გორში დაბადებული ბოტანიკოსი, ვის სახელსაც ინსტიტუტი ატარებს

იანვარი 31 2018

იმ ცნობილ ქართველებს შორის, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში დაიბადნენ, ერთ-ერთი ნიკოლოზ კეცხოველია. ის 1897 წლის 26 დეკემბერს სოფელ ტყვიავში დაიბადა. მის სახელს გორში, სადგურის დასახლებაში მდებარე მთავარი ქუჩა ატარებს.

ვინ იყო ნიკოლოზ კეცხოველი? 

ნიკოლოზი იყო ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. იგი იყო საქართველოში ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

რა ვიცით მისი მიღწევების შესახებ? 

1937 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარე, თსუ-ის რექტორი 1945 -1952 წლებში.

1963 წლიდან გარდაცვალებამდე ნიკო კეცხოველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ეს ინსტიტუტი დღემდე მის სახელს ატარებს. ნიკო კეცხოველის კალამს უმარავი ლიტერატურული ნარკვევი, ნოველა და მოთხრობა ეკუთვნის, მაგ: „თოვლიან მთებში, „ცხრათვალა მზის ქვეშ,“ „მორბის არაგვი არაგვიანი,“ „არსაიდან მოვდივარ“ და სხვა.

ცოტა რამ მისი ბრძოლის შესახებ: 

ნიკო კეცხოველს დიდი დამსახურება აქვს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე. ჯერ კიდევ 1921 წლის თებერვალში იგი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა მანამდე საზოგადო მოღვაწეობა ბევრად ადრე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ 1919 წელს გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის, ნიკო კეცხოველი „თეთრი გიორგის“ ჯვრით დაჯილდოვდა.

1924 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. იგი ასევე იყო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი. 

1924 წელს საქართველოს სსრკ ე.წ „საგანგებო კომისიის“ მიერ იქნა დაპატიმრებული. მოგვიანებით, 1941-42 წლებში სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად თანაუგრძნობდა ფარულ პატრიოტულ ორგანიზაციას „სამნი.“
 

მისი ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 

1980 - თბილისის საპატიო მოქალაქე

1979 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

1975 - საკავშირო საზოგადოების "ცოდნა" პრემია

1975 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია

1974 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

1970 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

1960 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, პუბლიცისტური მოღვაწეობისათვის

1945 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

1939 - სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა (მცირე ოქროს მედალი)

შრომის წითელი დროშის ორდენი

ლენინის ორდენი

საპატიო ნიშნის ორდენი

 

ნიკო კეცხოველი 1982 წლის 26 დეკემბერს, 82 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი