ჟურნალისტი ომში - ნინო დალაქიშვილის ფოტოები და მოგონებები აგვისტოს ომზე

Rate this item
(0 votes)

ერთ-ერთი ჟურნალისტი, ვინც 10 წლის წინ გორი ყველაზე ბოლოს დატოვა, ნინო დალაქიშვილია. რადიო "მოზაიკასთან" ნინო 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს. 

როდესაც ომი იწყება, თითქოს კიდევ უფრო გიმძაფრდება პროფესიული ვალის შეგრძნება. მეც ასე დამემართა. ამიტომ ვერ გავედი ქალაქიდან. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ვალდებულება იყო. აქ უნდა დავრჩენილიყავი და მემუშავა. 

მაშინ გაზეთში „24 საათი“ ვმუშაობდი და სამუშაო დღეებს თბილისში ვატარებდი. ჩემი შვილები გორში, ჩემს მშობლებთან იყვნენ. მახსოვს, დავურეკე და ანუკის ველაპარაკე. როგორ ხართ-მეთქი, მოვიკითხე. მითხრა, კარგად ვართ, დედიკო, უბრალოდ მთელი ფანჯრები ზანზარებსო. რთულია, ახლა სიტყვებით აღვწერო, რა დამემართა. ეგრევე გამოვიქეცი გორში. 8 აგვისტო იყო. დედაჩემი და ჩემი შვილები თბილისში გავგზავნე, მე კიდევ მამაჩემთან ერთად აქ დავრჩი.

მაშინ “თრიალეთში“ მედია ცენტრი იყო გახსნილი. ჟურნალისტები იქიდან ვმუშაობდით. გორი რომ დაბომბეს, მაშინ კომბინატში გავიქეცი და ფოტოები გადავიღე. ვგრძნობდი, როგორ იძაბებოდა ვითარება, მაგრამ წასვლაზე არ მიფიქრია.

11-ში უკვე სულ მთლად ცარიელ ქალაქში აღმოვჩნდი. გამგეობის შენობაში მივედი, ადამიანების ჩაწერა მინდოდა. ხალხს ვეძებდი, მაგრამ მთელი შენობა ცარიელი იყო. გუბერნატორის კაბინეტიც ცარიელი დამხვდა. მხოლოდ ერთი ბიჭი დადიოდა მთელ შენობაში და კომპიუტერებს აგროვებდა. ალბათ, უსაფრთხო ადგილას უნდოდა მათი შენახვა.

nino dalaqisvili da omi

გიორგი კარბელაშვილს დავურეკე. მაშინ გიორგი საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მითხრა, ხაშურში ვარ და დატოვე ქალაქი მალეო. მამაჩემიც ძალიან ნერვიულობდა და 11-ში წავედი მასთან ერთად თბილისში.

12-ში გავიგეთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მე გავჯიუტდი, სასწრაფოდ ქალაქში უნდა დავბრუნდეთ-მეთქი. ჩემებს ვუთხარი, თუ ხალხი არ დაბრუნდება საკუთარ სახლებში, რუსები არ დატოვებ იქაურობას-მეთქი. ასე ჩამოვიყვანე მთელი ჩემი ოჯახი 13 აგვისტოს გორში. მთელი გზა ისე გამოვიარეთ, რომ პოლიცია არ შეგვხვედრია.

ქალაქში ისევ დაძაბული ვითარება იყო. 14-ში გავიგეთ, რომ ვიღაცები მოკლეს ქალაქის შემოსასვლელში. ჩემები აღარ დამყვნენ და ისევ წავედით თბილისში.

ვერ ვიტყვი, რომ ქალაქიდან შორს ყოფნა მამშვიდებდა. თითქოს პირიქით იყო. ამიტომ, 16-ში უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად, ისევ წამოვედი გორისკენ. იგოეთთან სულ რუსი ჯარისკაცები და მათი სამხედრო ტექნიკა იდგა. საშინელი განცდაა, რომ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მიწაზე შიშით გადაადგილდები.

უკვე აგვისტოს ბოლოს კი, ერთმა ადამიანმა დამირეკა. მითხრა, რომ ჩემი ყველაფერი დამომბილიო და იქნებ წამოხვიდე, გადაიღოო. მაშინ მარტო ვარიანთან და კარალეთთან კი არა, ყველგან იდგნენ სამხედროები. უსაფრთხო იქნება-მეთქი, ვკითხე და ნუ გეშინია, ისე წაგიყვან, რომ საგუშაგებთან არც მოხვდებიო. არ ვიცი, რატომ ვენდე, მაგრამ დავყევი. მოვიდა ეს ადამიანი რაღაც ძველი მანქანით. მე თან ჩემი მეგობარი, რეზო ნადირაძე გავიყოლე. სწორედ იმ დღეს გადავიღე ეს ფოტოები. ნიქოზში, შინდისში, ხვითში და ფხვენისში ვიყავით.

რაც დრო გადის, სულ უფრო მიკვირს საკუთარი თავის, როგორ გავბედე ამის გაკეთება. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, როცა ომი იწყება და შენ ჟურნალისტი ხარ, კიდევ უფრო მეტად გრძნობ, სად არის შენი ადგილი და რა არის შენი საქმე.

nino dalaqishvili agvistos omi 1

nino dalaqishvili agvistos omi 2

nino dalaqishvili agvistos omi 3

nino dalaqishvili agvistos omi 4

nino dalaqishvili agvistos omi 5

nino dalaqishvili agvistos omi 6

Read 1134 times Last modified on ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018 10:04

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი