უხილავი ზღვარი

წერილები Written by  პარასკევი, 26 იანვარი 2018 13:54 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლუკა ბედოშვილი

ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რა გვაქცევს საზოგადოებად. რა არის ის, რამაც შეიძლება ადამიანები ერთმანეთს დაუკავშიროს, საერთო იდეის გარშემო გააერთიანოს, უბრალოდ ხალხით დასახლებული ადგილი სოციალურ სივრცედ აქციოს. ალბათ ერთი მიზეზის თუ საშუალების ძიება არასწორია და ბუნებრივია, როგორც უმეტეს შემთხვევაში, აქაც უამრავი ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, მაგრამ მაინც საინტერესოა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობის მიხედვით ადამიანის რომელ თვისებას გამოვარჩევდით ყველაზე მეტად.

მე, მიუხედავად იმისა, რომ თავში ამ წუთას უამრავი სიტყვა მიტრიალებს, ალბათ, მაინც ურთიერთპატივისცემას დავასახელებდი. ინდივიდთა შორის ურთიერთპატივისცემას. მოვლენას, როდესაც ერთს შეუძლია, გაუგოს მეორეს და პირიქით, მიუხედავად ამ ორი უკანასკნელის იდენტობისა, ინტერესებისა, სურვილებისა, მიზნებისა. პირიქით, ჩემი აზრით, ურთიერთპატივისცემის ფენომენი ყველაზე საინტერესოდ და აშკარად სწორედ აზრთა სხვადასხვაობის დროს ვლინდება.

ურთიერთპატივისცემა ძალადობასთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია. სადაც პატივს სცემენ, იქ არც ძალადობენ და პირიქით, სადაც ერთმანეთის არ ესმით, იმის შანსი, რომ ძალადობრივი ფაქტი მოხდება, მაღალია.

ოდესღაც აქედან ძალიან შორს, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით რომ ვიყავი გადაკარგული, სკოლიდან სახლისკენ მიმავალს რამდენიმე ჩქაროსნული მაგისტრალის გადაკვეთა მომიწია. უნდა აღვნიშნო, ეს მარშრუტი ფეხით სულ ორჯერ გამივლია, რადგან იმ ქვეყნის, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით რომაა, არაურბანულ დასახლებებში, განსაკუთრებით, კონსერვატიულ რაიონებში (სტერეოტიპია, მაგრამ რა ვქნა, არის ამაში სიმართლის მარცვალი) ფეხით არ დადიან. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი, ავტობანის გვერდულაზე მიმავალს ყოველი მაღალი გამავლობის ჯიპიდან თუ პიკაპიდან მძღოლები ყურადღებით რომ მომშტერებოდნენ. დიდ ნაბიჯებს სწრაფად ვადგამდი. ერთი სული მქონდა, როდის შევუხვევდი ამ დამთრგუნველი, ფართო გზატკეცილიდან ჩემს პატარა, მშვიდ ქუჩაზე. ერთ-ერთ გზაჯვარედინს რომ მივუახლოვდი უსაფრთხოების მიზნით, აქეთ-იქით მიმოვიხედე და ქუჩის გადაკვეთა თავდაჯერებულმა, მშვიდად დავიწყე. გზის ორად გამყოფ გაზონზე ჯერ ფეხიც არ შემედგა, რომ წინ, მეორე სავალ ნაწილზე მანქანამ ჩაიქროლა. ალბათ ბევრი თქვენგანი და მათ შორის, მეც ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს დაინახავდა. მანქანამ თავისუფალ გზაზე გაიარა. უეცრად შევამჩნიე, ქალბატონ მძღოლს ჩემი დანახვისთანავე სახეზე უსაშველო შეწუხება დაეხატა. შეშფოთებისგან ქვედაყბაჩამოვარდნილ პირზე მარცხენა ხელი აიფარა და ბოდიშების მოხდა დამიწყო, თან შიგადაშიგ გულზე ხელს იდებდა, თითქოს დანაშაულის გრძნობას ამით გამოხატავდა. მე საპასუხოდ რა რეაქცია მქონდა, არ მახსოვს. მგონი, საერთოდაც არაფერი გამომიხატავს, ღრმად გაკვირვებულმა გზა ჩვეული ტემპით განვაგრძე. მაშინ დავფიქრდი ქართველ მძღოლებზე და იმაზე, თუ მსგავს შემთხვევაში ისინი რას გააკეთებდნენ. ფარულად ვწუხდი. დავბრუნდი და ახლაც ვწუხვარ. ყოველ დღე ვწუხვარ. დღესაც არ დამანება თავი ამ წუხილმა და შუქნიშნიან ზებრაზე მშვიდად გადასვლისას გვერდიდან შავი მერსედესი სიგნალით მომადგა.

ადამიანისადმი პატივისცემა კიდევ იცით რაში გამოიხატება? სკოლის ყვითელი ავტობუსის გაჩერებისას, რვაზოლიან ავტო მაგისტრალზე მოძრაობა რომ წყდება. ვაითუ, მოსწავლეს გზის გადაკვეთა მოუწიოს.

ურთიერთპატივისცემის შედეგი უნდა იყოს ისიც, მთელი წლის განმავლობაში სკოლის მოზარდებს შორის ერთი წაკინკლავება რომ არ მოხდება.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ხშირად ზღვარის გავლება ძალიან მიჭირს. საინტერესოა რეალურად, რაში მდგომარეობს განსხვავებები. მახსოვს დილა, როცა ამ ყველაფრით გახარებულ-გაკვირვებულმა, ჯერ კიდევ იქ, ცხრა მთასა და ზღვას იქით მყოფმა აღმოვაჩინე, რომ სრულიად სხვა ქვეყანაში გავიღვიძე. ვიცოდი, რომ იქ აღარ ვცხოვრობდი, სადაც წუხელ. სახელმწიფოს ახალი მმართველი ჰყავდა. მმართველი, რომლის ქვეყნის სათავეში წარმოდგენასაც კი მანამ არასოდეს დავუშვებდი. იმ დილას ჩემთვის ბევრი რამ დაინგრა, ჩამოიშალა, გაუფასურდა. სევდა, იმედგაცრუება, უკმაყოფილება... ვინ დათვლის ერთდროულად თავი რამდენმა ემოციამ მოიყარა ჩემში. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნუთუ ის ღირებულებები, რომელთა გამოც შენ ეს ქვეყანა შეიყვარე და ცხრა მთასა და ცხრა ზღვას აქეთ მდებარე საქართველოსთან ერთად მეორე სამშობლოდ გაიხადე, ყალბი აღმოჩნდა? ნუთუ ხალხმა, რომლებშიც ყველაზე მეტად ერთმანეთისადმი პატივისცემას აფასებდი, საკუთარ ლიდერად ქსენოფობი, მჩაგვრელი, განსხვავებულთა მოძულე ლიდერი აირჩია?

შემდეგ მომხდარის გამართლება დავიწყე. თითქოს თავი ვაიძულე, რეალობა მიმეღო. ბევრი არგუმენტი თავად შევქმენი, ბევრიც, თავზე მოხვეული, საკმაოდ ხელსაყრელად გამოვიყენე.  დიდი დრო დამჭირდა, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ყველაფერი სინამდვილეში ისე მარტივად არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, რომ იმ ქვეყანაში განსხვავებული საარჩევნო სისტემაა და რომ მას ვისი გაპრეზიდენტებაც ასე ძალიან მეწყინა, არჩევნებში ხალხის მისდამი სიყვარულის გამო არ გაუმარჯვია. მოკლედ, მინდოდა მეფიქრა, რომ ის ადამიანი თვისობრივად სულაც არ წარმოადგენდა იმ ქვეყანას, რომელსაც ოფიციალურად წარმოადგენდა. საკუთარი თავის დამუშავებამ ცოტა არ იყოს, გამათავისუფლა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა.

ახლა საქართველოში ვზივარ და მსგავს ფსიქოლოგიურ პროცესს გავდივარ, ოღონდ ამჯერად აქაურ სოციო-პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებისას. ხშირად ვკითხულობ სტატიებს, თუ როგორი უსაფრთხო ქვეყანა გვაქვს, რომ რეგიონში დემოკრატიის ხარისხით გამოვირჩევით, რომ აქ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტია და ა.შ. ერთ წამს რაღაცნაირად მიხარია და ჩემში კმაყოფილების გრძნობას იწვევს სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა დადებითი გამოხმაურებები ჩემს სამშობლოზე, მეორე წამს კი სირცხვილის გრძნობა მეუფლება და კონფორმიზმისთვის საკუთარ თავს ვსაყვედურობ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან  ჩამოვედი და აქაც ჩემი საკუთარი რეალობის შექმნას ვცდილობ. რეალობისა, რომელიც, ზედაპირულ დონეზე მაინც, კომპორტს მიქმნის.

დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე უამრავი პრობლემა დგას. ბოლო დროს ნარკოპოლიტიკასთან, სასამართლო და პოლიციურ სისტემასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით ემოციური იყო. ფაქტია, ტოტალიტარული სისტემისთვის დამახასიათებელი სახელმწიფოებრივი მეთოდები, არც ერთ მოქალაქეს მოსწონს. დღევანდელ შეუწყნარებელ მიდგომებს თითქოს ყველა უარყოფითად აფასებს. თუმცა ფაქტია, ეს მიდგომები წლებია ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. წლებია ამ ყველაფერს ვეგუებით, არ ვსაუბრობთ, პროტესტს არ გამოვხატავთ. ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას მხოლოდ პატარა ჯგუფებს ვანდობთ.

თუკი აქ დამკვიდრებულ რეჟიმთან საზოგადოების უმრავლესობა წინააღმდეგობაში მოდის, თუკი ხალხი ამგვარ ქვეყანაში ცხოვრებას არ იმსახურებს, მაშ რატომ შევქმენით ასეთი რეჟიმი, თუ შევქმენით და არ მოგვეწონა, შემდეგ მის შესაცვლელად საკმარისად რატომ არ ვიბრძოლეთ?

კონფორმიზმი აქ. კონფორმიზმი ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით.

იმედგაცრუება აქ. იმედგაცრუება იქ.

მაშ სადაა ზღვარი? ან განსხვავებები რაღაში მდგომარეობს? 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1420 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი