ომი, რომელსაც გადავურჩი

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლენა ქამხაძე, სუხიშვილის ქუჩაზე მცხოვრები


წუხელის მთელი ღამე არ მეძინა. მე-10 წელია სულ ასე ვარ. როცა 8 აგვისტო თენდება, ვშფოთავ და ვერ ვიძინებ. მთელ ღამეს იმ ომზე ფიქრში ვატარებ, რომელსაც როგორ გადავურჩი, თავადაც არ ვიცი. 

7 აგვისტოს საშინელი ღამე იყო. სროლის ხმა არ წყდებოდა. მესმოდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ მაინც მშვიდობიანი დილა გათენდებოდა. 

სამწუხაროდ, ჩემი იმედი ფუჭი გამოდგა. 8 აგვისტოს დილით თვითმფრინავებიც გამოჩნდნენ. იცით რა, კი ვხედავდი საკუთარი თვალებით, მაგრამ მაინც არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ შეიძლებოდა, მოსახლეობისთვის ესროლათ. 

პირველად რომ დაგვბომბეს, მაშინღა გავაცნობიერე, რომ ნამდვილ ომში ვიყავი. ჩემმა მეგობარმა ძალით გამომიყვანა სახლიდან. ვერ ვიგებდი, რატომ უნდა დამეტოვებინა აქაურობა. რაღა ფასი ექნებოდა ჩემს სიცოცხლეს, თუ საკუთარ კედლებს დავკარგავდი. გული არ მითმენდა და 9-ში უკან დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა და გვბომბავენ, ჩამოსვლა არ გაბედოო, მითხრა. ალბათ ჩემი შვილების გამო, ვძლიე ემოციებს და დავრჩი ჩემს შვილებთან ერთად კასპში. 

ტელევიზორს ვერ ვცილდებოდო. ვუყურებდი, როგორ იბომბებოდა აქაურობა. ჩემი კარის მეზობელია ციცოს სახე მახსოვს... ტელევიზორიდან გავიგე, რომ შვილი მოუკლეს და შვილიშვილი ფეხში დაუჭრეს...

ჩემი მამიდაშვილის ბიჭი სახანძროში მუშაობდა და ამ ბინებში აქრობდნენ ხანძარს. იმან დამირეკა, რომ შენს სახლში რაღაცებია დარჩენილი და გააქვთო, იქნებ ჩამოხვიდეო. რაღა გამაჩერებდა, 10 აგვისტოს ჩამოვედი დილაუთენია. რკინიგზის სადგურიდან ჩემს სახლამდე ფეხით მოვედი. გზაში არანაირი ტრანსპორტი, მანქანაც კი არ შემხვედრია. რა იყო გადარჩენილი, აღარც არაფერი. დანა-ჩანგალი ავკრიფე ნანგრევებში და ჩემს ნათესავთან წავიღე, შემანახინე-მეთქი.

ეზოში ჩემი მეზობელი ციცო ვნახე. იჯდა. ორი სიტყვა ძლივს მითხრა, შვილი მორგში მყავს და ვერ ვკრძალავო. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ტრაგედია, მის ამბავთან არაფერი იყო. 

ბოლოს წითელი ჯვარი დაეხმარა და დაკრძალეს. ვუყურებდი ციცოს და ვგრძობდი, რომ აღარც ის იყო ცოცხალი. თქვა, წავალ ახლა ჩემს შვილიშვილს მივხედავო და საავადმყოფოში, თავის გივიკოსთან წავიდა. 

ამ ომმა იმაზე მეტი ადამიანი მოკლა და გაანადგურა, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს ომი დღესაც გვანადგურებს ადამიანებს.  

Read 906 times Last modified on ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018 09:44

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი