mukilurji640X90

გორი, როგორც ჭიდაობის მექა

გაიხსენე ისტორია Written by  ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018 07:59 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჭიდაობა სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა გორში - ამ მოცემულობას თავისი ლოგიკური და ისტორიული საფუძველი აქვს.

ერთ-ერთი, რითიც გორს იცნობენ, იმ ჩემპიონთა გვარ-სახელებია, რომლებმაც სხვადასხვა დროს წარმატებით იასპარეზეს.

პირველი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში გორელი ანზორ ქიბროწაშვილია. მან ტიტული 1962 წელს მოიპოვა.

პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში გორელი შოთა ჩოჩიშვილია. მან ტიტული 1972 წელს მოიპოვა.

პირველი მსოფლიო ჩემპიონი კრივში გორელი გიორგი კანდელაკია. პირველი საპრიზო ადგილი მსოფლიო ჩემპინატზე მან 1997 წელს დაიკავა.

დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი სპორტსმენი, ვინც ოლიმპიური ოქრო მოიგო გორელი ლაშა შავდათუაშვილია. ის ოლიმპიური ჩემპიონი 20 წლის ასაკში, 2012 წელს გახდა.

ხშირად ამბობენ, რომ გორი ჭიდაობის მექაა. ამ მოსაზრებას ისტორიული საფუძვლებიც აქვს.

"ჭიდაობა ჩვენში მეცნიერებათ არის ნაქცევი. თითო ისეთს მოჭიდავეს ნახავთ, რომ სულ საოცრებიდან გამოგიყვანთ”, - დაუწერია სოფელ მერეთში დაბადებულ მწერალ და საზოგადო მოღვაძე ანტონ ფურცელაძეს თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში „გორის უეზდიდან“.

ჩანაწერებს გორელი მოჭიდავეების შესახებ ძველ პრესაშიც ვხვდებით. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნეში აქტიურად წერდნენ სოფელ ფხვენიშში დაბადებულ ვასილ ლაღიძეზე.

"ისეთი ზორბა ვინმეა, ისეთი გულმკერდის პატრონი და ისეთის თამამის, გამბედაობის შეხედულებით გამოდის მოედანზე, რომ გგონია შესჭამს თავის მოპირდაპირესო. გლდანელისა და ღოღაძის ჭიდაობა ისეთ საბაასო და საჯიბრო რამედ შეიქმნა, რომ ესრედ წოდებულ "აღმოსავლეთის საქმეს" დაემსგავსა და ლამის საბისმარკოდაც გახდა".

ჟურნალისტური ჩანაწერების კვალდაკვალ, გორის სოფლებში გამართულ ჭიდაობებზე ხალხური ლექსებიც იქმნებოდა.

"სკრაშია დიდი ყრილობა მუხლმაგარ ჩოხოსნებისა, ატენელებიც აქა ვართ, აბა რაღა ვთქვა სხვებისა. მოჭიდავეთა სოფელი, აქ სოფელს ეჯიბრებისა".

ხშირად აღნიშნავენ, რომ ქართულ ჭიდაობაზე საუბარი შერთულში დაბადებული ლუკა დადიანიძის ხსენების გარეშე არასწორია. ლუკა პირველი მწვრთნელი იყო, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველ მოჭიდავეთა გუნდი წაიყვანა ევროპაში საჭიდაოდ.

გორელი იყო მიხეილ ხერხეულიძეც - მისი მოღვაწეობა 1928 წელს სწორედ გორიდან დაიწყო. ის სათავეში ედგა ქართული ჭიდაობის ფედერაციას და მსაჯთა ამქარს მთელ საქართველოში.

ქართულ ჭიდაობას ჰყავდა ორი გამოჩენილი რექტორი ნიკო კეცხოველი და გიორგი ხარაული. ორივე მათგანი გორელი იყო და ქართული ჭიდაობის განვითარებას ცდილობდა.

moWidaveeebiiii

 

ამ საკითხზე საუბრისას, გასახსენებელია გიგლა ალექსიძე - მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში ის "ახალ ბაღში" პირველი ჭიდაობის დარბაზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად აწყობდა ტურნირებს.

ცნობილია ერთი ისტორია: 1974 წელს, ომის შემდეგ გორში ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი მწერალი ჯონ სტეინბეკი და ცნობილი ფოტოგრაფი რობერტ კაპა ჩამოვიდნენ. ისინი გორის ბაღში სრულიად შემთხვევით ქართული ჭიდაობის მორიგ შეჯიბრებას დაესწრნენ. სტეინბეკმა დიდებულად აღწერა სცენები, ხოლო კაპამ ოცამდე დაუვიწყარი ფოტო გადაიღო.

დღეს გორში მრავლად ნახავთ ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად ვარჯიშობენ. ამბობენ, რომ ასეთი რეალობის შექმნა დიდწილად გორსა და გორის სოფლებში დაბადებული მოჭიდავეების დამსახურებაა.

გორში დაბადებული ჭიდაობის ძველი ოსტატების არასრული სია:

ლექსო ბუთხუზი, შაქრო წიწიკაშვილი, ანზორ ბაზერაშვილი, მენა სვენელი, მიხეილ და იასონ ბერელაშვილები, სანდრო ნაკაშაშვილი, გოგია და ვანო გურასპაშვილები, ალექსი კაპანაძე, კოტე ქარსელაძე, გიგო მსუქნიშვილი, ვახტანგ სიმონიშვილი, გიორგი დოთიაშვილი, ირაკლი ოქროპირიძე, რუბენ ჯანეზაშვილი, მორდეხ მამისთვალოვი, შაქრო მერაბაშვილი, სოგრა ტატიაშვილი, მიხაკო გორელი, საბა გუნდიშვილი, შურა სამადალაშვილი, ოთარ აბუაშვილი, გოგი ლოცულაშვილი, აბრამ წკრიალაშვილი, ვახტანგ ნასყიდაშვილი, იასონ ტიელაძე, გიგუცა შავარდენიძე, ალექსანდრე შახნაზაროვი, იაკობ მდინარაძე, ვანო ტლაშაძე, კულა გოგლიძე, არტაშ მიხანაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ვასო გოგლიძე, მიხა ხახუტაშვილი, გიგუცა კალატოზი, გენო ყაზარაშვილი.

 

მასალა მომზადებულია სტატიაზე "გორელი ფალავნების წარმატების სათავე" დაყრდნობით

Read 241 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი