10 საინტერესო ფაქტი გორის შესახებ

Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს გორის შესახებ: 

1. ქალაქის სტატუსი გორმა მიიღო 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი მეშვიდე საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს. რუსეთის იმპერიის ანექსიის შემდეგ, გორი სამაზრო ქალაქი გახდა. 1930 წლიდან გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, ხოლო 1950 წლიდან — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. 2014 წელს მიიღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, რომელიც 3 წელი შეუნარჩუნდა. 

2. ქალაქი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიული და ეკონომიკური გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. მეცამეტე საუკუნეში მონღოლთა დახმარებით ქალაქს ოსები დაეუფლნენ. ქალაქის გათავისუფლება რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მეფე გიორგი ბრწყინვალემ შეძლო. მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოდან ქალაქი რამდენჯერმე აიღეს დამპრობლებმა (სპარსელებმა და ოსმალებმა).  უცხოელებისაგან გათავისუფლება მეთვრამეტე საუკუნეში მოხერხდა.

3. ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელმაც მეჩვიდმეტე საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში, მნიშვნელოვან ცნობებს გვაძლევს ქვეყანაზე. მან თავის თხზულებაში გორიც აღწერა.

„გორი პატარა ქალაქია და მისი ციხეც სიძლიერით არ გამოირჩევა. ციხეში სპარსული გარნიზონი დგას. მოსახლეობა ვაჭრობას მისდევს. არის დახურული ბაზრები. ყველაფერი იშოვება და იაფადაც“, - ამბობს შარდენი

 ქართლის გზებზე მოგზაურს ყველგან ლამაზი სოფლები და კარგად დამუშავებული, ნოყიერი მიწები ხვდებოდა. მას ძალიან მოსწონებია აქაური პური და ამბობს, მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ არისო აქაურზე გემრიელი პური. შარდენი განსაკუთრებით აქებს აღმოსავლეთ საქართველოს ღვინოს, რომელიც, მისი თქმით, დიდი რაოდენობით გაჰქონდათ სომხეთში, ისპაჰანსა და სხვა ადგილებში.

შარდენი

4. გორი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო. 1865 წ. 26 ივლისს. გორში დაარსდა თეატრი. 1874 შეიქმნა "სცენისმოყვარულთა წრე", ორი წლის შემდეგ კი მას მოჰყვა "სცენისმოყვარულთა საზოგადოების", დაარსება. 1909 წლიდან ფუნქციონირებდა სახალხო თეატრი

გორში ფუნქიონირებდა მოწაფეთა დრამატული წრე, ქართული ისტორიისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება. 1912 დაარსდა ქართველ გამომცემელთა ამხანაგობა "ქართლი". გორის სტამბაში პირველი წიგნი  1889 დაიბეჭდა

 

გორის თეატრი

5. ტექნიკურად მოწყობილი პირველი ბაზარი გორში 1853 წლის 24 იანვარს გაიხსნა. მეცხრამეტე საუკუნეში ვაჭრობა და ხელოსნობა გორში საკმაოდ განვითარებული იყო. გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ გორში საქონლის მიმოქცევა 1880 წლისათვის 500 ათას მანეთს აჭარბებდა.

ქალაქი ხელოსნური წარმოების ცენტრსაც წარმოადგენდა. გორელ ხელოსანთა პირველი აღწერილობა 1802 წლით თარიღდება. ირკვევა, რომ თითქმის 5 ათას მოსახლიან ქალაქში 50 სახელოსნო იყო.

6. ქალთა პირველი საზოგადოება გორში 1913 წელს დაარსდა.  ანა ამილახვრის თაოსნობით დაარსებული საზოგადოება „მადილოსანი“ ითვალისწინებდა გაჭირვებულ ქალთა დახმარებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობას, და ფულადი შემწეობის დანიშვნას შეჭირვებული ადამიანებისათვის.

7. გორის მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა შუაგულ ქალაქში მაღალ კლდოვან ბორცვზე აღმართული გორის ციხე, XIX საუკუნის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, დრამატული თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ი. სტალინის სახლ-მუზეუმი. გორის შემოგარენში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი გორიჯვარი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე და VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ატენის სიონი.

2010 წლამდე, გორის ცენტრალურ მოედანზე 9 მეტრიან კვარცხლბეკზე 6 მეტრი სიმაღლის სტალინის ძეგლი იდგა, რომელიც გორის მცხოვრებლებმა (უფრო სწორედ ადგილობრივმა მმართველობამ) 1952 წელს, სტალინის სიცოცხლეშივე, აღმართა. 2010 წლის 25 ივნისს, დილის 2 საათზე, ხელისუფლებამ ძეგლი მოახსნევინა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო.

8. ქრისტეფორე კასტელის გორის ციხის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის უმეტესი ნაწილი  როსტომ მეფის დროს არის აგებული. კასტელის ნახატის მიხედვით გორის ციხეზე ოთხი დროშა ფრიალებს. ციხის ფერდობზე დახატულია ბანაკი, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები და სხვა. იქვე ნაჩვენებია ერთ და ორსართულიანი სახლებიც.

კასტელი

9. გორში მოსახლეობის რაოდენობამ ყველაზე დიდ ნიშნულს 1989 წელს მიაღწია.  ამ წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, გორში 68 ათას 924 ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად ქალაქში 48  ათასი ადამიანი ცხოვრობს. 1989 წელთან შედარებით, გორის მოსახლეობა თითქმის 30%-ით შემცირდა.

10. 2018 წლის 1 იანვრიდან გორში მაუყებლობს რადიო „მოზაიკა“, ტალღაზე FM 97.8. „მოზაიკა“ არის პირველი სათემო რადიო გორში და მისი გუნდის მიერ მომზადებული მასალების ნახვა შეგიძლიათ მისამართზე: www.radiomosaic.ge    :) 

Read 8358 times Last modified on ხუთშაბათი, 29 მარტი 2018 11:41
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი