აბიტურიენტობის თანმდევი ემოციები

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლიკა ვანიშვილი

მე-12 კლასი - სკოლის დამთავრება და აბიტურიენტობა ერთად -  ყველაზე რთული, ემოციური პერიოდი იყო. წლის დასაწყისში ამას ვერ ვგრძნობდი, ვერ ვიაზრებდი რომ ჩემი, როგორც მოსწავლის, ბოლო წელი იყო სკოლაში და იწყებოდა სრულიად ახალი ეტაპი.

ემოციურად ყველაზე მეტად დატვირთული გაზაფხულის მიწურული იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ინტენსიურად ვემზადებოდით ბოლო ზარისთვის და პარალელურად, აბიტურიენტობის დასასრული, ეროვნული გამოცდების მღელვარების დასაწყისიც.

ბოლო ექსკურსია, როგორც სანახაობრივად, ასევე ემოციურად დაუვიწყარი იყო. გარდა კაბადოკიის ღირსშესანიშნაობებით გამოწვეული შთაბეჭდილებებისა, ეს იყო კლასთან ერთად ბოლო და ყველაზე დასამახსოვრებელი 5 ზღაპრული დღე.

ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ვამთავრებ სკოლას. გამიჭირდება წერილობით გადმოვცე ბოლო ზარის ემოცია. ეს არის დღე, როდესაც ორი განსხვავებული გრძნობა გიპყრობს. გიხარია, რადგან ამთავრებ სკოლას და მასთან ერთად ბავშვობას, იწყებ სრულიად ახალ ცხოვრებას. ამავდროულად კი, გული გწყდება, რომ ემშვიდობები გარემოს, სადაც 12 წელი გაატარე. ბავშვებს და მასწავლებლებს, რომლებიც ამ წლებმა განსაკუთრებულად შეგაყვარა. ამიტომ, ამ დღეს თან სდევდა სიცილიც და ტირილიც, ბედნიერი, თბილი წუთები. ეს დაუვიწყარი დღე ბანკეტმაც დააგვირგვინა.

საბოლოოდ, ვფიქრობ რომ სკოლა სწორედ ასე უნდა დაამთავროს მოსწავლემ - ძალისხმევა არ დაიშუროს, რომ ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთოს და შექმნას ეს დაუვიწყარი დღეები. ექსკურსიაც, ბოლო ზარიც და ბანკეტიც იდეალური იყო. ამას გრძნობდა თითოეული ჩვენგანი და ვფიქრობ, ყოველთვის ეს დაუვიწყარი ემოცია და სიყვარული შეგვახვედრებს ერთმანეთს. ჩემთვის კიდევ უფრო სასიხარულო იყო ის, რომ წარმატებით, ოქროს მედლით დავამთავრე სკოლა.

ლიკა ვანიშვილი - წერილები 2

სკოლის ასეთმა ემოციურმა დამთავრებამ, ეროვნული გამოცდებზე ფიქრი და ნერვიულობა დროებით გადამავიწყა. თუმცა, ბანკეტის შემდეგ, მთელი მონდომებით ვკონცენტრირდი გამოცდებზე, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ცხოვრების მომავალ ეტაპზე.

წლის განმავლობაში დაუზარელი შრომა და მიზნის მისაღწევად მუდმივი მუშაობა, ვფიქრობ, ყოველთვის სასურველი შედეგის მომტანია. რა თქმა უნდა, გამოცდებს თან ახლდა ნერვიულობა. ეს არ იყო მოუმზადებლობის განცდა და გამოცდებზე წარუმატებლობით გამოწვეული შიში. ეს იყო ბუნებრივი ემოცია, რომელიც მნიშვნელოვანი გამოცდის წინ გეუფლება, რადგან გრძნობ პასუხისმგებლობას მშობლების, მასწავლებლების და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც შენგან წარმატებებს ელის. უპირველესად კი ეს არის საკუთარი თავის და შესაძლებლობების გამოცდა.

შესაბამისად, პირველ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას თან სდევდა ნერვიულობა. შემდეგ გამოცდებზე კი, თითქოს უკვე დამშვიდებით, ნაცნობ გარემოში შედიხარ და ნერვიულობაც ქრება.

19 ივლისს, ლიტერატურით დავამთავრე გამოცდები და რთული აბიტურიენტობის წელიც. ჯერ გამოცდის პასუხები უცნობია, თუმცა ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ შედეგი კარგი იქნება და დააგვირგვინებს ამ ძალიან კარგი ემოციებით დამთავრებულ სასწავლო წელს.

ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, რომ წლების მერე სკოლა განსაკუთრებულად მომენატრება, მე კი მეცინებოდა და ამ პერიოდს ასეთ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ახლა კი, ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი მომენატრება, თანაც აუცილებლად. უპირველესად ეს იქნება აბიტურიენტობის წელი. ყველა ამბობს, რომ ყველაზე რთული, სტრესული და დამღლელი წელი აბიტურიენტობისაა. ასეც არის, მაგრამ მე ძალიან გამიმართლა, ვიყავი საუკეთესო რეპეტიტორების მოსწავლე. მთელი წელი გავატარე უმაგრესი ახალგაზრდების გარემოცვაში და ეს სასიამოვნო გარემო თითოეულ დღეს სიმსუბუქეს და სასიამოვნო განცდებს მანიჭებდა. მათთან გამომშვიდობებაც ძალიან ემოციური იყო. გიყვარდება არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ ის გარემოც, სადაც ერთი წელი გაატარე.

საბოლოოდ, აბიტურიენტობა და სკოლის დამთავრება, უდიდესი ემოციით აღსავსე, დაუვიწყარი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.

ამაღლებული განწყობით, ახალი მიზნებით ველოდები შედეგებს და ცხოვრების ახალი ეტაპის - სტუდენტობის დაწყებას. მინდა ვისწავლო ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ჩემს საოცნებო უნივერისტეტში. ვფიქრობ, ეს სურვილი ნამდვილად ამისრულდება და რაც უფრო კარგი იქნება შედეგები, მით უფრო მონდომებული და თავდაჯერებული შევუდგები ჩემი მომავლის შენებას.

Read 1294 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი