გლობალიზაცია და სამართლიანობა

წერილები Written by  კვირა, 19 აგვისტო 2018 17:42 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნოდო ეცადაშვილი

შესავალი: ერთობა და სამართლიანობა მსოფლიო პოლიტიკაში

ცხადია, დღეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთთანამშრომლობამ მაღალ დონეს მიაღწია. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა დაახლოებამ ხელი შეუწყო სხვადასხვა სახელმწიფოების საერთო პრინციპებისა და ნორმების ჩამოყალიბებას, რამაც ერთის მხრივ, უნდა უზრუნველყოს გლობალიზაციის პროცესებით გამოწვეული სიკეთეების თანაბრად მიწოდება და ხელმისაწვდომობა ყველა სახელმწიფოსთვის და მეორეს მხრივ, უზრუნველყოს ერთიანი, მშვიდობისმყოფელი განვითარება.

გლობალიზაცია არის კაცობრიობის განვითარების ლოგიკური გაგრძელება იმდენად, რამდენადაც არსებობს ისეთი პრობლემური საკითხები, რომელებიც პირდაპირ ზემოქმედებს მთელს მსოფლიოზე (გლობალური დათბობა) და მათი გადაჭრა შესაძლებელია ერთიანი პასუხითა და მჭიდრო თანამშრომლობით. აღსანიშნავია ისიც, რომ უამრავი მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მსოფლიოს ერთ კუთხეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ეფექტს ახდენს სხვადასხვა რეგიონებზე და ხშირია შემთხვევა, როდესაც ლოკალური კრიზისების მასშტაბები იზრდება და ხდება მსოფლიო მნიშვნელობისა და პირიქით, გლობალური ხასიათის მქონე პროცესები იწვევს ლოკალურ კრიზისებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საზღვრებისა და მანძილის მნიშვნელობა დღითიდღე კლებულობს.

მიუხედავად საერთაშრისო ორგანიზაციების ძალისხმევისა, უახლოეს პერიოდში შეინიშნება კონფლიქტების რაოდენობის მატება და ხშირად სამართლიანობის პრინციპი ირღვევა სამხედრო ინტერვენციებით, ადამიანების უფლებების დარღვევითა და სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში უხეში გარე ჩარევით, რომელთა პრევენცია და დეესკალაცია ხშირად დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ცხადია, გლობალიზებულ მსოფლიოში არსებობს სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტების შემაკავაბელი მექანიზმები, სამართლიანობის დაცვისა და აღდგენის გზები, თუმცა გვაქვს უმარავი მაგალითი იმისა, როდესაც დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებს განვითარებასა და თავისუფალ არჩევანს უზღუდავენ და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი მისიები და რეზოლუციები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობისა და სამართლიანობის დაცვას.

 

საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიო წესრიგი

საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მათ მიერ განსაზღვრული საერთაშორისო პოლიტიკა ეფუძნებოდეს თანასწორი, თავისუფალი სახელმწიფოების ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას, საქმიანობის იმგვარ წარმოებას, სადაც პოლიტიკური წესრიგი დაეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ნორმებს. ცხადია, როდესაც ვსაუბრობთ სუვერენულ სახელმწიფოებზე, ჩნდება ნაციონალური ინტერესების არსებობის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში და ხშირია შემთხვევა, როდესაც რიგი სახელმწიფოების პოლიტიკური საქმიანობა სცდება საერთაშორისო ნორმებს და მათი საქმიანობის ამოსავალი წერტილი ნაციონალური ინტერესებია, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან. ლოგიკურია, რაც უფრო ძლიერია საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო წესრიგისა და ნორმების დაცვის მექანიზმების ეფექტურობა, მით ნაკლები გასაქანი ეძლევა ნაციონალურ, მილიტარისტულ მისწრაფებებს, რაც ერთის მხრივ, ამცირებს სამხედრო კონფლიქტების წარმოშობის ალბათობას და მეორეს მხრივ, ამკვიდრებს სამართლიან გარემოს.


როგორც ჯ. მორგენთაუ წერს, „საერთაშორისო პოლიტიკა, მსგავსად სხვა ნებისმიერი პოლიტიკისა, წარმოადგენს ბრძოლას ძალაუფლებისათვის; რანაირიც არ უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის საბოლოო მიზანი, მის უშუალო მიზანს ყოველთავის წარმოადგენს ძალაუფლება.“ მიუხედავად ადამიანის მრავალმხრივი განვითარებისა, საერთაშორისო პოლიტიკურ თანაცხოვრებაში განვითარება დიდად არ შეიმჩნევა. ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 30%-ის ოკუპირება, ასობით ათასი ადამიანის გაძევება საკუთარი სახლებიდან, რაზეც ქვემოთ უფრო ვრცლად მოგახსენებთ.


მიუხედავად მრავალი გადაუჭრელი სამხედრო კონფლიქტისა და სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკური კრიზისებისა, პერსპექტივა მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისა ნამდვილად არსებობს და მას ნოყიერი ნიადაგიც გააჩნია. რაც უფრო იზრდება სახელმწიფოებს შორის ურთეირთდამოკიდებულება, რაც ურო მეტი საერთო გადაკვეთის წერტილი ჩნდება, მით უფრო იზრდება თანამშრომლობის დონე. ერთიანი სამართლებრივი სივრცის შექმნას იქამდე ექნება ძლიერი საფუძველი, სანამ თანამშრომლობის, კოორდინირების იდეა იქნება უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე ძალის პოლიტიკა, რომლის გადაფასება ცივილიზებული სამყაროს დიდმა ნაწილმა უკვე შეძლო.

 


რუსული აგრესიის შედეგები და ბორდერიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობა შიდა თუ გარე კონფლიქტებში გაეხვა. ასე აღმოჩნდა საქართველოც ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ რუსეთის პირისპირ ფართო სამხედრო დაპირისპირებაში. საქართველოს არჩევანი ევროპასა და ნატოში ინტეგრაცია რუსეთის მიერ მიჩნეულია საფრთხედ და მოსკოვი ვერ ეგუება იმასაც, რომ რუსეთის გვერდის ავლით, საქართველო გახდა თავისუფალი, საიმედო ნავთობისა და გაზის სატრანზიტო გზა ევროპისთვის და სწორედ იმიტომ რომ საქართველოს არ გააჩნდეს პირადი არჩევანი, განვითარების საკუთარი გზა და რუსეთმა შეინარჩუნოს ძალაზე და უსამართლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური გავლენები კავკასიის რეგიონში, რუსეთი დღემდე აგრძელებს აგრესიულ სამხედრო პოლიტიკასა და კონფლიქტური რეგიონებით პროვოცირებას.

1991-1992 და 1992-1993 წლებში მიმდინარე ცხინვალისა და აფხაზეთის ომს წინ უსწრებდა რუსული მუქარა, რომ საქართველოს შეეძლო დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი, მაგრამ მას მოუწევდა ორი უძველესი ქართული რეგიონის დაკარგვა, რაც რუსეთმა კიდეც მოიყვანა სისრულეში. 2008 წლის 8 აგვისტოს ომი კი, იყო რუსეთის ბრძოლა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთელ დასავლურ დემოკრატიასა და სახელმწიფოებთან. ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, რომლის შედეგები დღესაც მძიმედ აწევს ქართველ ხალხს და განსაკუთრებით სამას ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ადამიანს, რომლებმაც უდიდესი ფიზიკური და მატერიალური ზიანი განიცადეს.

სამწუხაროდ, რუსული ოკუპაციის პროცესი 2008 წელს არ დასრულებულა და ის დღესაც გრძელდება მავთულხლართების მეშვეობით. ომიდან ერთი წლის თავზე რუსეთმა განაახლა შეტევები საქართველოს სახელმწიფოს მიმართულებით და დაიწყო ე.წ. სადემარკაციო ხაზის გავლება, რითაც ხელოვნურად გაყო ქართველი და ოსი ხალხი. ბორდერიზაციის პროცესი განახლდა 2011 წელს და მან ინტენსიური სახე 2013 წელს მიიღო. დღეს 40-მდე საოკუპაციო ხაზთან მყოფი სოფელი ას კილომეტრამდე რკინის ღობითაა შემოსაზღვრული. განსაკუთრებით მძიმეა სადემარკაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ყოფა. მხოლოდ 2011-2016 წლებში შიდა ქართლისა და აფხაზეთის გამყოფ ხაზებზე ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს 2404 ადამიანი, მათ შორის 86 არასრულწლოვანი და 375 ქალი. გარდა ადამიანების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვისა, მაგ. სოფელ აძვში მცოცავი ოკუპაციის შედეგად 32 ოჯახის საკუთრებაში მყოფი სასოფლო სამეურნეო მიწა რუსეთის მიერ კონტორლირებად ტერიოტორიაზე აღმოჩნდა. სოფელ სობისში ამავე პროცესის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობის ნაწილმა მხოლოდ მოსავლის ნახევრის აღება შეძლო, მომავალ წელს კი, ისინი ამ მიწის დამუშავებას ვეღარ შეძლებენ. ასეთი ფაქტები ფიქსირდება თითქმის ყველა გამყოფ ხაზთან არსებულ სოფელში, სადაც ადამიანებს უკრძალავენ საკუთარი ბაღების მოვლას, გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავების მონახულებას, საძოვრების გამოყენებას და ა.შ. საინტერესოა, რომ რუსეთი მავთულხლართებს არა მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიოტორიებზე ავლებს, არამედ იქაც, სადაც თავადაა განლაგებული და ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. მაგ. სოფელ ოტრევში გავლებული მავთულხლართის ერთადერთი დანიშნულება ისაა, რომ თავად ოსებმა ვერ შეძლონ მოსაზღვრე ქართულ, ჩემს მშობლიურ სოფელში, ფლავისმანში გადმოსვლა. მე თავად ვარ 2008 წლის 5 აგვისტოს, ომის დაწყებამდე 3 დღით ადრე ამ სოფელში, ოსურ ოჯახში სტუმრად ნამყოფი და მახსოვს, როგორ ხშირად სტუმრობდნენ ჩემს სოფელს ოსი, დანათესავებული, დამეგობრებული ოჯახები და ამ რკინის ღობის ერთადერთი მიზანია, შეზღუდონ არა მხოლოდ ქართველების თავისუფლად გადაადგილების უფლება, არამედ თავად ოსებსაც აღუკვეთონ ჩვენთან, მათ მოძმე ხალხთან ურთიერთობა.

უფრო მძიმე შემთხვევბს რაც შეეხება, 2014 წლის 4 ივნის საქართველოს მოქალაქე დავით ბაშარული დააკავა ახალგორის მილიციამ და გადაყვანილ იქნა საოკუპაციო ზონაში არსებული პოლიციის შენობაში, რის შემდეგაც, იგი 6 თვით გაუჩინარდა და ბოლოს იგი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას პოლიციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და სწორედ მათი ხელით იქნა მოკლული. 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან საოკუპაციო დანაყოფების ჯარისკაცებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას რამდენიმე ტყვია კიდურებისა და მუცლის არეში ჰქონდა მოხვედრილი და არსებობს ვიდეო ჩანაწერიც, თუ როგორ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში საკონტროლო გასროლით წაქცეულ ოთხოზორიას დეფაქტო ხელისუფლების მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ. 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილი დაკავებულ იქნა ახალგორის საოკუპაციო ხაზთან და მალევე გავრცელდა ინფორაცია საოკუპაციო პოლიციის მიერ მისი მოკვლის შესახებ. 26 დღის დაგვიანებით რუსულ-ოსურმა მხარემ საქართველოს გარდაცვლილის ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოსცა, რათა ხელი შეეშალათ სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარებისთვის. ქართული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ტატუნაშვილის სხეულზე აღმოჩნდა მრავლობითი დაზიანებები, რაც ცხადად ადასტურებდა მისი არაადამიანურად წამების ფაქტებს.

 


საერთაშორისო საზოგადოება ქართული სამართლის სადარაჯოზე

საქართველომ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე პერიოდშივე მკვეთრად დააფიქსირა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მისწრაფებები, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის მაქსიმალურად დაახლოებას ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებთან და ამ გაერთიანებების სრულუფლებიან წევრობას.

2008 წლის აგვისტოს ომის პასუხად, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა მონიტორინგის მისია (EUMM), ამავე წელს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი. 2008 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა და ქართველი ხალხი კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახას.

2008 წლის 19 აგვისტოს ბრიუსელში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრა, რომელზეც ერთმნიშვნელოვნად იქნა დაგმობილი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის ფედერაციის ქმედებები. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC - NATO Georgia Commission) შექმნისა და 2008 წლის 15-16 სექტემბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ (Statement Meeting of the North Atlantic Council at the level of Foreign Ministers held at NATO Headquarters, Brussels). 2018 წლის 12 ივლისის ნატოს სამიტზე კვლავ დადასტურდა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭრა და კიდევ ერთხელ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან ერთად ხმამაღლა ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ცხადი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთადერთი იარაღი საერთაშორის თანამეგობრობის მხარდაჭერა იყო. ფაქტობრივად, რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. მაშინ როცა რუსთს გადაწყვეტილი ჰქონდა ალყაშემორტყმული თბილისის აღება, საქართველოში ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი ჩამოდიან თბილისის მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ასევე დედაქალაზე რუსეთის შეტევის შანსის შესამცირებლად. აგვისტოს ომის პერიოდში და უშუალოდ ომის შემდეგ, ევროპის კავშირმა გამოიჩინა მისთვის საკმაოდ უჩვეულო ოპერატიულობა და ეფექტურობა, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე მათ განხორციელებაში. ნიკოლა სარკოზიმ, როგორც ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა აგვისტოს დრამატულ დღეებში, სწორედ ის ხელმძღვანელობდა მოსკოვსა და თბილისს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს და სწორედ მისი თაოსნობით შედგა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროექტი.

საერთო ჯამში, 2008 წლის ომმა მისცა ბიძგი ევროკავშირსა და ნატოს უფრო ფართოდ გაეღოთ კარები საქართველოსთვის, გაეზარდათ მხარდაჭერა და აქტიურად დაეყენებინათ საქართველოს კონფლიქტების გადაჭრის აუცილებლობა დღის წესრიგში და რაც ყველაზე მთავარია, მაშინ როდესაც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მან მრავალი მცდელობის მიუხედავად ნიკარაგუას, ნაურუს და ვენესუალას გარდა მხარდაჭერა არავინ გამოუცხადა, მსოფლიომ კი, უპირობო თანადგომა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

 


დასკვნები

2008 წელს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით რუსეთმა შეწყვიტა ფართომაშტაბიან სამხედრო აგრესია და გადარჩა ქართული სახელმწიფო, თუმცა რუსეთი კვლავაც არ წყვეტს მცოცავ ოკუპაციას, კვლავაც საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და ყოველდღიურად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც რუსეთს აღუკვეთავს აგრესიული პოლიტიკის წარმოებას. 2008 წლის აგვისტოს ომის გაკვეთილი ვერ გამოდგა საკმარისი დასავლეთისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ყირიმის ოკუპაცია და უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, რაც დიდწილად 2008 წელსა და შემდგომ პერიოდში რუსეთის მიმართ არასათანადო პრინციპული პოზიციებით იყო განპირობებული. მიუხედავად საერთაშორისო ურთიერთობების მრავალმხრივი განვითარებისა, საერთაშორისო სამართლიანობის დაცვა მუდამ დიდი გამოწვევაა ცივილიზებული მსოფლიოსთვის და ხშირია შემთხვევა, როდესაც ვერ ხერხდება ეფექტური რეაგირება და ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის უსამართლო ჩაგვრის შეჩერება.

 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს.   

 

 

 

 

 

 

Read 2058 times Last modified on ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 10:40

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი