უნგრეთი სალომეს დღიურში

Rate this item
(0 votes)

ავტორი: სალომე აფციაური

 

ყოველ დილით 7-8 საათზე ვდგები და სკოლაში მივდივარ. ჩემი სახლიდან სკოლამდე 17 წუთის სავალი გზაა - დავითვალე, არც მეტი, არც ნაკლები, 17 წუთის. საინტერესო დამთხვევაა, საქართველოში ჩემი სახლიდან ინგლისური ენის სკოლამდეც 17 წუთის სავალი გზა იყო და დიახ, ისიც დათვლილი მქონდა.

უბრალოდ მაშინ თუ 17 წუთის გზას ცოდნის მისაღებად გავდიოდი, ახლა ცოდნის ”გასაცემად” გავდივარ. როგორც წესი, მეორედან მერვე გაკვეთილამდე სკოლაში ვარ. საბედნიეროდ, ყველა მათგანზე არ შევდივარ, 4-5 გაკვეთილს ვატარებ დღეში. უმრავლეს შემთხვევაში პირველ-მეორე გაკვეთილზე ვაგვიანებ, ბოდიშით ვიწყებ მისალმებას და მოკლედ ვყვები დაგვიანების მიზეზებს.

ზოგჯერ ძილით რომ არის გამოწვეული და ზოგჯერ უმნიშვნელო გაუთვალისწინებლობებით. მოსწავლეებიც უკვე მიეჩვივნენ ჩემს ასეთ შესავლებს. ფეხზე რომ დგებიან სალამის ნიშნად, საოცარი უხერხულობა მეუფლება, თითქმის ჩემი ასაკისები არიან 14 - 19 წლისები და მასწავლებელივით მექცევიან, რაც ნამდვილად არ ვარ.  რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც, არაა საჭირო წამოდგომა-მეთქი, მაგრამ მესმის, ჩვევაა ისეთი, მეც რომ მქონდა სკოლაში. ზოგიერთი მათგანი დამიმეგობრდა, დასვენებებზე მელაპარაკებიან, სოციალურ ქსელში მეკონტაქტებიან. ზოგჯერ სკოლის ჭორებსაც კი მიყვებიან, თუმცა ბევრმა არ იცის სათანადოდ კარგად ენა და მეც ძალიან ვწუხვარ, მათთან დიალოგს რომ ვერ ვაწარმოებ, რადგან არც მე ვიცი სათანადოდ უნგრული. მაგრამ რაც აქ ვარ ენასაც ვსწავლობ - კვირაში ორ დღეს  უნგრული ენის სკოლაში ვატარებ, სადაც ენას აქაური მასწავლებელი, ერიკა გვასწავლის. ინგლისურისა და უნგრულის გარდა, ესპანური და გერმანულიც იცის ამიტომ სხვა, იქაურ  მოხალისეებს, ზოგჯერ მათ მშობლიურ ენაზეც უხსნის გაუგებარ საკითხებს  ან მათი ენის გრამატიკასა და  უნგრულ გრამატიკულ წესებს შორის ავლებს პარალელებს.   

 

ოქტომრის დასაწყისიდან მოყოლებული, დღემდე ასე ვცხოვრობ - სკოლა, ორგანიზაცია, ოფისი, გასვლა, მოსვლა, ტრენინგებზე დასწრება, ღონისძიებების ორგანიზება და მსგავსი ამბები ყოველდღიურად. ჩემი ყოფნის მთავარი მიზანი როგორც უკვე მიხვდით, ინგლისური ენის სწავლებაა უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის  და კულტურული მრავალფეროვნების შექმნა ქვეყანაში. წელს ერთადერთი ქართველი ვარ, თუმცა ჩემამდე სხვა ქართველი მოხალისეებიც ჰყოლია ჩემს ორგანიზაციას. აქვე არიან მოხალისეები გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, რამდენიმე ხანში კი ფინეთიდან და საფრანგეთიდანაც შემოგვიერთდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი სხვადასხვა ისტორიის და კულტური მატარებლები ვართ, მაგრამ ამჟამად ერთ ნავში ვსხედვართ და საერთო საქმეს ვაკეთებთ. ყველაზე კარგი მაინც ისაა, რომ ერთმანეთს ვეცნობით, ვუზიარებთ ჩვენს ხედვებს, კულტურას და ინფორმაციას ჩვენს ქვეყნებზე, ამასვე ვაკეთებთ სკოლებში და მოსწავლეებიც მიყვებიან ბევრ საინტერესოს აქაურობაზე. ზოგჯერ მთხოვენ კიდეც ქართულად დავილაპარაკო და მერე, კარგა ხანი გაშტერებლები შემომცქერიან, რადგან ეტყობათ ამგვარი ენა და სიტყვები პირველად გაიგონეს.

 

პროექტის შესახებ ზაფხულში მომწერეს, აგირჩიეთ და გინდა თუ არა მონაწილეობაო, მკითხეს. ძალიან დავიბენი, დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ბოლო წუთს გაგზავნილი სააპლიკაციო ფორმისა და არც თუ კარგად ჩავლილი სკაიპ გასაუბრებისთვის. ამიტომ არ მოველოდი. თან უნივერიტეტში ერთი წელი მქონდა დარჩენილი ბაკალავრის დიპლომის აღებამდე. დილემაში ვიყავი, მაგრამ დრო არ ითმენდა და გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიმეღო. მეც მოცემული შანსის აღება და გამოყენება ვარჩიე, ხოლო უნივერსიტეტის დიპლომი და აკადემიური განათლება ერთი წლით გადავდე.

აქ ზოგჯერ ძალიან დატირთული ვარ, ზოგჯერ - ნაკლებად. ზოგჯერ სტრესულია აქაურობა - ჩემს ქალაქში ბევრი ინგლისურის მცდონე არაა, და პირველ ხანებში ხელებით და ფეხებით რომ ვუხსნიდი ყველას, რაც მინდოდა, ხან საკუთარ თავზე ვბრაზობდი და ხანაც, უფრო მეტად უნგრეთის განათლების სისტემაზე ვყრიდი ცოფებს. ახლა მივეჩიე, საჭირო სიტყვებიც ვისწავლე და მარტივი დიალოგის წარმოება უკვე შემიძლია ადგილობრივებთან.

ჩემი ქალაქი - Nyíregyháza ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია, უკრაინასა და სლოვაკეთთან ძალიან ახლოს. სიდიდით უნგრეთის მეშვიდე ქალაქია. ბუდაპეშტთან 3 საათი მაშორებს მატარებლით. ირგვლივ სიმშვიდეა და საბჭოთა სტილის ბინებია ჩამწკრივებული, რომლებიც ფერადად შეუღებავთ, ისეთი სევდიანი ნაცრისფერები რომ აღარ იყვნენ და უფრო თანამედროვე იერი მიეცეთ. ზოგადადაც, ასეთი მეჩვენება ეს ქვეყანა: პოსტსაბჭოთა-ცხოვრების სტილით, ადამიანების შეხედულებებით და მოხუცების სენტიმენტებით  და თან ევროპული, რომ ცდილობს, გაიზიაროს ევროპული ღირებულებები, თანამედროვეობას აუწყოს ფეხი  და მოქალაქეებსაც ევროპელებად აგრძნობინოს თავი.

აქაური საჭმელი უგემრიელესია, არც კი მოველოდი რომ ასე მომეწონებოდა პოგაჩა - ფენოვანი ცომი და ზედ მოსხმული ყველი, გულაში - ხორცისა და ბოსნეულის სუპი, კიფლი-ტკბილი პური, საახალწლო ნამცხვარი სახელად Kürtősh, რომელსაც უცხოელები ბუხრის ნაცხვრად მოვიხსენიებთ (chimney cake), რადგან ჩვენს თვალწინ აკეთებენ ცხელ ღუმელში. ასევე აქაური ცხელი ღვინოა არომატული და ტკბილი,  ხოლო მცენარეული ლიქიორი უნიკუმი და ხილის არაყი - პალინკა უნგრელების საამაყო სასმელები და მათი სავიზიტო ბარათია.

მიხარია, რომ აქ ვარ. რა თქმა უნდა, უამრავ სიძნელესაც ვაწყდები ყოველდღიურად და პირველი ხანების კულტურული შოკიც რთული დასაძლევი იყო, თუმცა ნელ-ნელა ვადაპტირდები, ჩემი ხედვის არეალი ფართოვდება, ვიძენ ისტორიულ და კუტურლ ცოდნას. ვნახულობ ადგილებს, რომელსაც ვერასოდეს ვნახავდი. ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც რომ არა EVS, ვერასოდეს გავიცნობდი და დავუმეგობრდებოდი.

არ ვიცი რამდენად დიდ და მნიშვნელოვან გავლენის ვახდენ აქაურებზე, ან რამდენად შეგვიძლია მოხალისეებს პოზიტიური ცვლილებების მოხდენა ქვეყანაში - ვიმედოვნებ შეგვიძლია, მაგრამ ამ გამოცდილებით, რასაც ყოველდღიურად ვიძენთ, ვფიქრობ, თავადაც ვიზრდებით და უფრო მეტად დამოუკიდებლები, ემპათიურები და გათვიცნობიერებულები  ვხდებით.

უკან, საქართველოში 2018 წლის სექტემბრის ბოლოს დავბრუნდები.

 salomeee

 

 

რუბრიკაში "ნაწყვეტი დღიურიდან" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 2259 times Last modified on პარასკევი, 13 ივლისი 2018 18:56

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი