ცოტა რამ თაობათა შორის დამოკიდებულებებზე

წერილები Written by  შაბათი, 03 თებერვალი 2018 08:05 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნანა ტერმაკოზაშვილი

ხშირად გაგიგონიათ ან წაგიკითხავთ, ალბათ, უფროსი თაობის წარმომადგენელთაგან სინანულნარევი ფრაზები იმის შესახებ, რომ „ჩვენ დროს“ უკეთეს  განათლებას ვიღებდით, უფრო ზრდილობიანები ვიყავით, უფრო წიგნიერები, უფრო კულტურულები, უფრო... მოკლედ, უკეთესი შვილები ვიყავით. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ თუ ვკამათობ,  ბევრჯერ, უბრალოდ, მეღიმება კამათის სურვილდაკარგულს. სინამდვილეში, თაობათა შორის განსხვავებულობა ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავია.  ეს თემა რომ „არახალია“, ამის დასტურად მე-19 საუკუნის ცნობილი „მამათა და შვილთა ბრძოლის“ გახსენებაც იკმარებდა.

უფროსი თაობის კრიტიკის საგანი ხდება ხოლმე ახალი თაობის გემოვნებისა და ჩაცმის სტილიდან დაწყებული,  ცხოვრების წესით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მათ განასხვავებს მშობლებისგან.

პირველ რიგში, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თაობათა  ცვლა არ ნიშნავს იმას, რომ ერთი თაობა ერთბაშად გადის ცხოვრების ასპარეზიდან და მის ნაცვლად „ცარიელ სცენაზე“ შემოდის ახალი თაობა. ჩვენ, რამდენიმე თაობას, ერთდროულად გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა ამა თუ იმ სფეროში.  ეს ძალიან ბუნებრივია და რაც ბუნებრივია, კარგიცაა.

რადიკალიზმი არის ის, რაც ართულებს ხოლმე ურთიერთობებს, ჩემი აზრით. ერთი მხრივ - როგორი უწიგნური  და უზრდელი თაობა მოდის და მეორე მხრივ - თქვენმა თაბამ ვერაფერი არგო ქვეყანას და ხმა არ ამოგეღებათ - დამოკიდებულება ანგრევს თაობათა შორის კეთილგანწყობას.

ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ საზოგადოების თაობებად დაყოფის სავალალო სურათს ვხატავ. სულაც არა. ახალი თაობით მოხიბლული უფროსებიც მინახავს, საბედნიეროდ, და წინა თაობით აღფრთოვანებული ახალგაზრდებიც. ასეთები არიან, ალბათ, „ძველსა და ახალს შუა შემაერთავი ხიდები“.

ჩემი დაკვირვებით და შეხედულებით,  ჩვენი შვილები ჩვენზე ნიჭიერები არიან, გაცილებით მეტ ინფორმაციას ამუშავებს მათი ტვინი ყველა მიმართულებით, გაცილებით გაბედულები, თამამები, დამოუკიდებლები და ბევრად უფრო კონკურენტუნარიანები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით.

წიგნიერებას უწუნებენ ხოლმე და ვერც მაგ პათოსს ვერ ვიზიარებ. კითხულობენ ჩვენი შვილები, იქნებ უფრო მეტსაც კი, ვიდრე ჩვენ ვკითხულობდით. უბრალოდ, ჩვენ ხშირად ვცდილობთ, ჩვენი გემოვნება მოვახვიოთ  მათ თავს. როდესაც ჩემს შვილს გოდერძი ჩოხელი, ნოდარ დუმბაძე, მარკ ტვენი გამოსაჩენ ადგილას დავუდე , მან კი „წრიპა ბიჭის დღიერების“ კითხვაში გაათენა ღამე, გული გადამიქანდა. რამე  უფრო ღირებული წაგეკითხა-მეთქი, ჩავიბურტყუნე უკმაყოფილოდ. მას კი  ამ კომიქსმა კითხვა შეაყვარა და როდესაც  ჩემთვის „მისაღებ“ ავტორებს ჩაუჯდა,  „პატარა უფლისწული“, „ანა ფრანკის დღიური“ და სხვა წიგნები ერთი მეორის მიყოლებით  წაიკითხა, მაშინღა მივხვდი, როგორ შევცდი,  გემოვნება რომ დავუწუნე. საბედნიეროდ, მოტივაციის დაკარგვას გადავრჩით ამჯერად. 

ასე რომ, არც ისეა საქმე, როგორც უფროს თაობას გვგონია-ხოლმე. თუ ჩვენი შვილები ჩვენგან განსხვავებულ მუსიკას უსმენენ, ჩვენთვის უცნობ ავტორებს კითხულობენ თუ ფილმებს უყურებენ, ნუ შეგვეშინდება. ეს ბუნებრივია. ნურც მათი ჩაცმის სტილი თუ თმის ფერი ან ვარცხნილობა გაგვაღიზიანებს. მათ მიერ გაბედულად დაფიქსირებული, ზოგჯერ რადიკალური აზრიც მოვისმინოთ და ზემოდან ირონიული გადახედვის ნაცვლად, როგორც თანასწორს, ისე ვეკამათოთ. ასეთ შემთხვევაში ისინი მეგობრებად  გვიგულებენ, რჩევასაც შეგვეკითხებიან და არ აღგვიქვამენ მუდამ მათთვის ჭკუისდამრიგებელ, მოსაწყენ, საქმეგამოლეულ უფროსებად. 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 5977 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი