დედობამდე საკითხავი

წერილები Written by  პარასკევი, 12 იანვარი 2018 08:10 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლანა-ანა ფერაძე (მასწავლებელი)

 

ყველაფერი 8 წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საერთოდ არ ვიყავი მზად ოჯახის შესაქმნელად.  არც ვაციე,  არც ვაცხელე და ბაბუს ნატვრა ავუსრულე: „წლის თავზე ბიჭი გაგეჩინოს“, - ასე დამლოცა ჯვრისწერის დღეს და ზუსტად ერთი წლის შემდეგ ოქროსთმიანი ბიჭი მეყოლა. 

აქედან დაიწო რთული დღეები. შვილის გაზრდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა. დედისგან ვიცოდი, რა ძვირფასი პერიოდია, როდესაც სწავლობ, დაუვიწყარი,  თუმცა ჩემთვის უამრავი უძილო ღამე, ბავშვის მუცლის შებერვა, ყურის ტკივილი, თბილ წყალში ჩასმა, ჩაძინების იმედად აქეთ-იქით ფრთხილი სირბილი მეზობლის არ შეწუხების გამო და ტანსაცმლიანი ძილი იყო;  მაღვიძარას ხმა დილის 6 საათზე, გამზადება, გაპარვა და 7 საათიდან ჩაქჩაქა მატარებლით მგზავრობა დედაქალაქისაკენ, - ვისაც შინდისი - გორი - თბილისის მიმართულებით მატარებლით უმგზავრია, უკეთ გამიგებს.  ფულის დაზოგვის მიზნით, წინ და უკანაც მირბენია ვაგონში გამცილებლის მზერას რომ გავქცეოდი, ერთი ლარი გადაიხადეთო, რომ არ ეთქვა. გასაცოდავებული, ნატანჯი, გამთენიისას უკვე დაღლილი სახეების ხილვის შემდეგ, მეტროთი მივქროდი უნივერსიტეტისკენ, სადაც უკეთესი მომავლის იმედი მესახებოდა.

სასიამოვნო გარემოს ბევრი უსიამოვნო შეგრძნება ცვლიდა: უძილობა, გადაღლილობა, მუდმივი ფიქრი გორში დედასთან დატოვებულ ბავშვზე: ნეტავ, რას აკეთებს? ხომ არ ტირის? საჭმელი შეჭამა? დედას ხომ არ აწვალებს? მეგობრებთან ერთად თავშეყრის ადგილებში წაუსვლელობა... დამატებით აქტივობებში ჩაურთველობა...

ლექციების დასრულების შემდეგ, გიჟივით სირბილი „ვაგზლის“ მოედნისაკენ, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მოძრავ მატარებელს რომ არ გაესწრო. ეს უკანასკნელი უფრო სწრაფი იყო, თუ არა და მომიწევდა 40 წუთი ლოდინი და ორი საათით დაგვიანებული ჩასვლა სახლში.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, გზაში თუ შევძლებდი ძილს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, რამდენჯერმე გვერდზე მჯდომის მხრის აკვრასაც კი გამოვუღვიძებივარ, პირიდან ნერწყვის გადმოსვლის გახსენებაც აღარ მინდა.

სახლში დაბრუნებულს უარეს შემთხვევაში სტუმრების ამალა მხვდებოდა (მაგრამ დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, რომ არა მათი ნაჩუქარი გულით გაღებული თანხა, მატარებლით მგზავრობაზეც კი ვერ ვიოცნებებდი). უკეთეს შემთხვევაში, მეორე დღისთვის დავალებების შესრულება მიწევდა ბავშვის მოწესრიგებასთან, რეცხვასთან, მეუღლისთვის ყურადღების გადანაწილებასთან ერთად.

ისე გავხდი ისევ ორსული, რომ ჯერ პირველი შვილის დედობა არ მქონდა გააზრებული. ჩემ გარშემო ყველამ იცოდა, რომ ურთულესი იქნებოდა ორი მცირეწლოვანის მოვლა-პატრონობა სწავლასთან ერთად, მაგრამ კრინტი არავის დაუძრავს ბავშვის მოცილებაზე. იცოდნენ, აზრი არ ექნებოდა.  ყველა ხელს მიწყობდა, დედის თანამშრომლებიც კი.  სხვის სახელზე გამოწერილი წამლები მაძლიერებდა და მიცავდა თმის ცვენისაგან, ფრჩხილების მსხვრევისაგან,  ჰემოგლობინის ზღვარს ქვემოთ ჩამოწევისაგან, დაცემისაგან.  ლექტორებიც მიწყობდნენ ხელს. შესვენებაზე ერთადერთი ვიყავი, მეხუთე კორპუსის მეორე სართულის დერეფანში ხაჭოთი და პურით მდგარი.

გაჩნდა მეორე ოქროსქოჩრიანი, ყველაფრის ზემოთხსენებულის კეთება გამიორმაგდა. დავივიწყე ჩემი სულის ნაწილი - მუსიკა. ამავდროულად მუდმივად მიწევდა ზრუნვა, მისაბაძი ოჯახის შესანარჩუნებლად.

ერთხელ ბაბუს ტირილმა გამომაფხიზლა. სავარძელში ბავშვთან ერთად მჯდომს მუხლებზე კონსპექტდადებულს ჩამძინებია. შევებრალე, გულწრფელად შევეცოდე, მაგრამ თავზე ხელი გადამისვა და დამამშვიდა: კარგი დედა ხარ და ცოტაც გაუძელი, მერე დაგიფასდებაო.

დავამთავრე უნივერსიტეტი. ბანკეტზე ვერ წავედი. არც მითქვამს ოჯახის წევრებისთვის, მსგავსი  რამ თუ იგეგმებოდა. არ მინდოდა ენერვიულათ.

ცოტა ხანში მუშაობაზე დავიწყე ფიქრი. ყველაფერზე თანახმა ვიყავი-მეთქი, არა. მასწავლებლობა მიტაცებდა. ახალგაზრდებთან მუშაობა მაინტერესებდა. ერთი წელი მაძიებელი ვიყავი საჯარო სკოლაში. მერე სასერტიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე. მუშაობაც დავიწყე, იმხელა ენერგიითა და მოტივაციით ვიყავი დღეში 5-6 გაკვეთილს ვატარებდი 120 ლარის სანაცვლოდ. სახლში დაბრუნებული, საჭმლის ჭამამდე, მეორე დღისთვის ვემზადებოდი.  არ მინდოდა მოუმზადებელი წასვლა, მოსწავლეებთან შერცხვენა. ამასობაში დედასაც დავემსგავსე. ისეთ დედას საკუთარი თავის გაწირვაც რომ შეუძლია შვილების გამო, ბრძოლა ვისწავლე, გავძლიერდი.

მერე მესამე ოქროსთმიანი გაჩნდა....

მერე, მერე და აი, ესაა ჩემი არჩევანი! რაცა ვარ, ესა ვარ, ჩემი სირთულეებითა და ჩემი სიმდიდრით...

ახლა თქვენ დაასკვენით:  რა, როდის, როგორ და რატომ?

მე ერთს გირჩევთ, სწორად დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება, ყველაფერი წინასწარ გაიაზრეთ, კარგად აწონ-დაწონეთ, ხართ მზად ამ ყველაფრისთვის?

 

P.S. გაგრძელება იქნება!

 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

 

Read 6005 times Last modified on პარასკევი, 12 იანვარი 2018 09:21
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი