ველოსიპედი, როგორც ცხოვრების ტრანსფორმატორი

წერილები Written by  ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018 08:27 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი

გასული წლის აგვისტოს ერთ უწყინარ საღამოს, იტალიის ალპების ერთ-ერთი მოზრდილი გორაკიდან კარგად მორყეული ველოსიპედით მოვქროდი და ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, პირველი ქართველი ვყოფილიყავი, ვინც ალტო ადიჯეს რეგიონში ალპებიდან ველოსიპედით დაეშვა.

ფორსირებულ რეჟიმში მყოფმა, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ ათიოდ წუთში ცენტრალურ გზას ავცდებოდი და გორაკზე შეფენილ ნაძვნარში მომიწევდა მთავარი გზის მოძებნა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ალპებიდან დაშვება მეორედ, ამჯერად უკვე Colle-ს ფერდობებიდან მეცადა.

ორივე ჯერზე დანიშნულების ადგილემდე ველოსიპედი საბაგიროთი ავიყვანე, იქიდან კი უპასუხისმგებლოდ მივენდე გრავიტაციას, რომელიც მთის მწვერვალიდან ქალაქ ბოლძანოსკენ დაუზოგავად მომაქანებდა.

არ ვიცი, რამდენად ვარ პირველი ქართველი, ვინც ველოსიპედით ორჯერ ალპებიდან დაეშვა, მაგრამ ეჭვი მაქვს, არც ერთ ჩვენს თანამემაულეს არ ექნება სამხრეთ ტიროლი შემოვლილი ველოსიპედით.

რაკიღა შევთანხმდით, რომ აღნიშნულ ნომინაციებში ოსკარი მე მეკუთვნის, რადგან მატიანეს  ანალოგიური თავგადასავლი არ შემოუნახავს, ახლა იმას გეტყვით, რატომაა ველოსიპედი და მასთან დაკავშირებული ისტორიები ჩემთვის აგრე რიგად მნიშვნელოვანი.

ნაცნობ-მეგობრებს კი მოეხსენება ჩემი სენტიმენტალური ხასიათის შესახებ. საკმარისია, რაიმე ისე ვერ აეწყოს, მაშინვე საშინელი განწყობა მიპყრობს.

იტალიურ აკლიმატიზაციასთან უშეღავათო ბრძოლის დრო იდგა, როდესაც მიმღებმა ორგანიზაციამ ძველი ველოსიპედი მათხოვა: აქ ყველა ,,ბიჩიკლეტათი“ მოძრაობს და ჰა, შენც იარეო. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ერთ კვირაში საინტერესო ველო მარშრუტი დავგეგმე. ტბა ,,კალდარო“ პროვინციის ბოლოშია და იქამდე კაი 40 კ.მ აღმართებიანი გზაა გასავლელი. სტარტი დილის 7 - ზე ავიღე. ქალაქს გავცდი და ერთხანს ცენტრალურ გზაზე ვიარე - გზაზე, რომელიც იტალიის ჩრდილოეთ ნაწილს ავსტრიასთან და ქვეყნის სამხრეთ ნაწილთან აკავშირებს.

ამ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ ,,კალდარომდე გზა ველობილიკითაც მიდიოდა, რომელიც პროვინციის სამხრეთ-აღმოსვლეთით, ალპების კალთებს მიუყვებოდა და ჩემგან უკვე საკმაო მანძილით იყო დაშორებული.

ცოტა ხანში ცენტლაური გზა, ჩვეულებრივმა შიდა მოხმარების გზამ შეცვალა, რომელიც იტალიურ კომუნებს კვეთდა. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ამ ქვეყნის სასოფლო ტიპის დასახლებებთან. შესვენების დროს, გზის პირას ბაღიდან ვაშლი მოვწყვიტე და გემრიელად შევექეცი.

ამ დროს ეზოდან ხანში შესული გერმანული იერის კაცი გამოვიდა და ჩემკენ დაიძრა. ვაშლის გადაგდებას აზრი არ ქონდა. ისედაც დამინახა, ამიტომ ჭამა განვაგრძე და ველოსიპედს მიყრდნობილი სასჯელის აღსრულებას დაველოდე.

ეზოდან გამოსული ბატონი, გზის მეორე მხრიდან იტალიურად მომესალმა, მომიახლოვდა და მკითხა, მომწონდა თუ არა ხილი, რომელსაც მივირთმევდი?! არ დავიბენი და დამტვრეული იტალიურით, საოცარი ქება-დიდება გამოვხატე  ვაშლის მიმართ, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ბოლომდე ვშთანთქე, ხელიდან არ გამიგდია, ემანდ, ცუდად არ ენიშნოს-მეთქი.

ეს კაცი მართლაც გერმანული წარმოშობის იყო, და ჩემდა გასაკვირად, საქართველოს შესახებაც ბევრი იცოდა. დაუსჯელობით გათამამებულმა ინგლისურ-იტალიურად ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა მისი ,,ეზო-კარის“ მონახულება. ვიფიქრე, ეს კაცი ღმერთებმა სწორედ ადგილობრივი კულტურის გასაცნობად გამოიყვანეს საკუთარი ეზოდან, თორემ რა საერთო შეიძლება მქონდეს იტალიურ სოფელში მცხოვრებ გერმანელთან წილხვედრიდან ჩამოსულ დასტრესილ ბაღანეს- მეთქი.

მაგ დღეს პირველად ვნახე, როგორ მიაბოტებდა თავისი უზარმაზარი ფეხებით გერმანელი პაპა ერთ ზომაზე გაკრეჭილ გაზონზე. როგორც ჩანს, სულაც ფეხებზე ეკიდა დაიქელებოდა თუ არა საგანგებოდ დავარცხნილი ბალახი. როცა ვკითხე, მიპასუხა ბალახი იმისთვისაა, რომ მასზე სიარულით სიამოვნება მივიღოთო. არადა, პოსტსაბჭოთა კულტურაში, ხშირად შეიძლება გაგვკიცხონ კიდეც თუ საჯარო სივრცეებში ბალახზე გავივლით.

გარდა კარგად მოვლილი ადგილებისა, რომელსაც ფანჩატური და უამრავი ყვავილი უფრო მუზეუმის იერს სძენდა, ვიდრე - სახლის, სხვა არაფერი მინახავს. სარდაფში ხის კასრები და პლასტსმაის პატარა ყუთები ელაგა, როგორც გავიგე ყუთები გათვლილი იყო ვაშლისთვის, კასრები კი  ყურძნისთვის.

გერმანელ პაპას გამოვეთხოვე და გეზი ,,კალდაროსკენ“ ავიღე. დასვენებულმა ტბამდე მალევე მივაღწიე. ველიკი დავაპარკინგე და გემრიელ დასვენებას შევუდექი.

კალდარო, ალტო ადიჯეს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. ტბა, რომელიც ვენახებითაა გარშემორტყმული, ელიტურ დასასვენებელ ადგილად ითვლება. შესაბამისად, სანაპიროზე ჩასვლა ფასიანია, ამიტომ მხოლოდ ზემოდან შემეძლო ,,კალდაროს“ პეიზაჟებით ტკბობა. ვისვენებდი ტბის ზემოთ გადასახედ აივანთან და სასიამოვნოდ გაოცებული ვუყურებდი ველოსიპედებით სასეირნოდ გამოსულ სხვადსხვა ასაკის ცოლ-ქმარს - შვილებთან, მოხუც მშობლებთან და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ამასობაში მზე უკვე გვარიანად გაიხარა დასავლეთისკენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ,,კალდაროს“ უნდა გამოვთხოვებოდი და გეზი ბოლძანოსკენ ამეღო, სადაც ჩემი ახალი სახლი მელოდა. ხუთი წუთის შედეგ, კალდაროს ვენახებთან აბრა დავლანდე, რომელსაც Bolzano ეწერა. სწორედ ეს იყო ველობილიკი, რომელსაც ჩემი ქალაქისკემივყავდი.

ნაცვლად 4 საათისა ბოლძანომდე 1 საათი დამჭირდა. ეს იყო მოგზაურობა, რომელმაც ბოლო მოუღო ახალ კულტურასთან ადაპტირების პროცესს. ამის შემდეგ ვცხოვრობდი ტკბილად და ბედნიერად, რომელსაც თან სდევდა მადლიერების გრძნობა ლეონარდო დავინჩის მიმართ, ვინც სხვა გენიალურ ქმნილებებთან ერთად, იტალიაში ველოსიპედის პირველ გამომგონებლადაც ითვლება, რადგან ლეონარდოს 1493 წლითდათარიღებულნახატში, საჭისადაჯაჭვურიგადაცემებისმქონეორთვლიანიმექანიზმიაგამოსახული.

პოსტით კი შევეცადე, ხაზი გამესვა ველოსიპედის უნიკალური შესაძლებლობებისთვის, რომელიც  ჩემი და ინგლისელი მოსახლეობის 70 პროცენტის აზრით, 1800 წლიდან დღემდე  გამოგონებულ ტექნოლოგიებს შორის ყველაზე უნიკალურია.

რაც შეეხება პირად დამოკიდებულებას, ,,ბიჩიკლეტა“ (იტ: Bici/ველო) ჩემთვის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება როდია. პოსტს დავასრულებ ციტატით, მეგობრისთვის მიწერილი მესიჯიდან: ველოსიპედს ნამდვილად შეუძლია სოციუმის მენტალურად გარდაქმნა!

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1398 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი