დიდი მანდატურთუხუცესი

წერილები Written by  პარასკევი, 02 თებერვალი 2018 07:13 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მაია ბოლაშვილი

(ციკლიდან: რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, ანუ ჩვენი დიდი მასწავლებლები)

გასული საუკუნის 80-იანი წლებია. ვიდეო ახალი შემოსულია სსრკ-ში და თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანს თუ აქვს ოჯახში. მხოლოდ ორადორი ფილმის კასეტა დადის აქეთ-იქით: "ჩორნაია ემანუელა" და "ნათლია". მაშინ უნივერსიტეტში ლექციები დილის 8:30 წთ-ზე გვეწყებოდა.

ზამთარია, ძალიან ცივა. პირველი სემესტრის მიწურულია და სესიებიც მალე დაგვეწყება. ლექციებზე სიარული უკვე ძაან გვეზარება, მითუმეტეს პოლიტეკონომიის, ათეიზმის და ა.შ. თუმცა იმ დღეს ცოტა ადრეც კი მივედი. ფოიეში ჩემი ორი ჯგუფელი მხვდება და ერთი მეუბნება: წამო რა, ჩემთან, ყველა სამსახურშია, ხო იცი ჩვენები. გუშინ მამაჩემმა "ნათლიის" პირველი კასეტა და''ემანუელა" მოიტანა, ''ემანუელა'' დამალა, მაგრამ არ გინდა "ნათლიას"ვუყუროთ და თან ვიჭორაოთ? რა გინდა პოლიტეკონომიაზე?" არც მიფიქრია ისე დავთანხმდი და მეხუთე კორპუსის წინ მდგარ 8 ნომერ ტროლეიბუსში ავვარდით. ის-ის იყო მძღოლს მაშინდელი საბჭოთა სტუდენტის ''პრაიზნოი" (სტიპენდიიდან 3 მანეთი და 50 კაპიკი რომ გვექვითებოდა) გავუწოდე და ცარიელი სკამები შევათვალიერე, რომ ტროლეიბუსის ბოლოში, განაპირა სკამზე, ფანჯარასთან მჯდომი, ქალბატონი რუსუდან ნაოჭაშვილიც (ნაოჭა) შევნიშნე.ზის და მიყურებს, თავისი განუყრელი შავი კარაკულის საყელოიანი პალტო აცვია და თავზეც ასევე კარაკულის ნაცრისფერი, (ბავშვები ფაფახს რომ ვეძახდით) ქუდი ახურავს. უნებლიედ, ხელი "ჩოლკისკენ" წავიღე და შებლზე გადაწევას შევეცადე, მერე მისკენ გავემართე და ღიმილით მოვიკითხე: 

- დილა მშვიდობის, როგორ ბრძანდებით, ქალბატონო რუსუდან? (სტუდენტი ვარ და მგონია, რომ უფლება მაქვს ქალბატონოთი მივმართო და არა "რუსუდან მასწით"). 

- მე კი კარგადა ვარ, მარა შენ ამ დილას (თან მაჯის საათს დაჰყურებს) ტროლეიბუსში რა გინდა? ლექციაზე რატომ არა ხარ? თუ დაიყენე უკვე არდადეგები?. სკოლას ეცი პატივი, სკოლას, რომელმაც გაგზარდა, უნივერსიტეტზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჩემი სკოლა ერთერთი პირველია მთელს რესპუბლიკაში და მერე რა რომ მოსწავლეები აღარა ხართ? თქვენი ვალია გახსოვდეთ და უმსგავსი საქციელით არ უნდა შეგვარცხვინოთ.

ისევ ისე დავხარე თავი, ისევ ისე გადამკრა და გადმომკრა ჭარხლის ფერმა როგორც მაშინ, იქ ჩვენი პირველი სკოლის, -"განუყრელი დღესასწაულის",- ეზოში, დასვენებაზე, მეათე კლასელი გოგო-ბიჭები ნაწუწავებ_ დალორთხილები რომ ავედით ისტორიის გაკვეთილზე, ერთად რომ დაგვამწკრივა, მშობლებს დაურეკა და გამოუცხადა, - ვრიცხავ სკოლიდან ამათ ყველას ერთად, ფანტანზე წავიდნენ და იქ იწუწაონო.

- გაიგე, ბოლაშვილო? ეხლა მე უნდა ჩავიდე და აბა, შენ იცი, კარგად დაიმახსოვრე, რაც გითხარი....

ვდგავარ და ვფიქრობ: რა ვქნა? თან ძაან მინდა ფილმი და გოგოებიც არ მეთმობა და თან სინდისი მქენჯნის, დედაჩემის სიტყვები მესმის ყურში: "უფროსმა რაც უნდა გითხრას, სულაც რომ სტყუოდეს, უნდა დაუჯერო".

გაჩერდა ტროლეიბუსი, გოგოებს ვუთხარი ვერ წამოვალ-მეთქი, საწინააღმდეგო მხარეს გადავედი და მეხუთე კორპუსში დასაბრუნებლად ისევ 8 ნომერ ტროლეიბუსში გადავჯექი.

აბა, რა მექნა? ერთი პროვინციელი, მშობლების და მასწავლებლების დამჯერი, წესიერი გოგო ვიყავი და რა უნდა მექნა?

P.S. ახლა ძალიან ხშირად ვამბობ: ყველაზე დიდი მანდატური რუსუდან ნაოჭაშვილი იყო-მეთქი და ყოველთვის უდიდესი სიამაყით და ღრმა პატივისცემით მახსენდება. განსაკუთრებით, ჩემს სტუდენტებთან ურთიერთობისას, ეს მართლაც ლეგენდარული, სულმნათი, უკეთილშობილესი, აიაზმასავით ანკარა და თითოეული ბავშვისთვის უანგაროდ თავდადებული დიდი ქალბატონი_მსოფლიოში ყველაზე კეთილი მანდატურთუხუცესი.

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

 

 

Read 1443 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი