გორელი ახალგაზრდის ამერიკული ცხოვრება

Rate this item
(0 votes)

ავტორი: სანდრო მიქელაშვილი

 

უკვე ხუთი თვეა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარ, მომავალ ლიდერთა გაცვლითი კონურსის, ფლექსის ფარგლებში. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ კარგად შევგუებოდი აქაურ რეჟიმს და ყოველდღიური ცხოვრების ტემპისთვის ფეხი ამეწყო.


დილით ექვს საათზე ადგომა, სკოლის ავტობუსის გაჩერებაზე ლოდინი, სკოლაში დღის ნახევარზე მეტის გატარება და სახლში დაღლილ-დაქანცული მისვლა ერთი ჩვეულებრივი, ამერიკული დღეა ჩემთვის. აქ მოსვენების დრო ძალიან ცოტა მრჩება. ყოველი დღე ახალ სიახლესა და გამოწვევას გპირდება. განსხვავებული გარემო და ადამიანები, განსხვავებული კულტურა და ღირებულებები - ყველა ეს ერთად აღებული ქმნის გაცვლითი სტუდენტის წელს ამერიკაში.


ზოგი ფიქრობს, რომ აქ ჩამოსვლით ჩვენი ცხოვრება იქნება იდეალური - ისეთი, როგორიც "ჰოლივუდის" ფილმებშია, მაგრამ ეს ასე არაა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩადიხართ 300 მილიონიან ქვეყანაში, სადაც არავინ არ გცნობს. იმისთვის, რომ დაიმკვიდრო სათანადო ადგილი, ყოველდღე გიწევს ბრძოლა, იმის მტკიცება რომ შენ აქ ჩამოსვლა დაიმსახურე.


ამერიკაში პირველად ყოფნისას ყველა ადამიანი მიიღებს კულტურულ შოკს. მის გაკვირვებას გამოიწვევს ამერიკელი ხალხის დამოკიდებულება საქმისადმი -  მათ ყველაფერი დღე-დღეზე აქვთ გაწერილი, აწარმოებენ კალენდრებს დროის ზუსტი გათვლით და შენგანაც ამას მოითხოვენ. თუ გამოუვალი მდგომარეობა აქვთ, გამოსავალს ყოველთვის პოულობენ. რაც მთავარია, ისინი არ რჩებიან წარსულში, დღევანდელი დღით ცხოვრობენ და მომავალს ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმავენ. ამასთანავე, რჩებიან ხალისიანები. ადამიანები იღიმიან ქუჩაში, სუპერმარკეტში, სკოლაში, ყველგან. უცნობი ადამიანები გესალმებიან და სასიამოვნო დღის გატარებას გისურვებენ. ერთი შეხედვით ეს არაფერია, თუმცა ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს.


ვისურვებდი მსგავს სურათს საქართველოში. მართალია, რომ ქვეყანაში ბევრია ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა, რაც მოსახლეობის ბედნიერების დონის დაკლებას იწვევს, მაგრამ აუცილებელია, დავიწყოთ საქმის კეთება რაღაც ათვლის წერტილიდან, რაც გამარჯვებამდე მიგვიყვანს.

ხშირად გაიღიმეთ, გაეცით დადებითი ემოციები და მიხვდებით, როგორ უცბად შეიცვლება გარემო თქვენს გარშემო. ოპტიმისტურად ფიქრი და ქცევა წარმატებული საქმის დაწყების საწინდარია.

sandroooo

 რუბრიკაში "ნაწყვეტი დღიურიდან" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 2724 times Last modified on პარასკევი, 13 ივლისი 2018 18:54

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი