მარიამ მაზანაშვილი - საქართველოს ჩემპიონის წარმატების ისტორია

Rate this item
(0 votes)

მარიამ მაზანაშვილმა ვარჯიში 14 წლის ასაკში დაიწყო. 3-წლიანი შრომის შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 

„ამ ჩემპიონატმა განაპირობა ჩემი წასვლა ევროპის ჩეპიონატზე, სადაც დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ დავდე, რადგან იყო წონის კლუბები, გადაღლილობა. ევროპის ჩემპიონატამდე გავიარე შეჯიბრებები, სადაც ცუდად არ წარმოვაჩინე თავი, შევედი სხვადასხვა კატეგორიებში. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავხდი ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონატამდე განვლილი პერიოდი ძალიან დასამახსოვრებელია ჩემთვის“, - ამბობს მარიამი და ჩემპიონატის ფარგლებში მოგზაურობას იხსენებს.

„ვიყავით ანტალიაში, რუმინეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში. გავიარეთ საერთო მოსამზადებელი შეკრება და ბოლოს დაგვირგვინდა ევროპის ჩემპიონატით, ბოსნია ჰერცოგოვინაში. ეს ჩემი ასაკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი გამოცდილებაა.“

მარიამ მაზანაშვილი 2

მარიამი ვარჯიშის პარალელურად სწავლობს. ამბობს, რომ ამ ორი საქმის შეთავსება მარტივი არ არის, თუმცა პედაგოგების ხელშეწყობით ახერხებს. ახალგაზრდა ძიუდოისტხ სპორტის აკადემიაში ჩაბარება უნდა, რეაბილიტაციის და მედიცინის განხრით.

„ჩემი პედაგოგები მიწყობენ ხელს, მეგობრებიც მეხმარებიან. როდესაც ვბრუნდები შეკრებებიდან, მე ცალკე ვწერ ტესტებს, რაც ჩემს კლასელებს გავლილი აქვთ უკვე. მეხმარებიან ავითვისო ის პროგრამა, რაც ჩემს არ ყოფნაში გაიარეს. დამრიგებლისგან ვიღებ დიდ სითბოს და თანადგომას. უხარიათ ჩემი წარმატება და ყველანაირად ცდილობენ ხელი შემიწყონ.“

მარიამი იმ ბარიერებზეც საუბრობს, რომლებიც მას, როგორც გოგოს, სპორტის ამ სახეობაში ხვდება.

„იყო დარცხვენის, სირცხვილის პერიოდები, რომ რაღაცის გრცხვენია. დარბაზში ერთი გოგო ვიყავი ამდენ ბიჭებში. ბიჭების მხრიდან არა, უფრო ჩემ თავთან მქონდა დისკომფოტი. გამოწვევა ის არის, რომ შენ თავს უნდა გადააბიჯო ამ დროს, თუ რაღაცის მიღწევა გინდა. მე გამოვიარე ეს პერიოდი,  არაფერი არ უნდა გაინტერესებდეს, არაფერს არ უნდა მიაქციო ყურადღება და მხოლოდ იმ მიზნისკენ უნდა ისწრაფვო, რის გამოც ეს საქმე წამოიწყე.“

მარიამი ფიქრობს, რომ თავდაუზოგავი შრომის შემთხვევაში, ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს. 

„მე ერთი ოქრის წესი მაქვს - ბევრი შრომა და დასახული  მიზნისკენ სიარული."

Read 3163 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი