიოდიდან მიმოვიხილე.

სამეცნიერო მუშაობის გარდა, მხატვრული ლიტერატურით ვარ დაკავებული. ვწერ კრიტიკას, ესეებს, ლექსებს და ა.შ. დროგამოშვებით, ვთარგმნი კიდეც. შარშან, იოანე ოქროპირის ტომეულის თარგმნაში მივიღე მონაწილეობა.

რასაკვირველია, არის ბევრი სირთულეც, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრებას ახლავს თან, მაგრამ ის, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ამ სირთულეების დაძლევაში მეხმარება.

თავად საბერძნეთი, ძალიან დადებითი ქვეყანაა, მზე, ზღვა და ტემპერამენტით ჩვენი მსგავსი ხალხი უცხოობას არ გაგრძნობინებს. როგორც ჩემმა ერთ-ერთმა დროებით ჩამოსულმა მეგობარმა აღნიშნა, ათენი ძალიან ადამიანური ქალაქია. ხშირად - არაპროგნოზირებადი, ხმაურიანი, ქაოსური. ხშირად კი, გადაკეტილი ქუჩებით, მაგრამ მაინც ადამიანური. როცა ძალიან ვიღლები, ქუჩაში გასვლაც მშველის - შევერევი ჭრელ მასას, რომელიც არ მიცნობს და რომელსაც არ ვიცნობ, თავადაც ამ ცოცხალი მდინარის შენაკადი ვხდები და მისი ენერგიით ვივსები.

4 წელია საბერძნეთში ვცხოვრობ. წელს ბაკალავრიატი დავამთავრე და შესაბამისად, მაგისტრატურისთვის ვემზადები. საქართველოში 23 აგვისტომდე დავრჩები, შემდეგ კი ისევ გავემგზავრები.

37395496 2056630221075436 3602092941197180928 n

ალბათ, ცხოვრებაში ერთი წელი მაინც, ყველა ახალგაზრდამ უნდა გაატაროს, სადმე, უცხო ქვეყანაში  - ეს ახალი ჰორიზონტის გახსნაა. რაღაცების გადაფასება, რაღაცების თავიდან, ახლებურად, დისტანციიდან აღქმა და საკუთარი თავის ახალ რეალობაში დანახვა...

ჩვენს ქვეყანასაც ხომ თავისუფალნი, დამოუკიდებელნი, საჭირო გამოცდილებებით დატვირთულნი და ახალი იდეებით აღსავსენი ვჭირდებით!!!

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს.                                                              

 

Read 1190 times Last modified on ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 10:38