ყველაზე აქტიური ქალი ერგნეთში-ლია ჩლაჩიძის ისტორია

ადამიანური ისტორიები Written by  სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 14:15 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"პედაგოგად 25 წელი ვიმუშავე. მაშინ ვფიქრობდი, სკოლის იქით სამყარო არ არსებობდა. როდესაც სკოლას თავი დავანებე, მივხდი, რომ არსებობს სხვა სფეროებიც, სადაც შეიძლება ქალმა იმუშაოს", - ლია ჩლაჩიძე დღეს საჯარო მოხელეა.

ის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო - საპროცედურო კომისიას ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ სანამ პოლიტიკაში ჩაებმებოდა, ბევრ სფეროში მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები. პირველი - სოფელ ვანათის სკოლა იყო. იქ მუშაობა 1974 წელს დაიწყო. 

"ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე და დავიწყე მუშაობა ვანათის  საშუალო  სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.  ეს იყო მე - 10 კლასი, თითქმის ჩემი თანატოლები სწავლობდნენ. ჩამომიყალიბდა მათთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა. ახალგაზრდა პედაგოგი იყო მათთვის ახალი ხილი, სხვანაირი შეხედულებებით, სხვანაირი ქცევები, ჩაცმულობის სტილით, შერწყმა მოხდა ჩვენი, მოსწავლე - მასწავლებლის. ძალიან ტკბილად მახსენდება და გული მტკივა იმაზე , რომ ეს სოფელი ოკუპირებულია, ჩვენი არ არის, ის სკოლაც გასწორებულია მიწასთან და დიდი ტკივილი მაქვს ამასთან დაკავშირებით.

პედაგოგად ვიმუშავე 25 წლის განმავლობაში, კარგი პედაგოგი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ სკოლის იქით სამყარო არ არსებობდა და როდესაც სკოლაში მუშაობას დავანებე თავი, მაშინ გამოვიხედე თვალებში და ვთქვი, რომ სხვა  სფეროებიც არსებობს, სადაც შეიძლება ქალს ემუშავა. ჩემი მთავარი მისია გამოიხატებოდა იმაში, რომ ის საგანი, რასაც მე ვასწავლიდი, ძალიან ჰყვარებოდათ", - ამბობს ლია.

90 - იანი წლები მისთვის რთული გასახსენებელია. როდესაც ქართულ - ოსური კონფლიქტის დროს ერთ - ერთი პირველი მსხვერპლი მისი მეუღლე იყო. ამბობს, რომ მაშინ, მის საცხოვრებელთან ახლოს,  განსაკუთრებით სოხუმის დაცემის შემდეგ, უამრავი დევნილი იყრიდა თავს. მათი საცხოვრებელი პირობები და ძალიან მძიმე იყო. ლია ჩლაჩიძე არასამთავრობო ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში, რომელიც დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრების დახმარებას ისახავდა მიზნად. 

"როდესაც 90 - იან წლებში პირველი აფეთქებები დაიწყო ქართულ - ოსურ ურთიერთობებში, პირველი მსხვერპლი ჩემი მეუღლე იყო. როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, ძალიან ბევრი ადამიანი, დაღუპულის მშობლები, დევნილი ადამიანები სოხუმიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, თავს იყრიდნენ იქ, სადაც მე ვცხოვრობდი. მათთვის გამოუვალი სიტუაცია იყო შექმნილი.

პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარების ორგანიზაცია - "ხსოვნა“, დაფუძნდა, რომელსაც მე ჩავუდექი სათავეში, რომელმაც ძალიან სერიოზული მუშაობა ჩაატარა. ძალიან ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, მაგრამ არაფერი არ არის უსასრულო ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ჩემი იქ მოღვაწეობაც დასრულდა. ორგანიზაცია რუსთავში მდებარეობდა. ჩემს ოჯახს შეექმნა იმის აუცილებლობა, რომ მე დავბრუნებულიყავი სოფელ ერგნეთში, სადაც ახლა ვცხოვრობ, და ფიზიკურად შეწყდა ჩემი საქმიანობა".

ლია ჩლაჩიძემ შემდეგ უკვე ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა. თავდაპირველად, ჟურნალ "პრეს - პრემიერში" კონფლიქტის ზონის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 

"ვმუშაობდი „პრეს პრემიერში“, რომელიც აშუქებდა თანამედროვე მოვლენებს, ესეც 90 - იანების გამოძახილი იყო, მე ვიყავი კონფლიქტის ზონის განყოფილების გამგე. ძალიან კარგ საკითხებს ვაშუქებდით ამ ჟურნალში. მაშინ საომარი მოქმედებები არ იყო და ამ ჩვენი ჟურნალით ქართულ - ოსურ ურთიერთობებს ვუკეთებდით ლეგიტიმაციას და პროპაგანდას.

შედეგ, მუშაობა გავაგრძელე ეუთოს ოფისში, ჟურნალისტად, ეს იყო ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო ქართულ - ოსური ურთიერთობის დარეგულირების, შერეული საკონტროლო კომისია. აქ ვმუშაობდი ქართული მხრიდან ჟურნალისტად და ფაქტიურად, ჩემს თვალწინ გაიარა ყველა იმ ქმედებებმა, რომელიც 2008 წლის ომს უძღოდა წინ. ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა მტრის ხატი, როგორ დავემორჩილეთ პასიურად საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენი, ეგრეთ წოდებული უფროსი ძმის ქმედებებს, რომელიც 2008 წელს ცუდი შედეგით დასრულდა ქართველებისთვის, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი დადებითიც მახსენდება ოსური მხრიდან, ძალიან კარგი , რომელიც დღეს გაყინულია, მაგრამ ამ ყველაფერს ალბათ შენარჩუნება და შემდეგ გაგრძელება უნდა".

ამბობს, რომ ქალი პოლიტიკაში - ეს არის დიდი ტვირთი. თუმცა მიაჩნია, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი უნდა იყოს. მიაჩნია, რომ ქალები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი მშვიდობაზე. 

"მე მივესალმები ქალების მოსვლას პოლიტიკაში, რადგან ქალებს აქვთ არააგრესიული პოლიტიკა, უფრო ჰუმანური პოლიტიკა და ქალები ორიენტირებულები არიან მშვიდობაზე , არამარტო ოჯახში, არამედ მთელს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ძალიან მისაღებია საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ საზოგადოება უნდა წავიდეს პროგრესის გზით და პროგრესი არის ზუსტად ქალი, პროგრესის საწყისი არის დედა, რომელიც თავისი შვილებისთვის ცდილობს უკეთესი გარემო და სოციუმი შეუქმნას. ჩემი პოლიტიკაში მოსვლა ვარდებით მოფენილი არ იყო, რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობები. ოჯახში მეუღლე არ მყავდა, ჩემი შვილები აბსოლუტურად გაგებით შეხვდნენ ამ ამბავს, გვერდში დამიდგნენ თავისთავად ცხადია, და მე, ძალიან ბევრი კარგი ადამიანების მხარდაჭერა ვიგრძენი იმ დროს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და დღესაც ვგრძნობ".

"კრიტიკა არ უნდა გადაიზარდოს უზრდელობაში, რადგან ყველაფერს აქვს თავისი საზომი", - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

"არის, რა თქმა უნდა ნეგატივი, მაღიზიანებს, ნერვებსაც მიშლის ოპონენტების დამოკიდებულება. ეს არ უნდა გადაიზარდოს უზრდელობაში, არ უნდა გადაიზარდოს უხეშობაში და ისეთ დამოკიდებულებაში, რომ შენი პოლიტიკური ოპონენტის ხსენებაც კი არ გინდოდეს. ყველაფერს აქვს თავისი საზომი და როდესაც არაკორექტულად მოგმართავს შენზე ასაკით უმცროსი, რომელსაც უნდა ჰქონდეს, შინაგანი კულტურა, ურთიერთობის კულტურა. დანარჩენი აბსოლუტურად მისაღებია".

სხვა ადამიანების თანადგომა და დახმარება მისთვის ერთ - ერთი უმთავრესია. ამბობს, რომ თავად დიდი გაჭირვება გამოიარა, თუმცა პრობლემებს გაუმკლავდა.

"38 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მე დავრჩი სამი შვილით, რომლებიც ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მომიწია ყველა საქმის საკუთარ თავზე აღება. არამარტო საოჯახო, არამედ გარეთაც. რამაც არ მომკლა, იმან გამაძლიერა და ამ დროს, ამ სიმწარემ მე მასწავლა ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში - თმენის უნარი. არ შეიძლება ყოველთვის იყო შუბლით გამტანი ყველაფრისა. მოთმენასთან ერთად გჭირდება ქალური დიპლომატია, სამშვიდობო პოლიტიკა, ისეთი ქმედება, რომლითაც შენ შემოგხედავენ არა როგორც საცოდავ პიროვნებას, არამედ შენში აღიარებენ, რომ ეს არის ძლიერი ქალი.

არასოდეს არავისთვის არ მიჩვენებია ჩემი ცრემლები, პირიქით, ვარ ძალიან კარგი გამტარი, სხვისი პრობლემების, სხვისთვის რჩევის მიმცემი, თუმცა, ამ დროს, მე ძალიან ვიტვირთები. ჩემი ბუნება ვერ ითმენს იმას, რომ მე გავატარო იმ ადამიანის გაჭირვებაა თუ თანადგომა,  რომელიც ჩემთან მოდის რაღაცის სათქმელად. მე ყველას ვუწილადებ ჩემს სითბოს, ჩემს სიყვარულს, მაგრამ ამ დროს მე ძალიან ვითრგუნები, რადგან თითქოს საშრობივით, ისე ვისრუტავ სხვის პრობლემებს, სხვის აურას და მაქვს მე ამის ატანის და თმენის უნარი. ამან გარკვეული იმუნიტეტიც კი გამომიმუშავა".

"ენდე ადამიანებს, ასეთია ჩემი ოქროს წესი", - გვეუბნება ლია ჩლაჩიძე.

Read 1558 times Last modified on სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 14:38

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი