პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი სახელმწიფოებრივი ხედვები

წერილები Written by  შაბათი, 18 აგვისტო 2018 13:09 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: არინა თავაქარაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნები უკვე კარს მოგვადგა და შეიძლება ითქვას ძალიან მრავალფეროვანი, მძიმე საპრეზიდენტო არჩევნები ელის ქვეყანას.

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ წარდგენილი კანდიდატები აბსოლუტურად განსხვავდებიან თავისი შეხედულებებით, თავისი დამოკიდებულებებით სახელმწიფოს მშენებლობის მიმართ. თან ისიც უნდა დაემატოს, რომ დღეს საკმაოდ შეზღუდულია საპრეზიდენტო არჩევნები, კონსტიტუციის თანახმად, ჩვენ ბოლო არჩევნები გვაქვს, როდესაც საერთო საყოველთაო არჩევნებია და ამომრჩევლები იღებენ მონაწილეობას. შემდეგ უფრო შეიზღუდება კონსტიტუციით პრეზიდენტის ინსტიტუტის არჩევა და მხოლოდ 300 კაცს ექნება ამის შესაძლებლობა სამართლებრივ სივრცეში.

ახლა, როგორია ეს საპრეზიდენტო არჩევნები, საით მივდივართ და საით შეიძლება წაგვიყვანოს - დღეს გვაქვს მხოლოდ ორფეროვანი საქართველო. ეს არის რეალობა. ერთი მხარე მყარად დგას თავის პოზიციებზე პოლიტიკურ ორიენტაციებში რუსეთის მომხრედ და მეორე მხარე - დასავლეთის მომხრე, სადაც შეიძლება ორი ფრთა წარმოიქმნას. ერთი თვლის, რომ ჩვენ მუდმივ პარტნიორად უნდა გავიხადოთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ეცდება ჩვენს დაცვას და მეორე ნაწილი, ანუ დასავლეთის მომხრეები, ამბობენ, რომ არა მარტო ამერიკა, არამედ აქცენტი ავიღოთ ევროკავშირზეც. მყარად დგანან დასავლეთის მომხრეები იმ პოზიციაზე, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ნატოსთან კავშირი.

ახლა როგორია პრეზიდენტობის კანდიდატების დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ. დღეს, ყველაზე სკანდალურ სახედ იქცა სალომე ზურაბიშვილი და მისი განცხადებების უდიდესი ნაწილი, ყველა თემაზე მისი დამოკიდებულება, ჩემთვის პრაქტიკულად მიუღებელია. პირველ რიგში, მიუღებელია მისი დამოკიდებულება მედიასაშუალებების მიმართ. ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენი მონაპოვარია თავისუფალი მედია და როგორი მედიაც გვაქვს, ისეთია ჩვენი გარემო. და შენ "თავის განძრევა" აზროვნებაშეზღუდული სახით წარმოადგინო - ეს მინიმუმ შეურაცხმყოფელია. ეს ჩემ თვალში მედიაზე თავდასხმაა. სისტემატური საუბარი იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ცოტ - ცოტა შევულამაზოთ იმით, რომ რუსეთი 2 საუკუნეა აწარმოებს ომს ჩვენს წინააღმდეგ და კონკრეტულად, ომი 2008 წელს დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მართლა არ დაუწყია საქართველოს ომი და პირველი და მესამე გასროლა არ ივარაუდება ამაში. მთელი იმ ხნის განმავლობაში, წინა პროცესები იყო ყველა გზა და საშუალება იმისა, რომ იმპერიალისტურ და ტოტალიტარულ სისტემაში ჩარჩენილ რუსეთს გამოეწვია ჩვენი ჩაბმა ამ ომში. სამწუხაროდ, ჩავებით, ალბათ სხვა გამოსავალიც არ იყო მაშინ. საქართველო 2 საუკუნეა, და 2008 წლის აგვისტოს თვიდან დღემდე აგრძელებს და საზოგადოება, მოქალაქეები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლას - რუსეთის გარეშე, რუსეთის ოკუპაციის გარეშე. ჩვენი არჩევანია თავისუფალი ქვეყანა და როცა პრეზიდენტობის კანდიდატი ცდილობს აქეთკენ გაგვაქანოს, პირდაპირ ვიტყვი, ეს დანაშაულის ტოლფასია, რიგ შემთხვევებში ღალატის ტოლფასი.

თუმცა, მარტო ის არ არის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოდგენილი და მისი დამოუკიდებელი კანდიდატობა ამ ეტაპზე გასარკვევ - გაურკვეველია. თუ “ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს სამართლებრივად, რა ფორმას მონახავს და როგორ დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს მხარს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისე, მე ვერ წარმომედგინა თუ ასე აზროვნებდა სალომე ზურაბიშვილი და არ მაქვს სურვილი, ასეთი ადამიანი გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მმართველი გუნდი ამ სიტუაციაში ჩიხში შევიდა, მან ან სხვა კანდიდატზე უნდა აიღოს აქცენტი, ან თუ მას დაუჭერს მხარს, ის იქნება მისი ისტორიული პოლიტიკური სირცხვილი, საიდანაც ვეღარასოდეს ამოვა.

აქ უკვე მივდივართ სხვა ვითარებაში, როგორია სხვა კანდიდატების დამოკიდებულება. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს უფრო მეტად გამოცდილი გრიგილ ვაშაძე. თუმცა, არის ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი, რომელიც გარკვეულ თემებს არ პატიობს, გარკვეულ ფორმაში წინააღმდეგობაშია გარკვეული ფორმატით ენმ -სთან და მიუხედავად იმისა, ისინი ოცნებასაც არ უჭერენ მხარს, ვერ ხდებიან ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები. ეს პროცესი ცოტა სხვა მიმართულებით არის წასული. თუმცა, ამ პარტიის მიმართ არის ამომრჩეველთა ერთი ნაწილის მუდმივად დადებითი დამოკიდებულება და ეს არ არის პატარა რიცხვი. როცა ვამბობთ პარტია გავაუქმოთო, სამ კანდიდატს ვლანძღავთ, ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ იმ ამომრჩეველს, ვინც მუდმივად მას ხმას აძლევს. მე ვთვლი, რომ ამ არჩევნებზე, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეთა რიცხვი გაზრდილი იქნება, იმ მუდმივი ამომრჩევლის გარდა, იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ“ უამრავი შეცდომა დაუშვა სახელმწიფო მართვაში, რაც ძალიან აისახა რიგით მოქალაქეებზე, ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოზე.

არის კიდევ ერთი კანდიდატი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განაყარი დავით ბაქრაძის სახით. ამ პარტიას დამოუკიდებლად ჯერ არ გადაუდგამს ნაბიჯები და ძნელი სათქმელია, როგორი იქნება მათი ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნებზე და როგორ მიიღებს მას. ის ხალხი, ვისთან ერთადაც ისინი იყვნენ და ხმები ჰქონდათ, უდიდესი ნაწილი დარჩა ისევ ენმ - ის ამომრჩევლად. ამიტომ, ამომრჩევლის სიმყარე მათ ჯერ არ ეტყობათ. აღარაფერს ვამბობ იმ მარადიულ კანდიდატზე, შალვა ნათელაშვილზე, მე ასე ვეძახი.

რაიმე სიახლე სჭირდება ამ ქვეყანას, ასევე განაყარია მმართველი პარტიისა დავით უსუფაშვილი. რომელიც ჯერ აქტიურად არ არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ჩემთვის უცნობია მისი პროგრამული ხედვები იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდება. მას ყავს თავისი მომხრეები, მაგრამ ამომრჩეველი მის მიმართ როგორ არის განწყობილი, ჯერ ეს არ ჩანს, რადგან ეს კამპანიაც არ ჩანს ასე აქტიურ ფაზაში.

მთლიანობაში, მაინც ეს ორი ფენა წარმოდგება და მოიგებს ის, ვინც უფრო მეტს შესთავაზებს სასიკეთოს ამომრჩეველს. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველმა ყველაზე კარგად იცის რომ პრეზიდენტი შეზღუდული უფლებით ვერ წყვეტს რიგ საკითხებს. მაგრამ დღეს საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, ისეთი, რომელიც დააბრუნებს ევროქრისტიანულ სივრცეს და ჩვენ ამოვარდნილი ვართ ამ სივრციდან. რიგი განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დასავლურ სისტემებში ისევ ვზივართ, წევრი ვართ ევროსაბჭოსი და ა.შ.

ჩვენ სწრაფად უნდა შემოვბრუნდეთ ამ ყველაფრისკენ. ჩვენ გვჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სერიოზულ წინააღმდეგობას დიპლომატიური გზით გაუწევს რუსეთს. ფაქტია, რუსეთი კარს არის მომდგარი და გაისმის აქეთ - იქიდან საშიშროება იმისა, რომ შესაძლებელია საზღვარიც კი გადმოკვეთოს, რომ ნატოზე გვათქმევინოს უარი. გავრცელებულ ხმებზე მაქვს აქცენტი და არა ჭორებზე.

ნატო თუ აკეთებს წვრთნებს ჩვენს ტერიტორიაზე, უარესს აკეთებს რუსეთი და ჩვენი სწარფვა ნატოსკენ, ჩვენი უსაფრთხოებისათვის და სახელმწიფოებრივი დაცვისათვის, ხდება საწინააღმდეგო პროცესის მაპროვოცირებელი იმ კუთხით, რომ რუსეთი ამ ყველაფერს იყენებს და ცდილობს რამენაირად შეგვითრიოს ისევ აი, ამ მძიმე ბრძოლაში. თუმცა ეს ბრძოლა მაინც გრძელდება. აქედან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნებმა უნდა დაუსვას წერტილი კითხვას, მივდივართ დასავლეთისკენ და გვეყოლება დასავლეთზე ორიენტირებული მართლაც რომ ლიდერი, რომელიც დაცლილი იქნება რუსული მენტალური სივრცისგან და ღირებულებებით წავა დასავლეთისკენ, ხელს შეუწყობს იმ შეზღუდულ ინსტიტუტში აი, ამ გზას, თუ ჩავრჩებით რუსეთში და განწირულები ვიქნებით დაღუპვისკენ. დღეს რუსულ სივრცეში ჩარჩენა, ჩემი თვალთახედვით, არის დაღუპვისაკენ სვლა.

მიუხედავად იმისა, რომ აქტიური შეხვედრები ჯერ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ზაფხულია მაინც და ეს პროცესები ასე სწრაფად არ არის განვითარებული, რეალობაა - საინფორმაციო ომი მიმდინარეობს და აი, ამ საინფორმაციო სივრცეში უკვე ბრძოლაა დაწყებული: რუსეთი თუ დასავლეთი?  

მე, პირადად, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, არჩევანს ვაკეთებ დასავლეთზე.  ღირებულებები - მარტო სიტყვები არ არის, ეს არის ღირებულებათა მთელი კომპლექსი, რომელსაც უნდა იზიარებდეს საზოგადოება, რომელსაც უნდა წარმოადგენდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. აქ ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენ გვაქვს დიდი და პატარა ლიახვის ხეობა, დიდი ხნით ადრე კი, ცხინვალი დაკარგული და ახლა მცოცავი ოკუპაცია, რომელიც არ იძლევა საშუალებას იმისას, რომ დამაგრდეს ადგილობრივი მოსახლეობა, აწარმოოს საკუთარი პროდუქცია, შემოსავალი ჰქონდეს, რომ შვილები გაზარდოს - ეს უმძიმესია ჩვენთვის.

აქ, მთავარია, რამდენად მზად არის ჩვენი ხელისუფლება და რამდენად სწორად წარმართავს პროცესებს, რომ რუსეთი, რომელიც აქტიურად გვიტევს, მოიგერიოს, არ ჩანს. საჭიროა, რომ ქვეყანა შემობრუნდეს დასავლური ღირებულებებისკენ. ფაქტია, რომ რა წუთს დაიკლო საგრანტო სისტემამ, იმ წუთს დაიკლო დასავლეთზე ორიენტირებულობამ - ეს თვალშისაცემია. დასავლეთის დახმარება თუ ამოიწურება, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ, მეტად უნდა გაისარჯოს კიდევ დასავლეთი, რომ ახალგაზრდობა, თაობა, რომელიც თავისუფალ საქართველოშ დაიბადა ამ ღირებულების მემკვიდრეც არის და მატარებელიც. შესაბამისად, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ რომ დარჩნენ თავის საქართველოში და და ყველას ერთად ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. მის გარეშე ჩვენ რას წარმოვადგენთ. დამთავრდა საბჭოთა კავშირი საბედნიეროდ, სხვებისთვის - საუბედუროდ. დასრულდა ის ტოტალიტარული სისტემა და ახალ ტოტალიტარულ სისტემაში არ უნდა ამოვყოთ თავი.

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს.     

 

 

Read 965 times Last modified on შაბათი, 18 აგვისტო 2018 13:12

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი