სტალინი რელიგიური ადამიანი იყო - მითი და რეალობა

გაიხსენე ისტორია Written by  პარასკევი, 17 აგვისტო 2018 10:11 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხშირად ამბობენ, რომ სტალინი რელიგიური ადამიანი იყო. რადიო "მოზაიკა" გთავაზობტ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს რელიგიისადმი სტალინის დამოკიდებულების შესახებ. 

საბჭოთა იდეოლოგიის თანახმად, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმს ეფუძნებოდა, „რელიგია ოპიუმია ხალხისთვის“. შესაბამისად, ნებისმიერი რელიგია და მისი მსახურები სოციალიზმის მტრულ ბანაკად განიხილებოდნენ. საბჭოთა ხელისუფლების პირველივე წლებში მიმდინარეობდა ღვთისმსახურთა მასობრივი დაპატიმრებები, გაუქმდა ეკლესიები და სხვა საკულტო ნაგებობები. შემთხვევითი არ არის, რომ გულაგის პირველი საკონცენტრაციო ბანაკი - სოლოვკები, ბოლშევიკებმა მამათა მონასტრის ადგილზე შექმნეს ბერ-მონაზვნების გასახლების შემდგომ.   საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-10 პარაგრაფი პირდაპირ იყო მიმართული ღვთისმსახურთა წინააღმდეგ: „მასების რელიგიური ცრურწმენების გამოყენება სახელმწიფოს დასუსტების მიზნით ისჯება მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობით, მაქსიმუმ - სიკვდილით დასჯით“.      

 „პარტიას არ შეუძლია ნეიტრალური იყოს რელიგიასთან მიმართებაში, და ისიც ეწევა ანტირელიგიურ პროპაგანდას ყველა და ყოველგვარი რელიგიური ცრურწმენების წინააღმდეგ,   რამეთუ ის მეცნიერებას უჭერს მხარს,   რელიგიური ცრურწმენები კი მიდიან მეცნიერების წინააღმდეგ…   პარტიას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენათა მატარებლებთან მიმართებაში, რეაქციულ სამღვდელოებასთან მიმართებაში, რომელიც სწამლავს მშრომელთა მასების ცნობიერებას.   დავამხეთ კი ჩვენ რეაქციული სამღვდელოება?   დიახ დავამხეთ.   უბედურება კი მხოლოდ იმაშია, რომ ჯერ კიდევ არ არის სრულიად ლიკვიდირებული.   ანტირელიგიური პროპაგანდა წარმოადგენს იმ საშუალებას,   რომელმაც ბოლომდის უნდა მიიყვანოს რეაქციული სამღვდელოების ლიკვიდაციის საქმე.   არის შემთხვევები,   რომ პარტიის რიგებიდან ვიღაც-ვიღაცები ზოგჯერ ხელს უშლიან ანტირელიგიური პროპაგანდის ყოველმხრივ გაშლას.   თუ პარტიიდან ასეთ წევრებს გარიცხავენ,   ეს ისედაც კარგია,   რამეთუ ასეთ   „კომუნისტებს“   ჩვენი პარტიის რიგებში ადგილი არ აქვთ“, - აცხადებდა სტალინი 1927 წელს საბჭოთა რელიგიური პოლიტიკის შესახებ.

საბჭოთა ხელისუფლება ყველა მეთოდით ებრძოდა რელიგიურ ინსტიტუტებს, ტრადიციებს. საგანგებო დადგენილებებით, სადამსჯელო ღონისძიებებით ცდილობდა, რელიგიური რიტუალების მიმართ მოსახლეობაში არსებული დამოკიდებულება ამოეძირკვა.   

  • 1929 წლის 26 აგვისტოს მთავრობამ დააწესა „მოძრავი“ ხუთდღიანი უწყვეტი სამუშაო კვირა - მშრომელები მუშაობდნენ ხუთ დღეს, მეექვსე დღეს კი ისვენებდნენ (ამგვარი კვირის დამახასიათებლად სპეციალური ტერმინიც კი არსებობდა - «непрерывка»). კვირა საერთოდ გამოირიცხა, როგორც დასვენების დღე. ამით კვირაობით ტაძრებში მიმსვლელთა რაოდენობის შემცირებას ცდილობდნენ.   
  • 1929 წელს საგანგებო დეკრეტით აიკრძალა ეკლესიის ზარების რეკვა, „რადგან ზარების ხმა არღვევს ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის ფართო მასების დასვენების უფლებას“.   
  • 1928 წლიდან სამღვდელოებას ათჯერ გაეზარდა ფინანსური ვალდებულება, ჩამოერთვათ მოქალაქეობრივი უფლებები (უარი ეთქვათ სასურსათო ბარათებსა და სამედიცინო მომსახურებაზე). მრავალი მათგანი გაუთანაბრეს კულაკებს. მათ აეკრძალათ საეკლესიო მოღვაწეობა და ანაზღაურებადი შრომით ცხოვრება. იძულებული გახდნენ, მოხეტიალე მღვდლები გამხდარიყვნენ და საზოგადოებას გარიდებოდნენ.   
  • „დიდი წმენდის“ დროს (1937-1938 წწ.) 200 ათასი სასულიერო პირი გახდა საბჭოთა რეპრესების მსხვერპლი.   
  • 1925 წელს ჩამოყალიბდა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“ (მუკ). კავშირის თავმჯდომარე გახდა ემელიან იაროსლავსკი, 1921-1942 წლებში გამომავალი გაზეთის, „უღმერთოს“ რედაქტორი. ხელისუფლების განსაკუთრებული მფარველობის შედეგად მუკ-ის წევრთა რაოდენობა 80 ათასიდან (1926 წ.) 5 მილიონამდე (1931 წ.) გაიზარდა. ამდენი აქტივისტი კომკავშირსაც კი არ ჰყავდა. ყოველწლიურად იზრდებოდა ანტირელიგიური ლიტერატურის ტირაჟი: თუ 1927 წლისთვის უღმერთოთა ორგანიზაციებმა გამოსცეს წიგნები და ბროშურები 700-ათასიანი ტირაჟით, 1930 წელს ეს რაოდენობა 50 მილიონ ეგზემპლარზე მეტი იყო. მაგალითად, გაზეთი „უღმერთო“ 1931 წელს უკვე ნახევარი მილიონი ცალი იბეჭდებოდა, ჟურნალი „უღმერთო“ კი - 200 ათასი. ყველგან ყალიბდებოდა უღმერთოთა ახალ-ახალი წრეები.   უღმერთოთა კავშირი არსებობდა როგორც საწევროებით, ისე პირდაპირი სახელმწიფო დოტაციის მეშვეობით.
  • იქმნებოდა სპეციალური ანტირელიგიური მუშათა უნივერსიტეტები - სპეციალური სასწავლო დაწესებულებები. 
  • საბჭოთა კავშირში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების რაოდენობა 14 500-იდან 1949 წლის დასაწყისში 11 500-მდე შემცირდა. 

 

საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა საქართველოში  

საქართველოს გასაბჭოებისთანავე, 1921 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრების დახურვა.

 

1917 წელს საქართველოში იყო 1 130 მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 2 609 მღვდელი, 227 მთავარდიაკონი, 1 606 დიაკონი, 29 მამათა მონასტერი 1 188 ბერით, 6 დედათა მონასტერი 280 მონაზვნით.

1953 წელს საქართველოში მოქმედი იყო მხოლოდ 45 ეკლესია, რომელსაც 100-მდე ღვთისმსახური ჰყავდა.   

 

ბოლშევიკი აქტივისტები ეკლესია-მონასტრებიდან დაურიდებლად ეზიდებოდნენ საეკლესიო ქონებას, ხატებსა და საღვთისმსახურო წიგნებს ცეცხლში წვავდნენ, ანგრევდნენ ეკლესიებს. 1922 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ გენუის კონფერენციას მიმართა მემორანდუმით, რომლითაც ამხელდა ბოლშევიკთა თავგასულობას:   

„ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას; უბღალავენ წმინდათა-წმინდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება; მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია; მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია... ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არა აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისთვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას“.   

მემორანდუმში კათოლიკოსი მოითხოვდა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას. ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. მალე დაიწყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და სხვა სასულიერო პირების სასამართლო პროცესი. საბჭოთა სასამართლომ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკაცრად დასაჯეს საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრებიც. ამბროსი ხელაია მეტეხის საპყრობილეში ჩასვეს, სადაც მისი ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა და მოხუცი პატრიარქის გარდაცვალება დააჩქარა. ხელისუფლებამ სცადა საეკლესიო კანონმდებლობის უხეში დარღვევით კათოლიკოს-პატრიარქად დაესვა მისთვის სასურველი პიროვნება, მაგრამ მორწმუნე მრევლმა და სამღვდელოებამ ცრუ პატრიარქს სიონის ტაძარში შესვლის უფლება არ მისცეს.   

1929 წელს შეიქმნა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის სრულიად საქართველოს ცენტრალური საბჭო“, რასაც წინ უსწრებდა „უღმერთოთა უჯრედების“ ჩამოყალიბება საქართველოს ყველა მაზრაში. ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზას დაადგა. 40-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიების საქმეთა კომიტეტის რწმუნებულები ყველა რესპუბლიკაში განაგებდნენ რელიგიის საქმეებს. რწმუნებულის აპარატი იქცა საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ მეთვალყურედ, მისი ნებართვის გარეშე საქართველოს ვერც ერთ ეპარქიაში სასულიერო პირი ვერ დაინიშნებოდა.

სტალინის მართლმადიდებლობის მითის ნაწილია აგრეთვე შეხედულება, თითქოს მან აღუდგინა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია.

ამ საკიტხზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს:  ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს წყვეტს მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქი. საქართველოს ეკლესიამ რუსეთის მიერ ძალადობრივად წართმეული ავტოკეფალია 1917 წელს აღიდგინა, მსოფლიო საპატრიარქომ კი ეს ფაქტი 1990 წელს ცნო.  1943 წელს, სტალინის ნებით, რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო რუსეთში პატრიარქის დასასმელად - საეკლესიო კანონიკის თანახმად, ეს რომელიმე მართლმადიდებელ პატრიარქს უნდა განეხორციელებინა. იმ დროს საბჭოთა ხელისუფლების გავლენის ქვეშ ერთადერთი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იმყოფებოდა, რომელსაც დაევალა კიდეც კურთხევის ცერემონიის წინამძღვრობა. საქართველოს კათალიკოსმა კალისტრატემ კრემლის მესვეურებს განუმარტა ის უხერხულობა, რაც იქმნებოდა ამ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ეკლესია არ ცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და, შესაბამისად, მისი, როგორც კათალიკოს-პატრიარქის უფლებამოსილებას. ამან განაპირობა 1943 წელს თბილისში სტუმრად ჩამოსული რუსეთის ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალურად ცნობა.

 

 

მასალა მომზადებულია პუბლიკაციაზე "13 მითი სტალინის შესახებ" დაყრდნობით. პუბლიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციის "ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის' დაფინანსებით დაიბეჭდა. 

 
Read 621 times Last modified on პარასკევი, 17 აგვისტო 2018 10:30
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი