Print this page

სენტიმენტები პროფესიიდან

წერილები Written by  ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018 14:52 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

2008 წლის ომი ახალი დასრულებული იყო,  ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობა რომ დავიწყე. პირველი ეტაპი ომით დაზარალებულ სოფლებში ჩასვლა და კონფლიქტის შედეგებზე  მასალის მომზადება იყო.

უკვე ვიცოდი, რას ნიშნავდა ომი. ვიცოდი, რადგან ბომბებისა და მინების მსხვრევის ხმა ახლაც ხშირად ჩამესმის ყურში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ფოიერვერკისა და საახალწლო ასაფეთქებლების ხმაზეც კი ვკრთებოდი და დამალვას ვცდილობდი. სიტყვა - ომი - კარგად მქონდა გაცნობიერებული, თუმცა უცხო იყო, თუ რა და როგორი იყო ომით დაზარალებულის ხვედრი. სწორედ მუშაობის პროცესში გავერკვიე იმ ადამიანების ყოფით მდგომარეობაში, ვინც ეს აგრესია საკუთარ თავზე იწვნია - გავეცანი ოჯახებს, რომლებსაც სახლები დაენგრათ, ნივთები დაეწვათ და ყოველგვარ მატერიალურ სიკეთესთან ერთად, მორალურიც თითქმის დაეკარგათ. თუმცა ეს კიდევ არ ყოფილა მთავარი. ის ოჯახები საოკუპაციო ხაზთან დარჩენისა და წლების განმავლობაში ნაშრომის ნანგრევების ყურების მიუხედავად, საკუთარი სოფლების ჰაერს მაინც სუნთქავენ. ბევრად რთული ყოფილა დევნილის ცხოვრება. მანამდე თუ უბრალოდ გაგონილი მქონდა სიტყვა „დევნილი“ და კარგად არც კი ვიცოდი რას მოიცავდა, ახლა ესეც ვისწავლე.

 უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, პირველად 2008 წლის სექტემბერში ვნახე - ახლობელს საკუთარი ნათესავის მოსანახულებლად "ახალ ბაღის“ტერიტორიაზე გავყევი და უზარმაზარი კარვების რიგებში დავიკარგე. გაჭირვებით ვიპოვეთ ვისაც ვეძებდით. იმ გარემომ ბევრ რამეზე დამაფიქრა და რაღაცების დაფასება მასწავლა.

შემდეგ იყო კოტეჯები. ჯერ წმინდაწყლის დასახლებაში, შემდეგ კი, ვერხვებზე. გერმანიიდან ჩამოსულ დელეგაციას, მე და ჩემი ოპერატორი, ვერხვების მთაზე მაშინ გავყევით, როდესაც სპეციალისტები ჯერ კიდევ მიწის ანალიზზე მუშაობდნენ. გაოგნებული დავრჩი, რადგან ვერ წარმომედგინა იმ  მთაზე,  სადაც არანორმალურად ქროდა ქარი და ქალაქთანაც არაფერი ჰქონდა საერთო, რა უნდა აეშენებინათ?! სულ მალე, გამიქარწყლა ეჭვები, რადგან იქ უზარმაზარი დასახლება გაჩნდა.

ვერხვების დევნილთა დასახლებაში  არაერთხელ მისვლისა და სიუჟეტის გაკეთების მიუხედავად, გზები ვერ დავიმახსოვრე და დღესაც ვიკარგები. მაშინ არ ვიცოდი, რომ ამ დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი ჩემთვის ძალიან საყვარელი გახდებოდა და მათთნ სტუმრობა ყოველთვის დიდ სიხარულს მომგვრიდა. გორში მათ ბევრი ადამიანი იცნობს და დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ძალიან უყვართ - ოქროპირიძეები  ჯერ - ცხინვალიდან, შემდეგ კი სოფელ დისევიდან არიან დევნილები. მეგობრისგან გაცნობილებთან უკვე მეათე წელი ვმეგობრობ. ჯერ ტყუპ დებს დავუახლოვდი. შემდეგ კი მათ და-ძმას. ამ წლების განმავლობაში არცერთი პერიოდი არ მქონია  გოგონების  თანადგომის გარეშე. ისინი არიან სუფთა, უღალატო და ერთგული ადამიანები, რომლებიც არც ლხინის დროს დაგივიწყებენ და რთული დღეებიც არაფრით გამოეპარებათ.  

ძალიან დიდი დარტყმა მივიღე 5 წლის წინ, როდესაც პირველი შვილი დავკარგე. მაშინ მეგონა, რომ ცხოვრება თავზე ჩამომენგრა. საავადმყოფოში ვიწექი, სასოწარკვეთილი და მომავალზე ფიქრიც კი არ შემეძლო. მეგონა, მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ ეს ყველაფერი და მხოლოდ ისინი განიცდიდნენ ჩემთან ერთად, თუმცა, შევცდი. ნარკოზიდან ახალი გამოსული ვიყავი,   პალატის კარი რომ გაიღო და ჯერ ერთი ტყუპი შემოვიდა, შემდეგ კი, მეორე. გავგიჟდი ეკას და მაკას დანახვაზე. სიხარულით ვტიროდი თუ მწუხარებით აღარ მახსოვს, მაგრამ მათმა იქ დანახვამ გული გამითბო. იმის შემდეგ ბევრი კარგი რამ მოხდა. მე დღეს უკვე ორი არაჩვეულებრივი პრინცესას დედა ვარ. ერთი მეორის მიყოლებით დაოჯახდნენ   ჩემი მეგობარი ტყუპებიც  და უსაყვარლეს ვაჟკაცებს უზრდიან სამშობლოს.  მათი და, ნინო კი არის ადამიანი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ჩემზე. უბრალოდ ვგიჟდები ამ გოგოზე. ვგიჯდები, მის შემართებაზე, ცხოვრებისეულ ხედვებზე. არაჩვეულებრივი ადამიანია და დღეს ბევრი კარგი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, სწორედ მისი  დამსახურებაა.

 

წერილის დასასრულს, მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო, და ყველა დევნილს გამძლეობა და უსაყვარლეს ტერიტორიაზე დაბრუნება ვუსურვო. 

 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1507 times Last modified on ოთხშაბათი, 07 მარტი 2018 12:08